კაცობრიობამ არამიწიერი ცივილიზაცია შეიძლება კიდევ 400 000 წელი ვერ იპოვოს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
კაცობრიობამ არამიწიერი ცივილიზაცია შეიძლება კიდევ 400 000 წელი ვერ იპოვოს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

თუ გალაქტიკაში ამდენი ვარსკვლავი და პლანეტაა, სად არიან არამიწიერი ცივილიზაციები და რატომ არ გვსმენია მათგან არაფერი?

ასეთი გახლავთ ფერმის პარადოქსის საკვანძო კითხვები. ახალ პუბლიკაციაში, ორმა მკვლევარმა კიდევ ერთი მარტივი კითხვა დასვა: რამდენ ხანს უნდა გადარჩეს კაცობრიობა, რომ არამიწიერი ცივილიზაციებისგან რაიმე გავიგოთ?

პასუხი? 400 000 წელიწადი.

400 000 წელი ძალიან დიდი დროა სახეობისთვის, რომელიც სულ რამდენიმე ასეულ ათასი წლის წინ გაჩნდა და სოფლის მეურნეობა მხოლოდ 12 000 წლის წინ აღმოაჩინა.

კონტაქტის უნარის მქონე გონიერ არამიწიერი ცივილიზაციათა საკითხის (CETI) ზოგიერთი ახალი კვლევის მიხედვით, სწორედ 400 000 წელიწადს უნდა გაძლოს კაცობრიობამ, რომ უცხოპლანეტელთაგან რაიმე გაიგოს.

კვლევა The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა და მისი ავტორები პეკინის ნორმალური უნივერსიტეტის ასტრონომიის დეპარტამენტის მკვლევრები, ვენჯი სონგი და ჰე გაო არიან.

„ადამიანებისთვის, როგორც დედამიწაზე ერთადერთი მოწინავე გონიერი ცივილიზაციისთვის, ერთ-ერთი ყველაზე თავსატეხი კითხვაა, არის თუ არა ჩვენი არსებობა უნიკალური, ერთადერთი. გასულ რამდენიმე ათწლეულში არამიწიერ ცივილიზაციათა შესახებ მრავალი კვლევა ჩატარდა“, — წერენ ავტორები.

თუმცა, ძალიან ძნელია რაღაც ისეთის შესწავლა, რის არსებობაშიც კი არ ვართ დარწმუნებული. მაგრამ ეს მაინც არ გვაჩერებს.

არამიწიერ ცივილიზაციათა ნებისმიერი გზით შესწავლა დამაბნეველია, რადგან გვაქვს მონაცემთა მხოლოდ ერთი წერტილი: ადამიანები დედამიწაზე. თუმცა, ბევრი მეცნიერი ამ საკითხს ერთგვარი ექსპერიმენტის სახით იყენებს, მკაცრი სამეცნიერო მითითებებით. მაგალითად, 2020 წელს ჩატარებულმა ერთმა კვლევამ დაასკვნა, რომ ირმის ნახტომში სავარაუდოდ 36 არამიწიერი გონიერი ცივილიზაცია უნდა იყოს.

გონიერ არამიწიერ ცივილიზაციათა რაოდენობის საკითხი დაკავშირებულია იმასთან, თუ რამდენ ხანს შეიძლება მოგვიწიოს ლოდინი ერთ რომელიმესთან კონტაქტისთვის.

„ყოველთვის გვსურდა გვცოდნოდა პასუხი კითხვაზე, თუ რამდენი გონიერი, კონტაქტის უნარის მქონე არამიწიერი ცივილიზაცია არსებობს ირმის ნახტომში. რთული კითხვაა. შეგვიძლია ვისწავლოთ მონაცემთა მხოლოდ ერთი ცნობილი წერტილიდან, ჩვენივე თავიდან“, — წერენ მკვლევრები.

სწორედ აქ შემოდის ასპარეზზე დრეიკის განტოლება. ირმის ნახტომის შესახებ სულ უფრო მზარდი ცოდნის საფუძველზე, დრეიკის განტოლება ცდილობს შეაფასოს, თუ რამდენი გონიერი, კონტაქტის უნარის მქონე არამიწიერი ცივილიზაცია შეიძლება არსებობდეს ირმის ნახტომში.

