უახლოეს ათწლეულებში, მილიარდობით ადამიანს ცხოვრება შეიძლება უკიდურესი სიცხის ზონებში მოუწიოს — ახალი კვლევა
უახლოეს ათწლეულებში, მილიარდობით ადამიანს ცხოვრება შეიძლება უკიდურესი სიცხის ზონებში მოუწიოს — ახალი კვლევა

იმ შემთხვევაში, თუ საუკუნის მეორე ნახევარში კლიმატი გათბობას გააგრძელებს, მსოფლიოს მოსახლეობის მესამედზე მეტს სავარაუდოდ ცხოვრება მოუწევს ისეთ ზონებში, რომლებიც ადამიანებისთვის შეუფერებლად ცხელია. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.

ამჟამად, მსოფლიოს ყველაზე ცხელ ზონებში 25 მილიონზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, ძირითადად აფრიკაში, საჰარის რეგიონში, სადაც საშუალო წლიური ტემპერატურა 29 გრადუს ცელსიუსზე მაღალია. მკვლევართა განცხადებით, 2070 წლისთვის, ასეთმა ექსტრემალურმა სიცხემ შეიძლება მოიცვას აფრიკის კიდევ უფრო დიდი ნაწილი, ინდოეთის, ახლო აღმოსავლეთის, სამხრეთ ამერიკის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და ავსტრალიის ნაწილები.

ახლანდელი გათვლებით, 2070 წლისთვის დედამიწის მოსახლეობა დაახლოებით 10 მილიარდი უნდა იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთ ზონებში ცხოვრება 3,5 მილიარდამდე ადამიანს მოუწევს. მათი ნაწილი შეიძლება უფრო ცივ ზონებში გადასახლდეს, მაგრამ ამას თან მოჰყვება ეკონომიკური და სოციალური ზიანი.

ახალი კვლევის ავტორის, ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგის, ტიმოთი კოლერის განცხადებით, მსოფლიოს ის ნაწილები, რომლებიც შეიძლება გამოუსადეგრად ცხელი გახდეს, ზუსტად ის ზონებია, სადაც მოსახლეობა ყველაზე სწრაფად იზრდება.

მისი შეფასება, რომ კლიმატის ცვლილების ყველაზე საზარელი ეფექტები 3,5 მილიარდ ადამიანს შეეხება, გაცილებით მაღალია (რიცხვი), ვიდრე მაჩვენებლები, რომლებსაც შეფასებათა უმეტესობა ვარაუდობს. მაგალითად, მსოფლიო ბანკის მიერ 2018 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2050 წლისთვის კლიმატის ცვლილება დააზარალებს 140 მილიონ ადამიანს აფრიკაში, სამხრეთ აზიაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში; ისინი მიგრაციას საკუთარ საზღვრებში დაიწყებენ.

დოქტორ კოლერისა და მისი კოლეგების განცხადებით, რიცხვი 3,5 მილიარდი ყველაზე უარესი შემთხვევისთვის არის და ეფუძნება სათბურის აირების გამოყოფის თანდათანობით გაზრდას უახლოეს ათწლეულებში. მისი თქმით, თუ გამონაბოლქვი შემცირდა და დათბობა შენელდა, დაზარალებულ ადამიანთა რაოდენობა შეიძლება დაახლოებით მილიარდით შემცირდეს.

„ჩვენი შედეგი ეფუძნება კაცობრიობის მგრძნობელობას დათბობისადმი“, — ამბობს კვლევის კიდევ ერთი ავტორი, ნიდერლანდების ვაგენინგენის უნივერსიტეტის კომპლექსურ სისტემათა მეცნიერებების პროფესორი მარტენ შეფერი.

მკვლევრებმა მიმოიხილეს „კლიმატის ნიშა“ ადამიანებისთვის, ანუ ტემპერატურის დიაპაზონები, რომლებშიც მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობას დროთა განმავლობაში მოუწევს ცხოვრება. მათ აინტერესებდათ, შემცირდება თუ არა ადამიანთა დასახლებები გარკვეული ტემპერატურის დიაპაზონზე, ზუსტად ისე, როგორც სხვა არსებები იკავებენ შესაფერისი ტემპერატურების მქონე ჰაბიტატებს.

„არ ვფიქრობთ, რომ ადამიანთა შემთხვევაშიც ასე იქნება, რადგან ადამიანებს აქვთ ტანსაცმელი და ტექნოლოგიები, მაგალითად, ჰაერის კონდიცირება და გათბობა; საუკუნეთა განმავლობაში ამან მათ საშუალება მისცა დასახლებებით აეთვისებინათ ტემპერატურათა უფრო ფართო დიაპაზონის მქონე ზონები“, — ამბობს დოქტორი შეფერი.

მართალია, მოსახლეობის რაღაც ნაწილი უფრო ექსტრემალურ პირობებში ცხოვრობს, მაგრამ როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობა ცხოვრობს ტემპერატურის ვიწრო დიაპაზონის ზონებში, სადაც საშუალო წლიური ტემპერატურა 11-15 გრადუსი ცელსიუსია. მოსახლეობის ცოტა ნაწილი კი ცხოვრობს ზონებში, სადაც საშუალო წლიური ტემპერატურა 20-25 გრადუსი ცელსიუსია.

ადამიანთა 6000 წლის წინანდელი დასახლებების მონაცემთა ანალიზის შედეგად, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ უმეტესი დასახლება იგივე ტემპერატურულ დიაპაზონში იყო.

„როგორც ჩანს, ადამიანთა არჩევანი ნამდვილად მდგრადია. ადამიანთა დიდი უმეტესობა ყოველთვის კონცენტრირებული იყო პირობების მცირე დიაპაზონში“, — ამბობს დოქტორი შეფერი.

მომავალი გარემო პირობების პროექტირებისას, მკვლევართა ჯგუფმა გაარკვია, რომ დათბობის შედეგად, მსოფლიოს გარკვეული, ყველაზე ცივი ადგილები სიცოცხლისთვის უფრო ხელსაყრელი გახდება, მაგრამ დედამიწის უფრო დიდი ნაწილი ადამიანთა რჩეული ტემპერატურული დიაპაზონის ფარგლებს გასცდება.

„ჩვენი შედეგების ბოლომდე არ გვჯერა, მაგრამ მათ ჩვენ მრავალი სხვადასხვა კუთხიდან შევხედეთ. ეს მხოლოდ სცენარია და როგორც ჩანს, თუ კლიმატის ცვლილება ამჟამინდელი მაჩვენებლით გაგრძელდა, უახლოეს 50 წელიწადში უფრო მეტი რამ შეიცვლება, ვიდრე გასულ 6000 წელში შეიცვალა“, — ამბობს შეფერი.

მისივე თქმით, იმის შესაძლებლობა, რომ ასობით მილიონი ადამიანი შეიძლება იძულებული გახდეს, გადასახლდეს ცივ ზონებში, ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებას სჭირდება ფიქრი, როგორ შეიძლება განსახლდეს მაქსიმალურად.

კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი