ტარიელ ნაკაიძე - მუსლიმთა თემი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონის მიღების ინიციატივას აბსოლუტურად ემიჯნება
ტარიელ ნაკაიძე - მუსლიმთა თემი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონის მიღების ინიციატივას აბსოლუტურად ემიჯნება

მსგავსი ინიციატივის არა თუ კანონად მიღება, პარლამენტში დაყენებაც კი პრობლემაა და მუსლიმთა თემი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონის მიღების ინიციატივას აბსოლუტურად ემიჯნება, – ამის შესახებ “ქართველ მუსლიმთა კავშირის” ხელმძღვანელმა, ტარიელ ნაკაიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ზოგადად, ეს ინიციატივა საქართველოს პარლამენტში პირველად არ დაყენებულა. საქართველოში მოქმედმა რელიგიურმა ორგანიზაციებმა, მათ შორის მუსლიმთა თემმა მონაწილეობა მიიღო, რათა მაქსიმალურად შებრძოლებოდა და ეს მახინჯი კანონი არ მიღებულიყო, რომელიც შემდგომში ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვის ძალიან სერიოზული პრობლემა იქნებოდა“, – განაცხადა ნაკაიძემ.

მისი თქმით, ერთ-ერთ სატელევიზიო ჩართვაში კანონპროექტის ინიციატორსა და დამწერს გაესაუბრა, სადაც შეგნებულად ახსენა, რომ რელიგიური შეურაცხყოფის მსხვერპლი თავად რელიგიების ფუძემდებლები, წმინდა მუჰამედ შუამავალი და წმინდა იესო შუამავალი იყვნენ, რაზეც ოპონენტი შეეკამათა, რომ იესო ღმერთია და არა შუამავალი.

„თავად კანონპროექტის დამწერსაც კი, პრეტენზია აქვს ჩემ მიმართ, როგორც მუსლიმის და ისლამის თეოლოგიის დოგმატიკის მიმართ, რომ იესო ღმერთად ვაღიარო და არა შუამავლად. მან ეს ერთგვარ შეურაცხყოფად მიიღო და შემომეკამათა, რომ მე ეს თემა არ ვიცი. ის ამ შემთხვევაში განსხვავებულად მოაზროვნედ მთვლის და არა მუსლიმური დოგმატიკის ერთ-ერთ განმცხადებლად. ეს ფაქტი ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა განისაზღვროს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ფორმები“, – განაცხადა ნაკაიძემ.

როგორც ნაკაიძემ აღნიშნა, საპატრიარქომ განცხადება გააკეთა, თითქოს, კანონპროექტს არ იცნობენ და მასთან საერთო არაფერი აქვთ, მაგრამ ინიციატივას მხარს მაინც უჭერენ და ცდილობენ თქვან, რომ ის ქვეყნისთვის ძალიან სერიოზული შენაძენი იქნება.

ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ კანონი შემზღუდავი იქნება უფრო მეტად, რელიგიური უმცირესობებისთვის. მეტიც, ის რელიგიათა შორის შუღლის გაღვივების ძალიან სერიოზული საფუძველი და სასულიერო პირებს შორის ძალიან სერიოზული კრიტიკული დამოკიდებულების განმსაზღვრელი იქნება.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის გადაწყვეტილებით, კომიტეტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, სადაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციებზე იმსჯელებენ.  აღნიშნული გადაწყვეტილება კომიტეტში „სისხლის სამართლის კოდექსში“ ემზარ კვიციანის მიერ მომზადებული ცვლილებების განხილვისას მიიღეს.

ცვლილებებით, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ საჯარო გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რომელიც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, დაისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

ამას გარდა, კანონპროექტით, რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება, ჯარიმით ან ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.