მრავალი კრიტიკოსის განმარტებით, დრეიკის განტოლებას საკუთარი ნაკლოვანებები აქვს. მაგალითად, მისი ზოგიერთი ცვლადი ვარაუდზე ოდნავ მეტია, შესაბამისად, მის მიერ გამოთვლილი ცივილიზაციათა რაოდენობა საიმედო არ არის. თუმცა, დრეიკის განტოლება უფრო სააზროვნო ექსპერიმენტია, ვიდრე რეალური გამოთვლა. საიდანღაც უნდა დავიწყოთ და ის ამ საწყისს გვაძლევს.

„ამ პრობლემის შესახებ კვლევათა უმეტესობა დრეიკის განტოლებას ეფუძნება. ამ მეთოდის აშკარა სირთულე ის არის, რომ არასარწმუნო და არაპროგნოზირებადია შესაფერის პლანეტაზე სიცოცხლის აღმოცენებისა და მოწინავე, კონტაქტის უნარის მქონე ცივილიზაციად განვითარების ალბათობის რაოდენობრივი შეფასება“, — წერენ კვლევის ავტორები.

თუ ამ ყველაფრის შესახებ სკეპტიკურად ხართ განწყობილი, მარტო არ ხართ. შეუძლებელია მეცნიერულად ვიცოდეთ, რამდენი სხვა ცივილიზაცია არსებობს ან არსებობს თუ არა საერთოდ. არ გაგვაჩნია საკმარისი ცოდნა. ამ სახის კვლევები არის განუწყვეტელი საუბრის ნაწილი, რომელიც საკუთარ თავთან გვაქვს ჩვენი გაჭირვებული მდგომარეობის შესახებ. თითოეული მათგანი გვეხმარება დავფიქრდეთ ჩვენი ცივილიზაციის კონტექსტზე.

საინტერესოა, საიდან გამოთვალეს 400 000 წელიწადი, თუკი არ ვიცით, რამდენი გონიერი არამიწიერი ცივილიზაცია შეიძლება არსებობდეს?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2020 წელს ჩატარებულმა ერთმა კვლევამ დაასკვნა, რომ ირმის ნახტომში სავარაუდოდ 36 არამიწიერი გონიერი ცივილიზაცია უნდა იყოს.

ამ რიცხვამდე მივიდნენ გამოთვლების შედეგად, რომლებიც ეხებოდა გალაქტიკაში ვარსკვლავთწარმოქმნის ისტორიებს, ლითონშემცველობის გადანაწილებას და ვარსკვლავთა სასიცოცხლო ზონაში დედამიწის მსგავსი პლანეტების არსებობის ალბათობას.

როგორც კვლევა განმარტავს, გონიერი არამიწიერი ცივილიზაციისა და კომუნიკაციური ცივილიზაციების საკითხი მთლიანად ჰიპოთეზათა სფეროში დარჩება იქამდე, ვიდრე მათი დაფიქსირება არ მოხდება.

თუმცა, მკვლევრები იმასაც აღნიშნავენ, რომ მეცნიერებს მაინც შეუძლიათ ღირებული მოდელების შექმნა იმ ლოგიკურ ვარაუდებზე დაყრდნობით, რომლებმაც სულ მცირე შესაძლო შეფასებები შეიძლება გააკეთოს ასეთ ცივილიზაციათა რაოდენობის მაჩვენებლის შესახებ.

ეს კვლევაც დაახლოებით ამ მიმართულებით მიდის. ეხება ორ პარამეტრს, რომლებიც მწირად არის შესწავლილი. პირველი ეხება თუ რამდენი დედამიწის მსგავსი პლანეტაა სიცოცხლისთვის ხელსაყრელი და რამდენად ხშირად შეიძლება ასეთ პლანეტებზე სიცოცხლე განვითარდეს მოწინავე, კომუნიკაციურ ცივილიზაციად. მეორე პარამეტრია, დედავარსკვლავის ევოლუციის რომელ ეტაპზე უნდა დაიბადოს კომუნიკაციური არამიწიერი ცივილიზაცია.

