დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - თუ კანონი სახელმწიფოში იმოქმედებს, მას ერთადერთი მიზანი უნდა ჰქონდეს, ნებისმიერი კონფესიისა და საზოგადოებრივი ჯგუფის წევრი შეურაცხყოფისგან როგორღაც დაცული იყოს
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - თუ კანონი სახელმწიფოში იმოქმედებს, მას ერთადერთი მიზანი უნდა ჰქონდეს, ნებისმიერი კონფესიისა და საზოგადოებრივი ჯგუფის წევრი შეურაცხყოფისგან როგორღაც დაცული იყოს

თუ მხოლოდ იმაზე ვისაუბრებთ, რომ მაინცდამაინც ცუდი კანონი გამოგვივა, მაშინ არგუმენტი, რომ კანონი სიტყვის თავისუფლებას შეზღუდავს, გასაგებია, მაგრამ თუ ყველაფერში ევროპის ქვეყნებს ვბაძავთ, ამ შემთხვევაში ასეთი კატეგორიული დამოკიდებულება შესაძლოა, მიკერძოებული იყოს, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრის თანაშემწემ, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„თუ დაუხვეწავი კანონი მიიღეს, ასეთი ხარვეზი შესაძლებელია მოხდეს, მაგრამ თუ იმ ჩარჩოდან და რეკომენდაციებიდან ამოვდივართ, რომელზეც ყურადღება მუდმივად გვაქვს მიპყრობილი, იქ ვკითხულობთ, რომ გამოხატვის თავისუფლება აბსოლუტური ცნება არ არის და არსებობს გარკვეული შემთხვევები, როცა სამოქალაქო მშვიდობისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის, ჯანმრთელობის, ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციისა და უფლებების დასაცავად შესაძლებელია, სახელმწიფო არეგულირებდეს და ამას რაღაც ზღვარს უდებდეს“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

ამ განცხადებით დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად ეწინააღმდეგება ერთმანეთს სიტყვის თავისუფლების იდეა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა და არსებობს თუ არა იმის საფრთხე, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონი სიტყვის თავისუფლებას შეზღუდავს.

მისი თქმით, საპატრიარქო ერთმნიშვნელოვნად, იმის მომხრე არ არის, რაც აქამდე იყო და რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფის კუთხით შესაძლებელია, გარკვეული ნორმები იყოს მიღებული.

„ეს ეკლესიის თვითმიზანი და მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოების მქონე ადამიანების დაცვისთვის მოფიქრებული არ არის. თუ კანონი დაიხვეწება და სახელმწიფოში იმოქმედებს, მას ერთადერთი მიზანი უნდა ჰქონდეს, რომ ნებისმიერი კონფესიისა და საზოგადოებრივი ჯგუფის წევრი შეურაცხყოფისგან როგორღაც დაცული იყოს“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის გადაწყვეტილებით, კომიტეტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, სადაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციებზე იმსჯელებენ.  აღნიშნული გადაწყვეტილება კომიტეტში „სისხლის სამართლის კოდექსში“ ემზარ კვიციანის მიერ მომზადებული ცვლილებების განხილვისას მიიღეს.

ცვლილებებით, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ საჯარო გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რომელიც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, დაისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

ამას გარდა, კანონპროექტით, რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება, ჯარიმით ან ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.