2050 წლიდან, ზაფხულობით არქტიკაში ყინული მთლიანად გაქრება — ახალი კვლევა
2050 წლიდან, ზაფხულობით არქტიკაში ყინული მთლიანად გაქრება — ახალი კვლევა

უკვე მილიონობით წელიწადია, არქტიკაში ხდება ერთი უცვლელი ბუნებრივი რიტუალი. ზამთარში, როდესაც ტემპერატურა ნულ გრადუსს ქვემოთ ჩამოდის, არქტიკის ზღვის ყინული დიდ მანძილზე ვრცელდება. ზაფხულში კი, ტემპერატურის აწევასთან ერთად ყინული დნება უკან დახევას იწყებს, მის ადგილს კვლავ ოკეანე იკავებს.

ახლა, ანთროპოგენული კლიმატის ცვლილების ხანაში, ეს მარადიული ციკლი მოიშალა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, არქტიკის ზღვის ყინულის მთლიანი მოცულობა მცირდება, წლიდან წლამდე, ზამთარში ის უფრო პატარა მანძილზე ივრცობა და ზაფხულში უფრო მეტად იხევს უკან. მიუხედავად ამისა, როგორც ყოველთვის, არქტიკა კვლავ ყინულოვანი რჩება, ზაფხულშიც კი. თუმცა, შესაძლოა, ასე დიდხანს აღარ გაგრძელდეს.

მრავალი სხვადასხვა კლიმატური მოდელის ახალი ანალიზის მიხედვით, სულ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, ჩრდილო-ყინულოვანი ოკეანე ზაფხულში ყინულისგან სრულიად გათავისუფლდება; როგორც ანალიზი პროგნოზირებს, ეს საუკუნის შუა წერტილში მოხდება. აღსანიშნავია, რომ ეს პროგნოზი მაინც რეალურია ყველაზე საუკეთესო სცენარის შემთხვევაშიც კი, ანუ, თუ მოვახერხებთ CO2-ის გამოყოფის მნიშვნელოვნად შემცირებას.

„თუკი გლობალურ გამონაბოლქვს სწრაფად და მდგრადად შევამცირებთ, რის შედეგადაც არ დავუშვებთ, რომ გლობალურმა ტემპერატურამ ინდუსტრიალიზებამდელ მაჩვენებელთან შედარებით 2 °C-ზე მეტით მოიმატოს, 2050 წლისთვის არქტიკის ზღვის ყინული ზაფხულობით მაინც გაქრება. ასეთი პროგნოზი ჩვენთვისაც კი სრული მოულოდნელობაა“, — ამბობს ჰამბურგის უნივერსიტეტის პოლარული გეოფიზიკოსი დირკ ნოცი.

ახალ კვლევაში ნოცმა და მისმა ჯგუფმა ჩაატარა ათობით სხვადასხვა კლიმატური მოდელის სიმულაცია არქტიკის ზღვის ყინულის სამომავლო ევოლუციის შესახებ.

კლიმატური მოდელები მსოფლიო კლიმატის კვლევის პროგრამის პროექტ CMIP6-ს ეკუთვნის და მოიცავს გლობალური კლიმატური მოდელების ერთ-ერთ უახლეს თაობას, მრავალ სხვადასხვა ჰიპოთეტურ სცენარს, მათ შორის ტრაექტორიებს, რომლებიც ეფუძნება როგორც CO2-ის სწრაფ სამომავლო შემცირებას, ისე სიტუაციის უცვლელად გაგრძელებას.

CMIP6-ის სიმულაციათა უმეტესობაში, ჩრდილო-ყინულოვანი ოკეანე ზაფხულობით ყინულისგან თავისუფალი გახდა ჯერ კიდევ 2050 წლის დადგომამდე, მიუხედავად ყველა შესაძლო ჰიპოთეტური სცენარისა.

„CMIP6-ის მოდელების უმეტესობამ, განსაკუთრებით კი იმ მოდელებმა, რომლებიც საუკეთესოდ არის მორგებული დაკვირვებულ ევოლუციას, აჩვენა, რომ არქტიკა ყინულისგან პრაქტიკულად თავისუფალი გახდება 2049 წლის სექტემბერში, ყველა სცენარმა ასე მიუთითა, რომლებშიც გათვალისწინებული იყო 1000 გიგატონაზე ნაკლები ანთროპოგენული CO2-ის გამოყოფა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე მაღალია“, — წერენ მკვლევრები.

მიუხედავად იმისა, რომ შედეგები შოკისმომგვრელია, ახალი ამ პროგნოზში მაინც არაფერია. ასეთ სცენარს მეცნიერები უკვე წლებია პროგნოზირებენ, გვაფრთხილებენ, რომ არქტიკა აღარ იქნება ისეთი, როგორსაც ვიცნობთ და იქვე ცდილობენ გათვალონ, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას ყველა სხვა სახის ეკოსისტემაზე.

მეცნიერთა განცხადებით, ეს ასევე გააძლიერებს გლობალური დათბობის ეფექტებს, რადგან რაც უფრო ნაკლები ყინული იქნება არქტიკაში, ამ რეგიონიდან მზის სინათლე უფრო ნაკლებად აირეკლება და ჩვენი ისედაც ცხელი პლანეტა კიდევ უფრო მეტი სითბოს შთანთქმას დაიწყებს.

„ეს გახლავთ ორმხრივი ქუჩა. დათბობა ნიშნავს, რომ წარმოიქმნება ცოტა ყინული და უფრო მეტი გადნება, რადგან რაც უფრო ნაკლებია ყინული, ნაკლებად აირეკლება მზის რადიაციაც, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს კიდევ უფრო დათბობას“, — ამბობს ნასას კლიმატური მეცნიერი კლერ პარკინსონი.

ასეთი სცენარიდან ერთადერთი გამოსავალი ალბათ რჩება ის, რომ მინიმუმამდე შევამციროთ ნახშირორჟანგის გამოყოფა.

მოდელებსა და სიმულაციებს მრავალი რამის პროგნოზირება შეუძლიათ, მაგრამ ერთადერთი ტრაექტორია, რომელსაც ამ ყველაფრში არსებითი მნიშვნელობა აქვს, არის გზა, რომელსაც ჩვენ კოლექტიურად დავადგებით.

კვლევა Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია cen.uni-hamburg.de-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.