საკუთარ გათვლებში, მკვლევრებმა თითოეულ ამ პარამეტრს ცვლადი მიანიჭეს. სიცოცხლის აღმოცენებისა და კომუნიკაციურ ცივილიზაციად გადაქცევის ალბათობაა (fc) და დედავარსკვლავის ევოლუციის საჭირო ეტაპი (F).

ამ ცვლადების სხვადასხვა ღირებულებათა გამოყენებით, სონგმა და გაომ Monte Carlo-ს სიმულაციების სერია ჩაატარეს. მივიდნენ ორ სცენარამდე: ოპტიმისტურ და პესიმისტურ ხედვამდე.

ოპტიმისტური სცენარი იყენებს ღირებულებებს F = 25 პროცენტს და fc = 0,1 პროცენტს. შესაბამისად, ვარსკვლავს სასიცოცხლო ციკლის სულ მცირე 25 პროცენტი უნდა ჰქონდეს გავლილი, რომ კომუნიკაციურმა ცივილიზაციამ წარმოქმნა შეძლოს. ამას გარდა, თითოეულ კლდოვან პლანეტას ასეთი ცივილიზაციის წარმოქმნის მხოლოდ 0,1-პროცენტიანი შანსი აქვს.

ეს ოპტიმისტური ცვლადები დაახლოებით 42 000 კომუნიკაციურ ცივილიზაციას გვაძლევს, რაც ძალიან ბევრია, მაგრამ სულაც არაა ბევრი, თუ გალაქტიკის მასშტაბით სხვადასხვა დროებში გადავანაწილებთ. ამას გარდა, ჩვენ გვჭირდება კიდევ 2000 წელი გადარჩენა, რათა მივაღწიოთ ორმხრივ კომუნიკაციას. თითქოს შესაძლებლობათა ფარგლებში ჩანს.

თუმცა, ეს არის ოპტიმისტური სცენარი, რომელიც სამყაროს სხვა კეთილისმსურველ, მეგობრულ ცივილიზაციათა დასახლების ადგილად აქცევს. ვინ იცის, იქნებ ზოგიერთი მათგანი იქნებ უკვე ესაუბრება ერთმანეთს და ჩვენ უბრალოდ მათთან შეერთება გვჭირდება.

ახლა კი რაც შეეხება პესიმისტურ სცენარს.

პესიმისტურ სცენარში, F = 75 პროცენტს და fc = 0,001 პროცენტს. შესაბამისად, ვარსკვლავს არ შეუძლია უმასპინძლოს კომუნიკაციურ ცივილიზაციას იქამდე, ვიდრე საკმაოდ არ დაბერდება. კლდოვან პლანეტაზე რაიმე კომუნიკაციური ცივილიზაციის გაჩენის შანსი კი უმცირესია. რას ნიშნავს ეს ყოველივე?

ეს პესიმისტური გათვლები ირმის ნახტომში 111 კომუნიკაციური არამიწიერი ცივილიზაციის არსებობაზე მიუთითებს. კიდევ უფრო უარესი კი ისაა, რომ ჩვენ კიდევ 400 000 წელიწადს მოგვიწევს გადარჩენა და ლოდინი, რათა მათთან ორმხრივი კომუნიკაცია შევძლოთ.

სწორედ აქ შემოდის სცენაზე ე. წ. დიდი ფილტრი. დიდი ფილტრი არის ის, რაც ხელს უშლის მატერიას სიცოცხლედ გადაქცევაში და შემდეგ მოწინავე ცივილიზაციად გადაქცევაში.

ამ საკითხს კვლევის ავტორები ასე განმარტავენ:

„არსებობს ვარაუდი, რომ ცივილიზაციათა სიცოცხლის ხანგრძლივობა დიდი ალბათობით თვითშეზღუდულია მრავალი პოტენციური შეფერხებით, მაგალითად, მოსახლეობის პრობლემებით, ბირთვული განადგურებით, კლიმატის უცაბედი ცვლილებით, მოხეტიალე კომეტებით, ეკოლოგიური ცვლილებებით და ა. შ. თუ ასეთი აპოკალიფსური არგუმენტი მართებულია, ზოგიერთ პესიმისტურ სიტუაციაში, კაცობრიობა შეიძლება ისე გაქრეს, რომ სხვა კომუნიკაციური არამიწიერი ცივილიზაციებისგან ვერანაირი სიგნალი ვერ მიიღოს“.

