ოკეანეების მრავალ ნაწილში ზვიგენები თითქმის გადაშენდნენ — ახალი კვლევა #1tvმეცნირება
ოკეანეების მრავალ ნაწილში ზვიგენები თითქმის გადაშენდნენ — ახალი კვლევა #1tvმეცნირება

მსოფლიოს მარჯნის რიფების მასშტაბურმა კვლევა აჩვენებს, რომ რიფების ზვიგენთა პოპულაცია კატასტროფულად არის შემცირებული. სამწლიან პერიოდში, თითქმის არც ერთი ზვიგენი არ დაფიქსირებულა შემოწმებული რიფების 19 პროცენტთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მტაცებლები ექვსი ქვეყნის წყლებში „ფუნქციურად გადაშენებულია“.

მიზეზი სავარაუდოდ გადაჭარბებული თევზჭერაა, რასაც სანაპირო ზოლში მოსახლეობის მწვავე ზრდა და ცუდი მმართველობა განაპირობებს. თუმცა, კარგი ამბავი ის არის, რომ როგორც მკვლევართა ჯგუფის მიერ მიღებული შედეგები მიუთითებს, საკონსერვაციო ღონისძიებებს რიფების ზვიგენების პოპულაციების აღდგენა და მართვა შეუძლია.

გასული რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ზვიგენების პოპულაციების შესახებ ძირითადად ვიცოდით არასრულყოფილი მონაცემებიდან — სამრეწველო თევზჭერისას მათი დაჭერის შესახებ არსებული ჩანაწერებიდან. არ გვქონდა მონაცემები იმ ზონებიდან, სადაც თევზჭერა არ მიმდინარეობს, მაგალითად, სანაპირო თავთხელი წყლებიდან, სადაც რიფების ეკოსისტემები ასევე წარმოდგენილია.

მონაცემებში არსებული ამ სიცარიელის ამოსავსებად, დაიწყო პროგრამა, სახელად Global FinPrint-ი. ავსტრალიის, კანადისა და აშშ-ის სხვადასხვა ინსტიტუციებმა ერთობლივად მუშაობით, 58 ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში, 371 რიფთან განათავსეს 15 165 წყალქვეშა ვიდეოსადგური.

სამი წლის განმავლობაში მეცნიერებმა ჩაიწერეს ჯამში 18 000 საათიანი ხანგრძლივობის ვიდეო, შემდეგ კი გულმოდგინედ დაამუშავეს, რათა შეეფასებინათ რიფების ზვიგენთა აქტივობა.

მათი ვარაუდობდნენ, რომ რიფების ზვიგენები ყველა რიფთან არ უნდა ყოფილიყვნენ გავრცელებული, მაგრამ შედეგები მაინც თავზარდამცემი აღმოჩნდა — თითქმის არც ერთი ზვიგენი არ დაფიქსირდა ექვსი ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში არსებულ 69 რიფთან; ეს ქვეყნებია: დომინიკელთა რესპუბლიკა, საფრანგეთის ვესტ-ინდოეთი, ნიდერლანდების ქარპირა კუნძულები, კენია, კატარი და ვიეტნამი.

„ამ ქვეყნებში, დაკვირვების 800 საათის განმავლობაში მხოლოდ სამი ზვიგენი დაფიქსირდა“, — ამბობს ავსტრალიის ჯეიმს კუკის უნივერსიტეტის საზღვაო ბიოლოგი კოლინ სიმპფენდორფერი.

მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ რიფებთან ზვიგენები არასოდეს არიან, მაგრამ შეიძლება ნიშნავდეს, რომ ისინი „ფუნქციურად გადაშენებულია“, ანუ, ეკოსისტემაში თავიანთ ნორმალურ როლს არ თამაშობენ.

ზვიგენები მსოფლიოს ოკეანეებში წარმოუდგენლად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. სუსტი ინდივიდების განადგურებით, მსხვერპლ სახეობათა პოპულაციებს უნარჩუნებენ სიჯანსაღეს; ამავე დროს, სხვა სახეობათა კონტროლით ინარჩუნებენ ბიომრავალფეროვნებას.

თუმცა, ზვიგენები ძალიან ნელა მრავლდებიან და შობენ შედარებით მცირე ოდენობით ნაშიერებს. მათ რომ შეჯიბრი მხოლოდ ზღვის სხვა სახეობებთან უწევდეთ, ეს მაჩვენებელი მშვენიერი იქნებოდა და დელიკატურ ბალანსსაც შეინარჩუნებდნენ. მაგრამ ასეთი ნელა გამრავლებადი სახეობები უკიდურესად მოწყვლადია ადამიანების მხრიდან გადაჭარბებული თევზჭერისადმი, პოპულაციის აღდგენას კი ძალიან დიდი დრო სჭირდება.

როდესაც ჯგუფმა მიღებული მონაცემები ადამიანთა აქტივობას შეადარა, აღმოაჩინეს, რომ რამდენიმე პრობლემასთან თანაფარდობაში მოდიოდა ზვიგენების ძალიან მცირე აქტივობა.

„მართალია, ჩვენი კვლევა ადამიანის არსებითად უარყოფით გავლენას აჩვენებს რიფების ზვიგენთა პოპულაციებზე, მაგრამ აშკარაა, რომ მთავარი პრობლემა მდგომარეობს ადამიანთა პოპულაციის სიმჭიდროვესთან გადაკვეთაში, გამანადგურებელ თევზჭერაში და ცუდ მმართველობაში“, — განმარტავს პროგრამა FinPrint-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის ეკოლოგი დემიან ჩაპმენი.

მისივე თქმით, ასევე დაადგინეს, რომ ზვიგენთა ძლიერ პოპულაციებს არსებობა შეუძლიათ ადამიანებთან ერთად არსებობაც, თუკი ადამიანებს ამის სურვილი აქვს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საჭიროა საკონსერვაციო აქტივობები.

ზოგიერთ ქვეყანაში ზვიგენთა აქტივობა საშუალოზე მაღალია, მათ შორის ავსტრალიაში, ბაჰამის კუნძულებზე, მიკრონეზიის ფედერალურ შტატებში, სოლომონის კუნძულებზე, საფრანგეთის პოლინეზიაში, მალდივის კუნძულებზე და აშშ-ში. მკვლევართა განცხადებით, როგორც ჩანს, ამ ქვეყნებში შესაბამისი მმართველობა ძლიერია და არსებობს ზვიგენების სარეწებისა და ნაკრძალების კარგი მენეჯმენტი.

მათ შორის შეიძლება იყოს ზვიგენებზე თევზაობის აკრძალვა, დასაჭერი ზვიგენების რაოდენობის ზღვარი და ზოგიერთი ისეთი აღჭურვილობის აკრძალვა, რომლებშიც ზვიგენები იხლართებიან და კვდებიან.

თუმცა, ასეთი მიდგომა უნივერსალური მაინც ვერ იქნება. ზოგიერთ რეგიონში გადაჭარბებული თევზჭერა გამოწვეულია ზვიგენის ფარფლებზე მზარდი მოთხოვნით, რადგან ეს ნაწილები ზოგან დელიკატესად მიიჩნევა. ზოგ ქვეყანაში კი ღარიბი მოსახლეობისთვის თევზი ერთადერთი საკვებია.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.