გლობალური დათბობის გამო, ცხოველთა ათასობით სახეობა მასობრივად გარბის დედამიწის პოლუსებისკენ
გლობალური დათბობის გამო, ცხოველთა ათასობით სახეობა მასობრივად გარბის დედამიწის პოლუსებისკენ

ცნობილია, რომ გლობალური დათბობა მთელ მსოფლიოში მრავალ ცხოველს ჩვეული საცხოვრებელი გარემოდან გაქცევას აიძულებს. ახალი, ყოვლისმომცველი ანალიზის შედეგად კი ცნობილი ხდება, რომ ზღვის სახეობები დედამიწის პოლუსებისკენ ექვსჯერ უფრო სწრაფად გადაადგილდებიან, ვიდრე ხმელეთის სახეობები.

258 რეცენზირებული კვლევის ანალიზისას, მკვლევრებმა ერთმანეთს შეადარეს ჰაბიტატის (საცხოვრებელი გარემო) ცვლილების 30 000 შემთხვევა ბაქტერიების, სოკოების, მცენარეებისა და ცხოველების 1200-ზე მეტ სახეობაში.

შედეგად მიღებული მონაცემთა ბაზა, რომელსაც BioShifts-ი უწოდეს, ამ სახის პირველი ყოვლისმომცველი ანალიზია და მიუხედავად იმისა, რომ მონაცემთა ბაზა მაინც გარკვეულწილად მიკერძოებულია ჩვენი, ადამიანური გადმოსახედიდან, ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები გადაჭრით მიუთითებს, რომ ზღვის სახეობები გლობალურ თერმულ ცვლილებებს უფრო ახლოს მიჰყვებიან, ვიდრე ხმელეთის სახეობები.

მართალია, პლანეტის გათბობასთან ერთად ხმელეთის სახეობები დანამდვილებით გადაადგილდებიან პოლუსების სიახლოვისკენ, მაგრამ როგორც ავტორები წერენ, ეს რბოლა მოსალოდნელზე გაცილებით ნელია, განსაკუთრებით კი თბილი კლიმატის ზონებში.

მიმოხილვისას დადგინდა, რომ ამფიბიები პოლუსებისკენ წელიწადში 12 მეტრით გადაადგილდებიან, რეპტილიები კი ეკვატორისკენ მიემართებიან წელიწადში 6,5 მეტრით.

აღმოჩნდა, რომ მწერები, რომლებიც თავისდაუნებურად ატარებენ მრავალ დაავადებას, პოლუსებისკენ წელიწადში 18,5 კილომეტრით გადაადგილდებიან.

მაჩვენებლები საკმაოდ დიდია, მაგრამ უფრო სრულ სურათში, ზღვის სახეობები პოლუსებისკენ წელიწადში თითქმის 6 კილომეტრით მიემართებიან, ხმელეთის ბინადარი ცხოველები კი წელიწადში საშუალოდ 1,8 მეტრით.

ხმელეთისა და წყლის სახეობებს შორის არსებულ ასეთ სხვაობას რამდენიმე მიზეზი აქვს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ტემპერატურისადმი მგრძნობელობის შედეგი. ჰაერი სითბოს 25-ჯერ უფრო ნაკლებად ატარებს, ვიდრე წყალი და ხმელეთის მრავალ ცხოველს სურვილის შემთხვევაში ადვილად შეუძლია საკუთარი სხეულის ტემპერატურის დარეგულირება.

მთლიანობაში, ამის გამო, ზღვის სახეობები და მრავალი ეკოთერმი, ანუ ცივსისხლიანები, ლოგიკურად უფრო მგრძნობიარეა დედამიწის ტემპერატურული რყევებისადმი.

გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში, წყლის ბინადარ ცხოველებს მიგრირება გაცილებით მარტივად შეუძლიათ. ხმელეთზე, ადამიანთა საქმიანობა ცხოველთა გადაადგილებას ხშირად აბრკოლებს. ანალიზის ავტორებმა დაადგინეს, რომ როდესაც ცხოველები ძლიერ ანთროპოგენულ არეულობას აწყდებიან, ისინი თერმული ხასიათის წინააღმდეგ მოძრაობენ და არა მასთან ერთად.

ეს კი შესაბამისობაში მოდის ზოგად მოსაზრებასთან, რომლის მიხედვითაც, მიწათსარგებლობამ და კლიმატის ცვლილებამ სახეობები შეიძლება საპირისპირო მიმართულებებისკენ აიძულოს, რაც ხელახლა გადანაწილების მიწოლისა და მოქაჩვის ნაირსახეობაა.