პუბლიკაციაში მეცნიერები წერენ, რომ fc-ისა და F-ის ღირებულებები სავსეა მრავალი უცნობით. ასეა ყველა ამ სახის კვლევის შემთხვევაში. ეს და სხვა კვლევები, რომლებიც ამ საკითხს სწავლობენ, უფრო სააზროვნო ექსპერიმენტებად აღიქმება, ვიდრე მყარ შედეგებად.

მიღებული შედეგებიდან შეუძლებელია რომელიმეში დარწმუნებული ვიყოთ, მაგრამ არ შეგვიძლია ასე ვისხდეთ და არ ვიკვლიოთ. ასეთია ადამიანის ბუნება.

„უცნობია, კლდოვან პლანეტათა რა პროპორციას შეუძლია სიცოცხლის აღმოცენება; ძლიერ არაპროგნოზირებადია ისეთი პროცესი, რომ სიცოცხლე მოწინავე კომუნიკაციურ ცივილიზაციად განავითაროს და კოსმოსში დაფიქსირებადი სიგნალები გაუშვან“, — წერენ მკვლევრები.

შეხვდება თუ არა კაცობრიობა ოდესმე სხვა ცივილიზაციას? ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული კითხვაა და თითქმის გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ვერავის, ვინც დღეს ცოცხალია, ვერასოდეს ექნება პასუხი.

პირველ რიგში, უნდა არსებობდნენ სხვა კომუნიკაციური არამიწიერი ცივილიზაციები, შემდეგ კი ჩვენ მათთან ერთდროულად უნდა ვარსებობდეთ და როგორღაც შევძლოთ კონტაქტი. სრულიად შესაძლებელია, რომ სხვა კომუნიკაციურმა არამიწიერმა ცივილიზაციამ უკვე დააფიქსირა სიცოცხლე დედამიწაზე, მაგრამ შემდეგ ისინი დიდი ფილტრის ან რაიმე ბუნებრივი კატასტროფის, მაგალითად, სუპერნოვას აფეთქების შედეგად ამოწყდნენ. ამას ვერასოდეს გავიგებთ.

იქნებ კაცობრიობა დიდხანს გადარჩეს. შეიძლება დედამიწა სიცოცხლისთვის არახელსაყრელი გახდეს და კაცობრიობამ მარსზე ან სხვაგან სადმე შეძლოს გაქცევა. მაგრამ შეიძლება თუ არა კომუნიკაციურ ცივილიზაციად ჩავთვალოთ დიდი ხნის მკვდარი პლანეტა, რომელზეც ოდესღაც მჩქეფარე სიცოცხლის გაუბედურებული შთამომავლობა აგრძელებს არსებობას?

გვიყვარს სხვა ცივილიზაციების ისე წარმოდგენა, რომ მათ წარმატებით დაძლიეს ის პრობლემები, რომლებსაც ჩვენ ჯერ კიდევ ვებრძვით. შეიძლება სიმართლე იყოს? ან იქნება თუ არა ჩვენ მიერ აღმოჩენილი პირველი კომუნიკაციური არამიწიერი ცივილიზაცია ერთ დროს დიადი, ამაყი ცივილიზაციის შთამომავალი, რომელიც თავდაჯერებულად ყვაოდა იქამდე, ვიდრე დიდ ფილტრში მოხვდებოდა?

ვინ იცის… თუკი კაცობრიობა ოდესმე შეხვდება სხვა ტექნოლოგიურ სახეობას, ეს იმდენად შორეულ მომავალში იქნება, რომ ჩვენი შთამომავლები თითქმის აღარაფრით იქნებიან ამჟამინდელ ადამიანთა მსგავსი.

ან იქნებ პასუხი ვერც ვერასოდეს მივიღოთ და დიდმა ფილტრმა შეგვიშალოს ხელი სხვა ცივილიზაციის პოვნაში.

თუმცა, თუ კაცობრიობას სჭირდება მიზანი, რომელსაც უნდა ჩაებღაუჭოს და ცოცხალი გადარჩეს, იქნებ სხვა არამიწიერ ცივილიზაციასთან კონტაქტის ოცნებაც ახდეს.

კვლევა The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Universe Today-ის მიხედვით.