დღეს ნასა მარსზე ახალ მავალს გაუშვებს — პროცესს შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში უყუროთ #1tvმეცნიერება
რამდენიმე საათში, თბილისის დროით 15:50 საათზე, ნასა მარსზე მეხუთე მავალს გაუშვებს — სპორტული მანქანის ზომის რობოტ მეცნიერს.
ბირთვულ საწვავზე მომუშავე მავალს „პერსევერანსი“ (Perseverance — „შეუპოვრობა“) ჰქვია და მისიის ღირებულება 2,4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ის მარსის ზედაპირზე ივლის და უძველესი მიკრობული სიცოცხლის ნიშნებს მოძებნის, გადაიღებს მაღალი ხარისხის ვიდეო და აუდიომასალებს, შეაგროვებს ქანების ნიმუშებს, რომელსაც შემდეგი მისია დედამიწაზე ჩამოიტანს.
მომავალში მარსზე ადამიანების გამგზავრების მოსამზადებლად, მავალი ასევე აღჭურვილია ექსპერიმენტული მოწყობილობით, რომელიც პლანეტის თხელ ატმოსფეროში არსებულ ნახშირორჟანგს ჟანგბადად გარდაქმნის; ასევე გატესტავს კოსმოსური სკაფანდრების პოტენციურ მასალას, რათა დადგინდეს, რამდენად კარგად უზრუნველყოფს ის მარსის რადიაციისგან დაცვას.
თუ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის, გეტყვით, რომ მავალის კორპუსში ჩაყენებულია პატარა ვერტმფრენი, სახელად „ინჯენუიტი“ (Ingenuity — „გამჭრიახობა“), რომელიც ფრენას შეეცდება — ეს ისტორიაში პირველი ფრენა იქნება სხვა პლანეტაზე. მავალს ასევე აქვს რობოტული მკლავი, კამერების ნაკრები და ორი მიკროფონი.
გაშვება დღეს, 30 ივლისს, თბილისის დროით 15:50 საათზე, კანავერალის კონცხიდან (ფლორიდა), რაკეტა Atlas V-ით მოხდება. პროცესს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ პირდაპირ ეთერში, ამ ბმულზე.
აღსანიშნავია, რომ ეს იქნება მარსისკენ ამ თვეში გაშვებული მესამე მისია. ორი კვირის წინ, ზონდი „ჰოუფი“ გაუშვა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა. ის წითელი პლანეტის ორბიტაზე იმოძრავებს და მისი კლიმატის გლობალურ რუკას შექმნის.
ერთი კვირის წინ, მარსზე მავალი „ტიანვენ-1“ გაუშვა ჩინეთმა. სპეციალური რადარით ის წითელი პლანეტის მიწისქვეშეთში წყლის „ჯიბეებს“ მოძებნის. მისიაში ასევე შედის ორბიტერი, რომელიც მარსის ატმოსფეროს შეისწავლის.
სამივე მისია დანიშნულების ადგილს 2021 წლის თებერვალში მიაღწევს, კონკრეტულად „პერსევერანსი“ კი მარსის ეზეროს კრატერში 18 თებერვალს დაჯდება. შორეულ წარსულში ეს კრატერი წყლით იყო სავსე; პლანეტურმა მეცნიერებმა ის ხუთწლიანი დეტალური კვლევების შემდეგ შეარჩიეს, რადგან მის ქანებსა და თიხას აქვს პოტენციალი, შეიცავდეს წარსულში არსებული სიცოცხლის ელექტროქიმიურ ხელწერას.
თუმცა, ამავე მახასიათებლების გამო, ეზეროს კრატერი საკმაოდ რთული ადგილია მავალის დასაჯდომად, რადგან რელიეფი სავსეა ორმოებით, ბორცვებითა და ლოდებით.
მიუხედავად ამისა, ინჟინრებმა დაშვების ტექნოლოგია დახვეწეს; მათ შორის, გააუმჯობესეს დამშვები პარაშუტი. ნასას წინა მავალი „კურიოზიტი“ 2012 წელს მარსზე ამავე მეთოდით დაეშვა. იგივე ტექნოლოგია გამოიყენა ზონდმა „ინსაითმაც“, რომელიც წითელ პლანეტაზე 2018 წლის ნოემბერში დაჯდა.
თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, „პერსევერანსი“ ნასას მეხუთე მარსმავალი იქნება.
2022 წელს, მარსზე მავალ „როზალინდ ფრანკლინს“ გაუშვებს ევროპის კოსმოსური სააგენტოც. აღსანიშნავია, რომ მისი გაშვებაც ახლა, ივლისში იყო დაგეგმილი, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ორი წლით გადაიდო.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.