როდესაც თავს ავად გრძნობენ, ვამპირი ღამურები სოციალურ დისტანციას იცავენ — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
როდესაც თავს ავად გრძნობენ, ვამპირი ღამურები სოციალურ დისტანციას იცავენ — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

დიდი ხანია, ღამურებს ცუდი რეპუტაცია აქვთ და ასე იყო COVID-19-ის გამოჩენამდეც. ეს ძლიერ მოძრავი ქმნილებები შეჯგუფებულ კოლონიებად ბინადრობენ და ვირუსების კარგად ცნობილი რეზერვუარები არიან, მათ შორის, კორონავირუსების, რომლებიც ადამიანებზეც გადადის.

თუმცა, ამ უდანაშაულო ცხოველებს ტყუილად ვერჩით. ისინი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ მცენარეების დამტვერვაში და მავნებლების განადგურებაში. როგორც ახალი კვლევა მიუთითებს, როდესაც ღამურები თავს ავად გრძნობენ, ბუნებრივად ავლენენ სოციალური დისტანცირების ქცევების საკუთარ ფორმას, ზუსტად იმ ზომის მსგავსს, რომელიც ადამიანებმა COVID-19-ის გავრცელების შესამცირებლად შემოვიღეთ.

კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა გადამცემებით მონიშნეს ველური ვამპირი ღამურების ჯგუფი ბელიზში, მესოამერიკულ ძეგლ ლამანაისთან მობინადრე კოლონიიდან; მკვლევრები რამდენიმე დღის განმავლობაში ყოველ რამდენიმე წამში აკონტროლებდნენ მათ სოციალურ შეხვედრებს. როდესაც მათ ღამურებს იმუნური სისტემის მოქმედების აღმძრავი ნივთიერება გაუკეთეს, აღმოჩნდა, რომ „ავადმყოფმა“ ღამურებმა აშკარად შეიცვალეს ქცევა და უფრო ნაკლებად სოციალურნი გახდნენ.

„ველურ ბუნებაში ვიხილეთ, რომ ვამპირი ღამურები, რომლებიც ძლიერ სოციალური ცხოველები არიან, თუ თავს ცუდად გრძნობენ ან მათი ჯგუფის რომელიმე წევრია ავად, თავს შორს იჭერენ. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამით ისინი დაავადების გავრცელებას ამცირებენ“, — ამბობს ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ღამურების მკვლევარი საიმონ რიპერგერი.

მეცნიერთა ამ ჯგუფის მიერ ჩატარებულმა წინა კვლევამ აჩვენა ისიც, რომ ტყვეობაში, ავადმყოფ ღამურების უფრო დიდხანს სძინავთ, ნაკლებად მოძრაობენ და ნაკლებ დროს უთმობენ სხვა ღამურების გასუფთავებას, უფრო ნაკლებია სოციალური მოწოდებებიც (რითაც ძირითადად მეწყვილეებს იზიდავენ). მკვლევრებმა ამას „სნეულების ქცევა“ უწოდეს.

„გვსურდა გვეხილა, ხდებოდა თუ არა ასეთი ქცევითი ცვლილება იმ ბუნებრივ გარემოშიც, სადაც ღამურები საკუთარ ბუნებრივ სოციალურ და ფიზიკურ გარემოში არიან“, — ამბობს რიპერგერი.

ღამურებს შორის სოციალური ურთიერთქმედებების შესახებ მონაცემთა შეგროვება ასევე გამოსადეგი იქნებოდა იმისთვისაც, თუ მკვლევრებს სურთ გაარკვიონ, როგორ შეუძლია სნეულების ქცევას დაავადების გავრცელების შემცირება ამ ცხოველებში, სოციალური დისტანცირების იმავე ფორმას, რომელსაც ადამიანები ვიყენებთ.

ამისათვის, მკვლევრებმა შეისწავლეს ჩვეულებრივი ვამპირი ღამურების (Desmodus rotundus) ხის ღრუში ბინადარი კოლონიის 31-ინდივიდიანი ჯგუფის მონაცემები. ეს ღამურები ლათინურ ამერიკაშია გავრცელებული.

შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ 16 მდედრ ღამურას მკვლევრებმა შეუყვანეს ნივთიერება, რომელიც მათ იმუნურ სისტემას ააქტიურებს, რამდენიმე საათის განმავლობაში თავს ავად აგრძნობინებს, მაგრამ არ იწვევს არანაირ ნამდვილ დაავადებას. დანარჩენ 15 ღამურას პლაცებოს სახით მარილწყალი გაუკეთეს.

ვიდრე „ავადმყოფ“ და ჯანმრთელ ღამურებს ხის ფუღუროში დააბრუნებდნენ, ზურგზე დაამაგრეს ციცქნა სენსორები.

სენსორებმა მკვლევრებს მთლიანი სოციალური ჯგუფის ავტომატურად თვალთვალის საშუალება მისცა.

რიპერგერისა და მისი კოლეგების მიერ შექმნილი სენსორები ყოველ ორ წამში გამოყოფდა სიგნალებს, რომლებიც 5-10 მეტრის რადიუსში სხვა ნებისმიერ სენსორს (სხვა ღამურაზე მიმაგრებულს) „აღვიძებდა“.

ასეთ დაკვირვებას მკვლევრები სამი დღის განმავლობაში აწარმოებდნენ. შეწყვილებული სიგნალის სიძლიერისა და ხანგრძლივობის მიხედვით, მეცნიერები ადგენდნენ, როდის შევიდა ორი ღამურა ერთმანეთთან ახლო კონტაქტში და რამდენი ხნით.

„ძირითადად ვაკვირდებოდით ავადმყოფი ღამურების ქცევის სამ საზომს: რამდენ ღამურას ხვდებოდნენ ისინი, ჯამში რამდენ დროს ატარებდნენ სხვებთან და რამდენად კარგად იყვნენ დაკავშირებული მთლიან სოციალურ ქსელთან“, — ამბობს ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქცევითი ეკოლოგი ჯერალდ კარტერი.

ქსელის ანალიზმა აჩვენა, რომ „ავადმყოფი“ ღამურები მართლაც ნაკლებად იყვნენ სოციალურად დაკავშირებული ფუღუროს ჯანმრთელ ბინადრებთან.

ინექციის გაკეთებიდან პირველი ექვსი საათის განმავლობაში, „ავადმყოფ“ ღამურას საშუალოდ ოთხით ნაკლები შეხვედრა ჰქონდა, ვიდრე საკონტროლო ღამურას და ნაკლებ დროს (25 წუთით ნაკლებს) ატარებდა თითოეულ პარტნიორთან ურთიერთქედებისას.

როგორც მოსალოდნელი იყო, 48 საათის შემდეგ, როდესაც პრეპარატის მოქმედებამ გაიარა და „ავადმყოფმა“ ღამურებმა თავი უკეთ იგრძნეს, ნორმალური სოციალური ქცევები ძირითადად გააგრძელეს.

„გასაოცარი იყო ასეთი აშკარა ეფექტის ხილვა. რთული სტატისტიკური ანალიზის გარეშე, პირდაპირ და მარტივად ვნახეთ, რა ხდებოდა ამ სოციალურ ქსელში“, — ამბობს რიპერგერი.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთი რამ — მკვლევრებს ღამურები ნამდვილი ვირუსით ან ბაქტერიით არ დაუინფიცირებიათ და შესაბამისად, ვერ გაზომეს ღამურების კოლონიაში ნამდვილი დაავადების გავრცელება, რასაც შესაძლოა, ღამურების ქცევაზე სხვაგვარი გავლენა მოეხდინა.

„მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ქცევის ცვლილება ასევე დამოკიდებულია პათოგენზე. ზოგიერთმა რეალურმა დაავადებამ ურთიერთქმედებები შეიძლება უფრო გააძლიეროს ან პირიქით, ღამურებს ერთმანეთისგან თავი უფრო შორს დააჭერინოს“, — ამბობს კარტერი.

აღსანიშნავია ისიც, რომ კვლევა მხოლოდ ღამურების მცირე ჯგუფში ჩატარდა და ისიც ერთ ბუდეში.

უფრო რთული იქნება ღამურების მოძრაობაზე დაკვირვება კოლონიებს შორის, თანაც თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ღამურები საკმაოდ დიდ მანძილზე გადაადგილდებიან, წელიწადში ათასობით კილომეტრზეც კი.

კვლევა ჟურნალ Behavioral Ecology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.osu.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.