კაცობრიობა ყოველწლიურად 100-ჯერ მეტ CO2-ს გამოყოფს, ვიდრე პლანეტის ყველა ვულკანი ერთად
კაცობრიობა ყოველწლიურად 100-ჯერ მეტ CO2-ს გამოყოფს, ვიდრე პლანეტის ყველა ვულკანი ერთად

ადამიანის საქმიანობის შედეგად ატმოსფეროში ყოველწლიურად იმაზე 100-ჯერ მეტი ნახშირბადი გამოიყოფა, ვიდრე დედამიწის ყველა ვულკანი ერთად გამოყოფს. ამის შესახებ იუწყება კვლევა, რომელიც თითქმის ათი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ღრმა ნახშირბადის ობსერვატორია (Deep Carbon Observatory — DCO), საერთაშორისო კვლევითი პროგრამა, რომელიც 500 ასეულობით მეცნიერს აერთიანებს, აქვეყნებს კვლევების სერიას, რომლებიც აღწერს, როგორ ინახება ნახშირბადი, გამოიყოფა და ხელახლა შთაინთქმება ბუნებრივი და ხელოვნური პროცესების შედეგად.

როგორც აღმოჩნდა, ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოყოფილი ნახშირორჟანგის ოდენობა დრამატულად აჭარბებს დედამიწის ყველა ვულკანის მიერ გამოყოფილს. ვულკანები ატმოსფეროში გაზებს აფრქვევენ და ამჟამინდელი დათბობის მაჩვენებლების ფონზე, მათ კლიმატის ცვლილების მთავარ კონტრიბუტორებად მიიჩნევენ.

ჟურნალ Elements-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, დედამიწის ნახშირბადის სრული მარაგის 1 პროცენტის მხოლოდ ორი მეათედი, ანუ დაახლოებით 43 500 გიგატონაა მოქცეული ოკეანეებისა და ხმელეთის ზედაპირის მაღლა და ჩვენს ატმოსფეროში.

დანარჩენი, დაახლოებით 1,85 მილიარდი გიგატონა ნახშირბადი ინახება ჩვენი პლანეტის ქერქში, მანტიასა და ბირთვში.

გეტყვით, რომ ერთი გიგატონა დაახლოებით 3 მილიონი ბოინგ 747-ის წონას უდრის.

ღრმა ნახშირბადის ობსერვატორიამ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას გაზომა ქანებიდან ამოსულ ნახშირბადის ძირითადი იზოტოპთა მოცულობა. იმის გასარკვევად, თუ როგორ მოძრაობდა ნახშირბადი ხმელეთს, ზღვასა და აირს შორის, შედეგად, მკვლევრებმა შექმნეს ქრონოლოგია, რომელიც 500 მილიონი წლის წინ იწყება.

აღმოჩნდა, რომ ზოგადად, პლანეტა თავად არეგულირებდა ატმოსფეროში ნახშირორჟანგის, მთავარი სათბურის აირის მოცულობას ასობით ათას წლისან გეოლოგიურ სკალაზე.

გამონაკლისებს წარმოადგენს „კატასტროფული არეულობები“ დედამიწის ნახშირბადის ციკლში, რასაც იწვევს მაგალითად უზარმაზარი ვუკლანური ამოფრქვევები ან დინოზავრების მკვლელი ასტეროიდის დაცემა.

ვულკანოლოგიისა და პეტროლოგიის პროფესორის, მარი ედმონდსის განცხადებით, ვხედავთ, რომ ატმოსფეროში ნახშირბადის ასე დიდი ოდენობით გამოყოფამ წარსულში გამოიწვია დათბობა, უზარმაზარი ცვლილებები ოკეანეში და ჟანგბადის ხელმისაწვდომობაში.

ჯგუფის შეფასებით, 66 მილიონი წლის წინ, ასტეროიდის ჩამოვარდნისას, რომელმაც დედამიწაზე არსებული სიცოცხლის სამი-მეოთხედი მოსპო, ატმოსფეროში გამოიყო 425-1400 გიგატონა CO2.

მხოლოდ 2018 წელს, ადამიანის საქმიანობის შედეგად, ატმოსფეროში გამოიყო 37 გიგატონა ნახშირორჟანგი.

ედმონდსის განცხადებით, ბოლო 10-12 წლის განმავლობაში ანთროპოგენული აქტივობის შედეგად ატმოსფეროში გამოყოფილი CO2-ის რაოდენობა იგივეა, რაც დედამიწის წარსულში ასეთი კატასტროფული მოვლენების დროს გამოიყოფოდა.

არკანზასის უნივერსიტეტის გეოლოგიის ასოცირებული პროფესორის, სელინა სუარესის განცხადებით, ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოყოფილი ნახშირორჟანგის ოდენობა იგივე მასშტაბისაა, რაც უძველესი წარსულის ნახშირბადის შოკები, რომლებსაც მასობრივი გადაშენება მოჰყვებოდა ხოლმე.

„ჩვენ ნახშირბადის კატასტროფის იგივე დონეზე ვიმყოფებით, რაც უკვე საგანგაშოა“, — უთხრა სუარესმა AFP-ს.

შედარებისათვის — ყოველწლიურად ვულკანების მიერ გამოყოფილი CO2-ის ოდენობა დაახლოებით 0,3-0,4 გიგატონაა — თითქმის 100-ჯერ ნაკლები, ვიდრე ადამიანთა საქმიანობის შედეგად გამოყოფილი.

„კლიმატის სკეპტიკოსები CO2-ის გამოყოფაში მთავარ დამნაშავედ ვულკანებს მიიჩნევენ, მაგრამ ეს ნამდვილად არაა ასე“, — ამბობს ედმონდსი.

მართალია, დედამიწის ატმოსფეროში CO2-ის კონცენტრაცია დღევანდელზე მაღალი ხშირად ყოფილა, მაგრამ თუ არ ჩავთვლით კატასტროფულ ამოფრქვევებს, ასეთ მოცულობამდე აკუმულირებას ასობით ათასი წელი სჭირდებოდა.

ადამიანის საქმიანობის შედეგად კი ნახშირორჟანგის ასეთმა მაჩვენებელმა ატმოსფეროში სულ რამდენიმე ათწლეულში მიაღწია.

„კლიმატის ცვლილების უარმყოფელნი გამუდმებით გაიძახიან, რომ დედამიწა ყოველთვის თავად აღიდგენდა წონასწორობას. დიახ, ასეა, წონასწორობას ის ამ შემთხვევაშიც აღიდგენს, მაგრამ არა იმ დროის განმავლობაში, რომ ადამიანებისთვის ამას მნიშვნელობა ჰქონდეს“, — აღნიშნავს ვულკანოლოგიისა და პეტროლოგიის პროფესორი, მარი ედმონდსი.

მომზადებულია AFP-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი