NASA-ს ახალი მავალი მარსის ნამსხვრევს სამშობლოში, წითელ პლანეტაზე წაიღებს
NASA-ს ახალი მავალი მარსის ნამსხვრევს სამშობლოში, წითელ პლანეტაზე წაიღებს

ორ წელიწადში, NASA გაუშვებს ამ დრომდე ყველაზე მოწინავე მარსმავალს: Mars2020-ს, რომელიც წითელ პლანეტაზე სიცოცხლის ნიშნებს მოძებნის. მავალი აღჭურვილი იქნება მრავალი მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტით, რომლებიც მარსზე შეისწავლის თითქმის ყველაფერს. თითქოს უჩვეულო არაფერია, მაგრამ არის ერთი განსაკუთრებული დეტალი: NASA-ს ცნობით, Mars2020 თან წაიღებს დედამიწაზე ჩამოვარდნილი მეტეორიტის ფრაგმენტს, რომელიც მარსული წარმოშობისაა.

მეტეორიტი სახელად საიჰ-ალ-უჰაიმირი (SaU008) 2008 წელს ომანში აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, მილიონობით წლის წინ, იგი მარსიდანაა ამოტრყოცნილი. გაურკვეველი დროის განმავლობაში კოსმოსში ხეტიალის შემდეგ, ის საბოლოოდ დედამიწას დაეცა. ამ ტიპის მეტეორიტები უკიდურესად იშვიათია — აღმოჩენილია მხოლოდ 200 ეგზემპლარი.

რატომ ვგზავნით მარსზე? ნაწილობრივ, ის სენტიმენტალური არტეფაქტია, ვოიაჯერის ოქროს ფირფიტის მსგავსად. თუმცა, ამავე დროს აქვს უდიდესი მნიშვნელობა სამეცნიერო აღჭურვილობისთვის. Mars2020 მისიის ფარგლებში, მავალი ანალიზებს ჩაუტარებს მარსის ქანების ქიმიურ შემადგენლობას, მაგრამ ამ პროცესში გამოყენებად, მის მოწყობილობებს ესაჭიროება კალიბრაცია.

აღსანიშნავია, რომ Mars2020 აღჭურვილი იქნება ლაზერით, რომელსაც მარსის ქანებში ადამიანის თმაზე წვრილი მახასიათებლების წარმოჩენა შეეძლება. ამ ლაზერის წყალობით, მავალი მოახდენს სხვადასხვა ტიპის ქანების იდენტიფიცირებას და შედეგად, ერთად მოუყრის თავს მარსის გეოლოგიურ ისტორიაში განვითარებულ მოვლენებს.

ასეთი მოწყობილობა წარმოუდგენლად მგრძნობიარეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ესაჭიროება ხშირი კალიბრაცია.

„საგნებს იმედნად მცირე მასშტაბებში ვიკვლევთ, რომ ტემპერატურული ცვლილებით ან მავალის ქვიშაში შესვლით გამოწვეულ ორიენტაციის მცირე დარღვევასაც კი, შეუძლია განაპირობოს გარკვეული შეცდომები“, — ამბობს NASA-ს რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიის (JPL) მკვლევარი ლუთერ ბიგლი.

აქედან გამომდინარე, მავალს სჭირდება ობიექტი, რომელსაც საკუთარ მოწყობილობათა კალიბრაციისთვის გამოიყენებს. სწორედ ამ როლს შეასრულებს მეტეორიტი SaU008. წინა მარსმავლები კალიბრაციისთვის იყენებდნენ ქანებს, მინას, მეტალს, მაგრამ Mars2020-ის ჯგუფს რაღაც განსხვავებული სურდა. ლაზერის მუშაობის შესანარჩუნებლად, მათი არჩევანი თავად მარსის ნამსხვრევზე შეჩერდა.

რამდენიმე წლის შემდეგ, როცა მავალი Mars2020 წითელი პლანეტის ზედაპირს შეეხება, ის გახდება პირველი ობიექტი, რომელიც მარსის ნამსხვრევს სამშობლოში დააბრუნებს. ციცქნა ნამტვრევი, რომელმაც თვალუწვდენელ სივრცეში მილიონობით კილომეტრი იხეტიალა დედამიწამდე მოსაღწევად, გაიგზავნება იქ, საიდანაც წამოვიდა. მშობლიურ მიწაზე დაბრუნების შემდეგ, ეს ნამსხვრევი ძალიან დიდ დახმარებას გაგვიწევს, რათა კიდევ უფრო მეტი რამ შევიტყოთ ჩვენი ცეროდენა მეზობელი პლანეტის შესახებ.

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით

დატოვე კომენტარი