ხათუნა სამნიძე - საპატრიარქოს მიაჩნია, რომ უნდა ჩაერიოს პოლიტიკაში, იყოს მოძალადე, თავს დაესხას ჟურნალისტებს, იმასაც კი ბედავს, ეს ქმედებები ახლა კანონით დაიცვას
ხათუნა სამნიძე - საპატრიარქოს მიაჩნია, რომ უნდა ჩაერიოს პოლიტიკაში, იყოს მოძალადე, თავს დაესხას ჟურნალისტებს, იმასაც კი ბედავს, ეს ქმედებები ახლა კანონით დაიცვას

საპატრიარქოს მიაჩნია, რომ უნდა ჩაერიოს პოლიტიკაში, იყოს მოძალადე, თავს დაესხას ჟურნალისტებს. იმასაც კი ბედავს, ეს ქმედებები ახლა კანონით დაიცვას, – ამის შესახებ ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა მეუფე შიოს განცხადებაზე, რომელმაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროებაზე ისაუბრა.

ხათუნა სამნიძის შეფასებით, საპატრიარქო ძალადობს მოქალაქეებზე და ახლა სურს, მისი ძალადობა კანონმდებლობით იყოს დაცული.

„რაც არ უნდა უნდოდეს საპატრიარქოს, ამას ვერ გაბედავს „ქართული ოცნება“. საპატრიარქო დღეს არის მოძალადე, ის ძალადობს ჟურნალისტებზე, თავისუფალ მოქალაქეებზე და ახლა სურს, იძალადოს ხელისუფლებაზეც, რომელიც როგორც წესი მას ემორჩილება, და შეცვალოს კანონმდებლობა, კიდევ უფრო დაგვაშოროს ჩვენს ევროპულ ღირებულებებს. ის ამას ვერ შეძლებს, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში არ არიან მხოლოდ ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული. ამ პროცესს გამადიდებელი შუშით აკვირდებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები და არ დაუშვებენ, რომ ქვეყანამ გადადგას ასეთი დიდი ნაბიჯი უკან. საპატრიარქოს თუ უნდა მისი ძალადობა კანონმდებლობით იყოს დაცული, ამას ის ვერ მიაღწევს.

საპატრიარქო თავისი განცხადებებით, ძალადობით, მოწოდებებით, ორგანიზებით რასაც აკეთებს, ებრძვის ადამიანის უფლებების თანასწორობას, პროგრესს ამ ქვეყანაში და ახლა ასეთი ტიპის სურვილით უნდა, რომ საკუთარი ძალადობა დაიცვას. მეორე მხრივ, ქვეყანა კიდევ უფრო დააშოროს ევროპულ სტანდარტს. ის ამას აკეთებს რუსეთის დავალებით, რუსეთის ხელშეწყობით, რუსეთის გავლენით, მაგრამ ჩვენ არ ვართ მარტო, მთელი ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ევროპა და ამერიკა ამ პროცესში არიან საქართველოს მოქალაქეების გვერდით, იმ მოქალაქეების გვერდით, რომლებიც იცავენ ადამიანის უფლებებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ევროპული ფასეულობები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თავისუფლება ამ ქვეყანაში.

სამწუხაროდ, ჩვენ მივედით იქამდე, რომ ხარჯის გადახდამ საპატრიარქოსთვის, აკანკალებული ხმით თავდახრილმა საუბარმა, რასაც ვხედავთ ხოლმე ხელისუფლებების მხრიდან, მიგვიყვანა იქამდე, რომ საპატრიარქოს შეხედულებით, ის უნდა ჩაერიოს პოლიტიკაში, იყოს მოძალადე, თავს დაესხას ჟურნალისტებს და მერე ახსნას ეს რაღაც გაუგებარი არგუმენტებით. იმასაც კი ბედავს, რომ ეს ქმედებები ახლა კანონით დაიცვას – ნებისმიერი კრიტიკა აღქმული იქნება თურმე მათ შეურაცხყოფად და ეს იქნება დასჯილი კანონით, ამას ცდილობს საპატრიარქო.

შეუძლებელია ის ამას ბედავდეს, რომ არ ხედავდეს მმართველი ძალის მხრიდან ხელშეწყობას. ყველა წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნება“ საპატრიარქოს ავტორიტეტს იყენებს, რის სანაცვლოდაც საპატრიარქო ყველა ჯერზე ჩაერევა პოლიტიკაში და მოითხოვს ისეთი კანონების მიღებას, რომელიც ამ ქვეყანას დააშორებს ევროპულ ფასეულობებს“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.