პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, სადაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციებზე იმსჯელებენ
პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, სადაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციებზე იმსჯელებენ

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, სადაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციებზე იმსჯელებენ.

ჯგუფში საქართველოს საპატრიარქოს, ასევე სხვადასხვა კონფენსიების წარმომადგენლები შევლენ.

მსგავსი გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მიიღებს, სადაც “სისხლის სამართლის კოდექსში” ემზარ კვიციანის მიერ მომზადებული ცვლილებები განიხილეს.

კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, დემოკრატიულ სახელმწიფოში, მულტიკულტურულ საზოგადოებაში ერთმანეთის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ადგილი არ არის და მსგავსი შემთხვევები ცალსახად დასაგმობია.

„ბოლო პერიოდში ფაქტები ვიხილეთ, რასთან დაკავშირებითაც კონსულტაცია საპატრიარქოსთანაც მქონდა. მართლმადიდებელი წმინდანების არასათანადო ფორმით წარმოჩენისთვის ბევრი ადამიანი შეურაცხყოფილია, რასაც ვემიჯნები და ვგმობ. ვფიქრობ, გარკვეული სამუშაო ჩასატარებელია და საკითხები სამართლებრივ რეგულაციებშია მოსაქცევი ისე, რომ რელიგიური და სიტყვის თავისუფლება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოვიდეს. ბალანსის დაცვა ისე შეგვიძლია, როგორც ბევრ ქვეყანაშია”, – განაცხადა კილაძემ.

ემზარ კვიციანის მიერ ინიცირებული ცვლილებებით, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ საჯარო გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რომელიც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

ამას გარდა, კანონპროექტით, რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.