„ხმელეთზე, მიწათსარგებლობის ცვლილებათა გამო და ჰაბიტატის დაკარგვა და ფრაგმენტაცია შეიძლება აბრკოლებდეს ხმელეთის სახეობების მიერ იზოთერმების (ხაზები რუკაზე, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს ერთნაირი ტემპერატურის მქონე რეგიონებს) წანაცვლების უნარს“, — წერენ მკვლევრები.

მათი განცხადებით, საჭიროა, მხედველობაში მივიღოთ ასეთი კომპლექსური ურთიერთქმედებები, რათა გავაუმჯობესოთ ბიომრავალფეროვნების ხელახლა გადანაწილების სცენარები და მისი შედეგები ადამიანთა კეთილდღეობაზე კლიმატის სამომავლო ცვლილების პირობებში.

თუ ავტორები მართალი არიან და ზღვის არსებები ტემპერატურულ ცვლილებას უფრო ახლოს მიჰყვებიან, ამას შეიძლება, საზარელი და შორსმიმავალი გამოძახილები ჰქონდეს. ამის გარკვეული ნაწილი წარსულში შეიძლება უკვე ვნახეთ კიდეც.

მკვლევართა განცხადებით, პერმულ-ტრიასული გადაშენების დროს, რაც დედამიწის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ავბედითი მოვლენა იყო, ძალიან ცოტა ზღვის ორგანიზმი დარჩა თავის ჩვეულ ჰაბიტატში, რადგან საგრძნობლად დაეცა ჟანგბადის დონე.

„მდგომარეობა ასეთი იყო — გაქცევა ან სიკვდილი“, — ამბობს ვაშინგტონის უნივერსიტეტს ოკეანოგრაფი კურტის დოიჩი და იქვე აღნიშნავს, რომ ზღვის სახეობათა 50 პროცენტს, სამწუხაროდ სიკვდილი ეწვია.

დღეს, როდესაც ტემპერატურის მატება ცხოველებს უფრო და უფრო უვიწროვებს ჰაბიტატის დიაპაზონს, ისინი უკვე მიცურავენ პოლუსებისაკენ და ამავე დროს, ემუქრებათ ცივი წყლის ამოწურვის საშიშროებაც.

რა თქმა უნდა, ასე ხდება ხმელეთზეც. მაღალმთიანეთში ბინადარი ცხოველები ე. წ. ესკალატორულ გადაშენებას განიცდიან, რადგან ტემპერატურას და კონკურენციას ისინი კიდეზე მიჰყავს. როგორც ჩანს, ეს ესკალატორი წყალში უფრო სწრაფად მოძრაობს.

„ჩვენი ვარაუდით, კომერციული მეთევზეობა ზღვის ცხოველთა განაწილების ასეთ გადაადგილებას უფრო აჩქარებს, რადგან წურავს რესურსებს და პოპულაციას აჯახებს კიდეებთან, სადაც ოკეანეებში ნაკლები ძალდატანებები და გაფანტულობა ზღვის სახეობებს ზედა თერმულ ზღვრებთან ბინადრობის საშუალებას აძლევს, რათა უკეთესად გაუმკლავდნენ კლიმატის გათბობას“, — წერენ მკვლევრები.

რამდენად შთამბეჭდავი და საჭიროც არ უნდა იყოს ახალი მონაცემთა ბაზა, ავტორები აცნობიერებენ, რომ მას სერიოზული შეზღუდვები აქვს.

მიუხედავად ყოვლისმომცველი ბუნებისა, BioShifts-ის შექმნისათვის გამოყენებული მეტაანალიზი დედამიწის ყველა ცნობილი სიცოცხლის მხოლოდ 0,6 პროცენტს ფარავს; გარდა ამისა, შესწავლილია მხოლოდ ყველაზე ქარიზმატული, ანუ ადამიანთათვის მნიშვნელოვანი ცხოველები, ისიც ძირითადად ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.

შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მას გლობალურ მეტაანალიზს ვუწოდებთ, სინამდვილეში, ასე არ არის. თუმცა, არის ყველაზე ახლოს, რაც შეიძლება მოცემული მდგომარეობიდან მიგვეღო.

მუშაობა შეგვიძლია მხოლოდ იმით, რაც მივიღეთ. როგორც ამ მონაცემებიდან ჩანს, ჩვენთვის კარგად ცნობილი ცხოველები კლიმატის კრიზისის პირობებში სასტიკად იტანჯებიან ახალი საცხოვრებელი გარემოს ძებნით.

კვლევა ჟურნალ Nature Ecology & Evolution-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.