დედამიწის კლიმატის უძველესი მოდელი ჩვენი მომავლის საზარელ სურათს ხატავს
დედამიწის კლიმატის უძველესი მოდელი ჩვენი მომავლის საზარელ სურათს ხატავს

მომავლის წინასწარმეტყველებაში ხშირად წარსული გვეხმარება.

თანაც, ის განსაკუთრებით მართებულია, როცა საქმე კლიმატის ცვლილებას ეხება. დათბობა გრძელდება და იმის შესწავლა, როგორი იყო პლანეტა მილიონობით წლის წინ, შეიძლება დაგვეხმაროს მომავლის გარკვევაში.

პირველად ისტორიაში, ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში მეცნიერებმა მოახდინეს ეოცენის, ანუ 50 მილიონი წლის წინანდელი ეპოქის კლიმატის სიმულირება. მაშინ მსოფლიო დაახლოებით 4 გრადუსი ცელსიუსით უფრო თბილი იყო.

მოდელის შედეგები გეოლოგიურ მტკიცებულებებს ეფუძნება და მიუთითებს, რომ როცა ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონე იმატებს, ჭარბ CO2-ს კლიმატზე იმაზე მეტი გავლენა აქვს, ვიდრე სხვა შემთხვევაში ექნებოდა. ეს კი საკმაოდ ავისმომასწავებელია ჩვენი კლიმატის მოდელისთვის.

უძველესი დედამიწის კლიმატის სიმულირება ახდენს კლიმატის მოდელების შექმნასაც, რომელსაც მეცნიერები კლიმატის ცვლილების მომავლის უფრო ზუსტი პროგნოზირებისთვის იყენებენ.

კვლევის ავტორის, ჩანგ ცუს განცხადებით, კლიმატის ასეთ მოდელებს ისინი გამუდმებით იყენებენ მომავლის პროექციებისთვის. მომავალში კი კლიმატი შეიძლება გაცილებით განსხვავებული იყოს იმისგან, რასაც ამჟამინდელი დაკვირვებები გვთავაზობს.

ცუს თქმით, ეოცენის ეპოქაში ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაცია ამჟამინდელზე ორჯერ მეტი იყო. თუმცა, ამ დრომდე მოდელები მის სიმულირებას სწორად ვერ ახდენდნენ.

ცუმ და მისმა კოლეგებმა აიღეს მოდელი, რომელსაც 2014 წლის მოხსენებაში დაეყრდნო კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფი (IPCC).

მოდელის საფუძველზე ჩატარებული გამოთვლები ზუსტად დაემთხვა იმას, რაც მეცნიერებმა უკვე იცოდნენ გეოლოგიურ მტკიცებულებებზე დაყრდნობით — რომ დედამიწის გლობალური ტემპრატურა ეოცენში უფრო მაღალი იყო, ტემპერატურების მცირე სხვაობა მხოლოდ პოლუსებს შორის და ეკვატორზე იყო. ეს ეპოქა ტემპერატურის 5-9 გრადუსის მატებით დაიწყო.

იქამდე, ვიდრე ეოცენი დაიწყებოდა, გლობალური ზღვის დონე ამჟამინდელზე 40-100 მეტრით მაღალი იყო.

პოლუსებზე ყინულების ნაკლებობის გამო, ზღვის დონე მილიონობით წლის განმავლობაში კიდევ უფრო იმატებდა. არქტიკულ სარტყელს ამშვენებდა პალმის ხეები, ბინადრობდნენ ნიანგები, და ქვიშის ვეფხვი ზვიგენები.

თუკი სათბურის აირების გამოყოფას საუკუნის ბოლომდე არ შევაჩერებთ, პროგნოზის მიხედვით, დედამიწის ატმოსფეროში CO2-ის კონცენტრაციამ შეიძლება მილიონში 1000 ნაწილს მიაღწიოს; ეს მაჩვენებელი კი იგივეა, რაც ეოცენის ეპოქაში იყო.

ამჟამად, ატმოსფეროში CO2-ის კონცენტრაცია მილიონში 415-ია (ppm), რაც უმაღლესი ნიშნულია კაცობრიობის ისტორიაში.

მხოლოდ ეოცენი როდია დედამიწის ისტორიის ის ერთადერთი ეპოქა, რომლის შესწავლაც მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების მომავლის უკეთ გასაგებად. შარშანდელი კვლევის მიხედვით, კლიმატი, რომელიც ჩვენს პლანეტაზე პლიოცენის ეპოქში, 5-2 მილიონი წლის წინ იყო, 2030 წლისთვის უკვე ნორმა გახდება.

ცუს განცხადებით, მისმა კვლევამ აჩვენა, როგორ შეუძლია გეოლოგიური მონაცემებისა და კლიმატის მოდელების კომბინაციას წარსულისა და მომავლის ზუსტი სურათების დახატვა.

კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი