კაცობრიობას ისტორიაში არასოდეს უცხოვრია ისეთ ატმოსფეროში, როგორიც ის ახლაა
კაცობრიობას ისტორიაში არასოდეს უცხოვრია ისეთ ატმოსფეროში, როგორიც ის ახლაა

ადამიანებმა ოფიციალურად შევაბიჯეთ რუკაზე დაუტანელ ტერიტორიაზე. დაახლოებით 2,5 მილიონი წელიწადია რაც ჩვენ ამ პლანეტაზე დავაბიჯებთ, მაგრამ ასეთ ატმოსფეროში აქამდე არასოდეს გვიცხოვრია.

უძველესი ქანების ახალმა კვლევამ დაამტკიცა, რომ გასული სამოცი წლის განმავლობაში ნახშირორჟანგის დონემ მიაღწია იმდენად მაღალ ნიშნულს, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა.

როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, პლეისტოცენის ეპოქაში, რომელიც დაახლოებით 2 580 000 წლის წინ დაიწყო, CO2-ის კონცენტრაცია საშუალოდ 250 ნაწილი იყო მილიონზე (ppm).

გასული სამოცი წლის განმავლობაში, ამ მუდმივობამ სწრაფად დარღვევა დაიწყო. კვლევების მიხედვით, პირველად ბოლო 2,5 მილიონი წლის განმავლობაში, ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში პლანეტაზე ნახშირორჟანგის დონემ მილიონში 415 ნაწილაკს მიაღწია.

ტეხასის უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერის, იგ ჟანგის განმარტებით, ამ კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ პირველი ჰომო ერექტუსის გამოჩენიდან (2,1 — 1,8 მლნ წლის წინ) 1965 წლამდე, ვცხოვრობდით დაბალი ნახშირორჟანგის გარემოში, რომელშიც მისი კონცენტრაცია მილიონში 320 ნაწილაკზე ნაკლები იყო.

მისივე თქმით, ნახშირორჟანგით მდიდარი ამჟამინდელი გარემო არა მხოლოდ ექსპერიმენტია კლიმატისა და გარემოსთვის, არამედ ექსპერიმენტია ჩვენთვის, ადამიანებისთვისაც.

იმის გასარკვევად, თუ საით მივემართებით, პირველ რიგში საჭიროა გავიგოთ, სად ვიყავით. ჟანგის თქმით, წარსულის კლიმატის შესწავლით, ამის გარკვევა ასე თუ ისე შესაძლებელია, რაც ასევე დაგვეხმარება ბურუსით მოცულ მომავალში ნავიგაციაში.

ჩვენი პლანეტის ატმოსფეორში CO2-ის დონის ისტორიის გასარკვევად, კლიმატის მეცნიერები ხშირად იყენებენ ყინულებიდან ამოღებულ ნიმუშებს, რომლებშიც ჩაჭედილია ჰაერის პატარა ბუშტები. თუმცა, ეს ნიმუშები ასობით ათასი წლის წინანდელია და არა მილიონობით.

დედამიწის უფრო შორეული წარსულის გასარკვევად, ჟანგმა და მისმა კოლეგებმა ქანებს მიმართეს. წარმოადგენს რა დედამიწის ნახშირბადის ციკლის ბუნებრივ ნაწილს, წარმოქმნისას მიწა ასევე წარმოქმნის კარბონატებს; სწორედ ისინი შეიძლება გამოვიყენოთ წარსულის კლიმატის ინდიკატორებად.

ჩინეთში, ლიოსის პლატოს ნამარხი მიწების კარბონატების ანალიზის შედეგად, მკვლევართა ჯგუფმა აღადგინა მილიონობით წლის წინ არსებული CO2-ის დონე.

ჟანგის თქმით, ლიოსის პლატო გასაოცარი ადგილია ნიადაგში ეოლიური, ანუ ქარის მიერ მოტანილი მტვრის კონცნტრაციის შესასწავლად. ამ პლატოზე აღმოჩენილი უძველესი ასეთი მტვერი 22 მილიონი წლის წინანდელია.

მართალია ნიადაგის კარბონატები მიახლოებით სურათს გვაძლევს უძველესი კლიმატის შესახებ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ლიოსის პლატოს კვლევის შედეგები დაემთხვა სხვა შეფასებებს, რომლებიც ყინულებიდან აღებული ნიმუშების შესწავლისას მიიღეს.

მიუხედავად ამისა, ჟანგი და მისი ჯგუფი ბოლომდე კმაყოფილი მაინც არ არის. შედეგების კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად, ისინი ნიადაგის ანალიზის მეთოდის დახვეწას გეგმავენ.

„წარსული ჩვენი მომავლის გასაღებია. დედამიწას ხანგრძლივი ისტორია აქვს. ბევრი რამ შეიცვალა კლიმატის, სიცოცხლისა და გარემოს ირგვლივ. პალეოკლიმატი მნიშვნელოვანია წარსულის შესასწავლად და ვინ იცის, იქნებ მომავლის წინასწარმეტყველებისთვისაც“, — აღნიშნავს ტეხასის უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერი, იგ ჟანგი.

კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია phys.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი