ჰაჯი ვაგიფ აკპეროვი - მომავალში საზოგადოებამ და სასულიერო ინსტიტუტებმა ისეთი ჰარმონიული ურთიერთობის ფორმა უნდა ნახონ, რომ სახელმწიფოს მიერ დასჯა საჭირო არ იყოს
ჰაჯი ვაგიფ აკპეროვი - მომავალში საზოგადოებამ და სასულიერო ინსტიტუტებმა ისეთი ჰარმონიული ურთიერთობის ფორმა უნდა ნახონ, რომ სახელმწიფოს მიერ დასჯა საჭირო არ იყოს

როცა ქობულეთში მუსლიმთა დაგეგმილი პანსიონის კარზე ღორის თავი მიაჭედეს, არანაირი რეაქცია არ მინახავს არც სახელმწიფო ინსტიტუტებისგან, არც ადგილობრივი ხელისუფლებისგან და არც რომელიმე სარწმუნოების წარმომადგენლობიდან, – განაცხადა საქართველოს მუსლიმთა კონგრესის შეიხმა, ჰაჯი ვაგიფ აკპეროვმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ეს ასე იყო, რაც სამწუხაროა. სხვა ფაქტებზე არაფერს ვამბობ“, – განაცხადა აკპეროვმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მსგავსი ფაქტების გათვალისწინებით, დაუჭერდა თუ არა ის მხარს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონის მიღებას, ჰაჯი ვაგიფ აკპეროვმა განაცხადა, რომ პრობლემა ზნეობრივ ნაწილშია და ამას კანონი არ გამოასწორებს.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, როგორ უნდა იმოქმედონ რიგითმა მორწმუნეებმა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათი რელიგიური გრძნობები შეურაცხყვეს და ქობულეთის მსგავს შემთხვევებში, თუკი თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ, უნდა მიმართონ თუ არა მათ სასამართლოს, ჰაჯი ვაგიფ აკპეროვმა განაცხადა, რომ პარადოქსი სწორედ ამაშია, რადგან ჩვენ თავისუფალ, დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც კონსტიტუცია უზენაესობს და კანონი ყველას უნდა იცავდეს, სასულიერო პირი იქნება ეს თუ რიგითი მორწმუნე.

„ეს ძალიან რთული საკითხია. მომავალში საზოგადოებამ და სასულიერო ინსტიტუტებმა ისეთი ჰარმონიული ურთიერთობის ფორმა უნდა ნახონ, რომ სახელმწიფოს მიერ დასჯა საჭირო არ იყოს“, – განაცხადა აკპეროვმა.

საქართველოს მუსლიმთა კონგრესის შეიხმა ასევე განაცხადა, რომ საჯარო სკოლებში რელიგიის ისტორია უნდა ისწავლებოდეს, მაგრამ კატეგორიული წინააღმდეგია, იქ სარწმუნოების სწავლება მოხდეს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის გადაწყვეტილებით, კომიტეტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, სადაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციებზე იმსჯელებენ.  აღნიშნული გადაწყვეტილება კომიტეტში „სისხლის სამართლის კოდექსში“ ემზარ კვიციანის მიერ მომზადებული ცვლილებების განხილვისას მიიღეს.

ცვლილებებით, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ საჯარო გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რომელიც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, დაისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

ამას გარდა, კანონპროექტით, რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება, ჯარიმით ან ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.