კლიმატის ცვლილებამ შეიძლება, ინდოეთის ოკეანეში გააღვიძოს უძველესი, სახიფათო ელ-ნინიო
კლიმატის ცვლილებამ შეიძლება, ინდოეთის ოკეანეში გააღვიძოს უძველესი, სახიფათო ელ-ნინიო

თუ გლობალური დათბობის დაძლევა და შენელება გვსურს, საჭიროა ვიცოდეთ მისი რაც შეიძლება მეტი ეფექტის შესახებ. ამინდის მახასიათებლების ახალმა კვლევამ ამ სიას კიდევ ერთი პოტენციური პრობლემა დაამატა — ელ-ნინიოს სტილის უძველესი სისტემის შესაძლო დაბრუნება ინდოეთის ოკეანეში.

ელ-ნინიო არის ამინდის სისტემა, რომელიც ხასიათდება წყნარი ოკეანის უჩვეულოდ თბილი წყლით პერუსა და ეკვადორის სანაპიროს გასწვრივ; დაკავშირებულია ავსტრალიაში გვალვებთან და თავსხმა წვიმებთან სამხრეთ ამერიკაში. კლიმტის ცვლილების კვალდაკვალ, ის სულ უფრო სახიფათო ხდება. თუმცა, პლანეტის გათბობასთან ერთად, შეიძლება გაიღვიძოს ელ-ნინიოს უძველესმა ტიპმაც.

როგორც ახალმა კვლევამ აჩვენა, 2050 წლისთვის, ინდოეთის ოკეანეში ზედაპირის ტემპერატურის მცირედმა ზრდამ, შეიძლება დაიწყოს ამინდის ისეთი მახასიათებლები, რომლებსაც დღეს წყნარ ოკეანეში არსებული ელ-ნინიოს შემთხვევაში ვხედავთ. ეს კი შეიძლება დაემთხვეს 21 000 წლის წინ, უკანასკნელი გამყინვარებისას ქარებისა და ნალექების გავლენას ამ რეგიონზე.

ამან კი, თავის მხრივ, ინდოეთის ოკეანის გარშემო შეიძლება გაზარდოს შტორმების, წყალდიდობებისა და გვალვების მაჩვენებელი და უარყოფითი გავლენა მოახდინოს ხალხზე, რომლებსაც კლიმატის ცვლილება უკვე საფრთხის ქვეშ აგდებს აფრიკაში, აზიასა და ავსტრალიაში.

„ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ გლობალური ტემპერატურის მხოლოდ რამდენიმე გრადუსით აწევა ან დაწევა ინდოეთის ოკეანეში ზუსტად ისეთ მოქმედებებს იწვევს, როგორსაც სხვა ტროპიკულ ოკეანეებში; გვხდება ნაკლებად ერთფეროვანი ზედაპირის ტემპერატურა ეკვატორის გასწვრივ, უფრო ცვალებადი კლიმატი და მისი საკუთარი ელ-ნინიო“, — ამბობს ტეხასის უნივერსიტეტის კლიმატის მეცნიერი პედრო დინესიო.

დინესიომ და მისმა კოლეგებმა ანალიზები ჩაუტარეს შეწყვილებული მოდელების ურთიერთშედარების პროექტის ფარგლებში შექმნილი 36 სხვადასხვა კლიმატურ მოდელს და გამოყვეს ის მოდელები, რომლებიც დღევანდელ გარემოს ყველაზე ზუსტად ემთხვეოდა. ამის შემდეგ, ეს მოდელები გამოიყენეს იმის გასარკვევად, როგორ შეიძლება შეცვალოს შემდგომმა გათბობამ მეტეოროლოგიური გარემო პირობები ინდოეთის ოკეანის გარშემო.

დღეის მდგომარეობით, ინდოეთის ოკეანე წლიდან წლამდე ტემპერატურის მცირე ცვლილებას განიცდის — დასავლეთიდან აღმოსავლეთით მქროლავი გაბატონებული ქარი გარემოს სტაბილურობას უნარჩუნებს. როგორც მოდელები აჩვენებს, გლობალური დათბობა ამ ქარისთვის მიმართულების შებრუნების რისკს ფლობს.

თუ ამინდის მახასიათებელთა ბალანსი ამ გზით დაირღვევა, რეგიონს საკუთარი ელ-ნინიო გაუჩნდება და თვეებს შორის გათბობისა და გაციების უფრო დიდი ცვლილებები იქნება. მეცნიერთა აზრით, ასეთი რამ ინდოეთის ოკეანეში წარსულში უკვე მოხდა.

„მისი ხელახლა გამოჩენა ძლიერ არის დამოკიდებული გლობალური დათბობის მაჩვენებელზე, ანუ, საბოლოოდ იმაზე, შემცირდება თუ არა სათბურის აირების გამოყოფა“, — ამბობს დინესიო.

მისივე თქმით, ისინი დარწმუნებული არიან, რომ ატმოსფეროში ჩვენ მიერ სულ უფრო მეტი CO2-ის გამოყოფასთან ერთად, ექსტრემალურ მოვლენათა ეს რისკი უფრო იზრდება და მას სხვადასხვანაირი გავლენა ექნება ტროპიკულ ქვეყნებზე.

კვლევა აჩვენებს, რომ ტემპერატურის ამჟამინდელი მატება ინდოეთის ოკეანეზე ზუსტად ისეთივე გავლენას ახდენს, როგორც ეს მყინვარებს ჰქონდა ათობით ათასი წლის წინ, ანუ იწვევს ამინდის პირობების ექსტრემალურ რყევებს.

ქარების შესაძლო ცვლილებამ კი შეიძლება გამოიწვიოს ყველაფერი, ზოგიერთ ზონებში წყალიდობებიდან და გვალვებიდან დაყწებული, მსოფლიოს უზარმაზარ მონაკვეთებში სხვადასხვა გავლენით დამთავრებული, სადაც კლიმატის ცვლილების დარტყმა უკვე ისედაც იგრძნობა — ეს კი კარგად აჩვენა ცოტა ხნის წინ ავსტრალიაში გაჩენილმა ხანძრებმა.

როგორც ყოველთვის, აღსანიშნავია, რომ კლიმატის მოდელები მუდამ ზუსტი არ არის და ამ კვლევის შემდეგ უკვე შეიქმნა სხვა ახალი მოდელებიც. ეჭვგარეშე კი ის არის, რომ რაც უფრო მეტ ინფორმაციას ვფლობთ და რაც უფრო ნაკლებს ვაკეთებთ ტემპერატურის მომატების წინააღმდეგ, ჩვენი პლანეტაც მით მეტად იცვლება.

„სათბურის პრინციპით გათბობა აყალიბებს პლანეტას, რომელიც სრულიად განსხვავდება იმ პლანეტისგან, რომელსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ ან როგორსაც მეოცე საუკუნეში ვიცნობდით“, — ამბობს კვლევის ავტორი, ტეხასის უნივერსიტეტის კლიმატის მეცნიერი პედრო დინესიო.

კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.utexas.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი