დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - მოქალაქეები ძალიან ხშირად, ერთმანეთს უაპელაციოდ აყენებენ შეურაცხყოფას და რიგ შემთხვევაში, ეს მიზანმიმართულადაც კი კეთდება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - მოქალაქეები ძალიან ხშირად, ერთმანეთს უაპელაციოდ აყენებენ შეურაცხყოფას და რიგ შემთხვევაში, ეს მიზანმიმართულადაც კი კეთდება

მოქალაქეები ძალიან ხშირად, ერთმანეთს უაპელაციოდ აყენებენ შეურაცხყოფას და რიგ შემთხვევაში, ეს მიზანმიმართულადაც კი კეთდება, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრის თანაშემწემ, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჩვენ ვნახეთ, რომ სავაჭრო ნიშანზე სიწმინდეები საკმაოდ უხერხულ პოზიციაზე იყო გამოხატული. არის ხალხი, რომელიც პირდაპირ გკითხავს, რა არის თქვენთვის სიწმინდე და რა არის რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფა. რა თქმა უნდა, ამის იურიდიული განსაზღვრება არ არსებობს, მაგრამ რამდენადაც ერთი საზოგადოება ვართ და ურთიერთობაში ერთმანეთს გარკვეული მოქალაქეობრივი კულტურა და სოლიდარობა უნდა გამოვუხატოთ, შინაგანი მზაობა უნდა გვქონდეს, რომ ერთმანეთს მოვუფრთხილდეთ. აქ კი, თანამოქალაქეებისადმი აშკარად გამაღიზიანებელი, კადნიერი დამოკიდებულება ჩანს“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

მისი თქმით, შესაძლებელია, შემთხვევით ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო, მაგრამ თუნდაც იმის გამო, რომ შენი თანამოქალაქე ნაწყენია, მას შენდობა უნდა სთხოვო. როცა ასე არ კეთდება და პირიქით, პოზიციის დაფიქსირება ნიშნისმოგებით ხდება, ჩნდება ეჭვი, რომ ეს მიზანმიმართულად კეთდება.

დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემაში სტუმრად მყოფ საქართველოს მუსლიმთა კონგრესის შეიხს, ჰაჯი ვაგიფ აკპეროვსაც უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ როცა ქობულეთში მუსლიმთა დაგეგმილი პანსიონის კარზე ღორის თავი მიაჭედეს, არც სახელმწიფო ინსტიტუტებისგან, არც ადგილობრივი ხელისუფლებისგან და არც რომელიმე სარწმუნოების წარმომადგენლობიდან არანაირი რეაქცია არ უნახავს.

„საპატრიარქომ ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედება კატეგორიულად მიუღებელი იყო“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრის თანაშემწემ ასევე აღნიშნა, რომ ადრე რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონის მსგავსი კანონები საჭირო არ იყო, რადგან ადამიანები თავიანთი შინაგანი წესიერებით, ურთიერთგაგებით ცხოვრობდნენ.

მისი თქმით, ქრისტე ვიღაცისთვის ღმერთია, ვიღაცისთვის კი შუამავალი, მაგრამ ეს რელიგიური შუღლის საკითხი არ არის.

„რელიგიური შუღლის საკითხია, როცა ავდგები და იმის გამო, რომ შენთვის ქრისტე შუამავალია და არა ღმერთი, შეურაცხყოფას მოგაყენებ. კანონი სწორედ ამას უნდა ემსახურებოდეს, რომ ასეთი გაუგებრობები არ იყოს. შორეულ პერსპექტივაში რა თქმა უნდა, იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ საზოგადოება სწორი რელიგიური სწავლებით გავზარდოთ“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

როგორც დეკანოზმა აღნიშნა, შეურაცხმყოფელია ეჭვები იმის შესახებ, თითქოს, საპატრიარქო სიმართლეს მალავს და კანონის ინიციატორია.

დეკანოზმა ამ განცხადებით გადაცემაში სტუმრად მყოფ “ქართველ მუსლიმთა კავშირის” ხელმძღვანელს, ტარიელ ნაკაიძეს უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ საპატრიარქომ განცხადება გააკეთა, თითქოს, კანონპროექტს არ იცნობენ და მასთან საერთო არაფერი აქვთ, მაგრამ ინიციატივას მხარს მაინც უჭერენ და ცდილობენ თქვან, რომ ის ქვეყნისთვის ძალიან სერიოზული შენაძენი იქნება.