პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე - საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია არ განუცხადებია, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე აუცილებელია კანონმდებლობის გამკაცრება
პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე - საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია არ განუცხადებია, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე აუცილებელია კანონმდებლობის გამკაცრება

​საქართველოს საპატრიარქოს არასოდეს აქვს თვითმიზნური დამოკიდებულება გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით, თუნდაც ისეთ არსებით საკითხზე, როგორიც არის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს საპატრიარქოს პოზიციაა, რომ დაუშვებელია ნებისმიერი კონფესიის წარმომადგენელთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა.

„საქართველოს საპატრიარქოს წინაშე საკითხი ასე არ დგას. აუცილებელია ყოველთვის ზედმიწევნითი სიზუსტით გამოიკვეთოს საპატრიარქოს პოზიცია. ეს არ არის საპატრიარქოს ინიციატივა. ეს არ არის საპატრიარქოს კანონპროექტი. საპატრიარქოს არასოდეს აქვს გარკვეული თვითმიზნური დამოკიდებულება გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით, თუნდაც ისეთ არსებით საკითხთან დაკავშირებით, როგორიც არის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. საპატრიარქოს ყოველგვარი ჩართულობა, მისი დამოკიდებულება ითვალისწინებს საერთო სიკეთეს და არამხოლოდ კონკრეტულად იმას, რაც უკავშირდება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. თუმცა, ამ საკითხზე შეიძლება მან ძალიან მკაფიოდ თქვას თავისი პოზიცია. ამ შემთხვევაში, როცა საუბარია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, საქართველოს საპატრიარქო თვლის, რომ დაუშვებელია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა არამხოლოდ მართლმადიდებლების, არამხოლოდ იმ ადამიანების, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს შეადგენენ. იქნება ეს იუდაური თემი, მუსლიმური თემი, სომხური სამოციქულო ეკლესია, ბაპტისტური თემი, თუ ნებისმიერი სხვა რელიგიური აღმსარებლობა, საქართველოს საპატრიარქოს აქვს ერთმნიშვნელოვანი პოზიცია, რომ დაუშვებელია სხვისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა“, – განაცხადა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს საპატრიარქო არ თვლის, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე აუცილებელია სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრება, მაგრამ მისივე თქმით, საჭიროა საკითხზე მსჯელობა.

„საქართველოს საპატრიარქო არ თვლის და მას ოფიციალური პოზიცია არ განუცხადებია, რომ აუცილებელია სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრება ამასთან დაკავშირებით. საქართველოს საპატრიარქოს აქვს ასეთი პოზიცია, რომ საჭიროა ამ საკითხზე ფიქრი, საჭიროა ამ საკითხზე მსჯელობა. რელიგიური გრძნობები არის უაღრესად სათუთი საკითხი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ძალიან დიდ როლს თამაშობს ქვეყნის განვითარებასა და სტაბილურობაში და ეს ბუნებრივია. ამდენად, ვფიქრობთ, რომ საჭიროა გარკვეულ მიზნამდე მისვლა და მსჯელობა“, – განაცხადა გიორგი ზვიადაძემ.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, დაცული იყოს გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ზღვარი გაივლოს გამოხატვის თავისუფლებასა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას შორის.

„საჭიროა, შემუშავდეს პრინციპები და გარკვეული ორიენტირები, რომ ერთი მხრივ, დაცული იყოს გამოხატვის თავისუფლება და ამას არავითარი გარკვეული შეზღუდვა არ დაემუქროს. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული, მაგრამ ამავე დროს ძალიან მკაფიო და მკვეთრი ზღვარი გაევლოს, თუ რა არის ეს გამოხატვის თავისუფლება და რა არის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ყოველთვის იწვევს დაპირისპირებას. ეს დაპირისპირება შეიძლება ძალიან გაღრმავდეს, რაც უაღრესად საზიანო იქნება ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის. საქართველოს ეკლესიის პოზიცია სწორედ ამას გულისხმობს, რომ როგორღაც ოქროს შუალედი უნდა იყოს დაცული და ეს მკვეთრი ზღვარიც უნდა იყოს გავლებული, რომ ყველამ იცოდეს – დაუშვებელია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, მაგრამ ამავე დროს, რა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოხატვის თავისუფლება“, – განაცხადა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.

მისივე თქმით, საპატრიარქოს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის საკითხზე არ აქვს შემუშავებული კონკრეტული ფორმულირება, თუმცა თვლის, რომ ყველა რელიგიური ჯგუფი დაცული უნდა იყოს.

„ჯერჯერობით რაიმე ოფიციალური პოზიცია არ ყოფილა საპატრიარქოსი. ვფიქრობ, შევეცადეთ, ნათლად გვეთქვა, რომ ეს არ არის საპატრიარქოს ინიციატივა და რომ საპატრიარქოს ჯერ გარკვეული შემუშავებული ფორმულირება არ აქვს, მაგრამ საპატრიარქო თვლის, რომ საჭიროა ამ კუთხით მუშაობა, რომ დაცული იყოს ყველა რელიგიური ჯგუფი“, – განაცხადა პროტოპრესვიტერმა.

კითხვაზე უნდა გავრცელდეს თუ არა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებული ინიციატივა სასულიერი პირებზეც, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ აღნიშნა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და მსგავსი კანონის შემუშავებას რისკები ახლავს.

„მე არ მიმაჩნია, რომ სასულიერი პირს არ უნდა შეეხოს რაიმე კანონი და სხვას უნდა შეეხოს. ვფიქრობთ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ასეთი კანონის შემუშავებას ყოველთვის თავისი რისკები ახლავს. მაქსიმალურად უნდა იყოს გამორიცხული ყველა რისკი“, – განაცხადა გიორგი ზვიადაძემ.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის გადაწყვეტილებით, კომიტეტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, სადაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციებზე იმსჯელებენ. ჯგუფში საქართველოს საპატრიარქოს, ასევე სხვადასხვა კონფენსიის წარმომადგენლები შევლენ. მსგავსი გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში „სისხლის სამართლის კოდექსში“ ემზარ კვიციანის მიერ მომზადებული ცვლილებების განხილვისას მიიღეს.

ემზარ კვიციანის მიერ ინიცირებული ცვლილებებით, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ საჯარო გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რომელიც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

ამას გარდა, კანონპროექტით, რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.