30 ივლისს ნასა მარსზე ახალ მავალს გაუშვებს — #1tvმეცნიერება
30 ივლისს ნასა მარსზე ახალ მავალს გაუშვებს — #1tvმეცნიერება

ნასას ახალი მარსმავალი „პერსევერანსი“ (Perseverance — შეუპოვრობა) გასაშვებად მზად არის; მისია წითელ პლანეტაზე უძველესი მიკრობული სიცოცხლის ნიშნებს მოძებნის.

„გაშვების მზადყოფნის შემოწმება დასრულებულია და სტარტისთვის ნამდვილად მზად ვართ“, — ამბობს ნასას ხელმძღვანელი ჯიმ ბრაიდენსტაინი.

მისი თქმით, მიუხედავად კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი სირთულეებისა, მისია იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი გაშვების თარიღი არ შეცვლილა.

გაშვება 30 ივლისს, თბილისის დროით 15:50 საათზე, ფლორიდიდან, კანავერალის კონცხიდან, რაკეტა Atlas V-ით მოხდება.

ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადაიცემა ნასას იუთუბ არხზე და სოციალური მედიის პლაფტორმებზე.

შვიდთვიანი მოგზაურობის შემდეგ, 2021 წლის 18 თებერვალს, „პერსევერანსი“ მარსის ეზეროს კრატერში დაეშვება.

ექვსბორბლიანი რობოტი დაახლოებით სპორტული ავტომობილის ზომის არის, იწონის 1040 კილოგრამს და წარმოადგენს ნასას მეხუთე, ამ დროისათვის ყველაზე მაღალტექნოლოგიურ მარსმავალს.

აღჭურვილია პატარა ვერტმფრენით, სახელად „ინჯენუიტი“ (Ingenuity — გამჭრიახობა), რომელიც ფრენას შეეცდება — ეს ისტორიაში პირველი ფრენა იქნება სხვა პლანეტაზე. მავალს ასევე აქვს რობოტული მკლავი, კამერების ნაკრები და ორი მიკროფონი.

უძველესი, განმარხებული ბაქტერიების საპოვნელად, მავალი გამოიყენებს ორ ლაზერს და რენტგენულ სხივებს ქიმიური ანალიზისათვის.

ამას გარდა, „პერსევერანსი“ შეაგროვებს მარსის ნიადაგის ნიმუშებს სამომავლო მისიისთვის, რომელიც მათ დედამიწაზე ჩამოიტანს შემდგომი კვლევებისთვის.

ეს კი გადამწყვეტია იმის გასარკვევად, არის თუ არა მის მიერ შეგროვებული ნებისმიერი ორგანული ნაერთი სასიცოცხლო პროცესების შედეგად წარმოქმნილი.

„პერსევერანსი“ გააგრძელებს წინა ორბიტული და სახმელეთო მისიების გზას, რომელთა წყალობითაც ვიცით, რომ ამჟამად მშრალი და ცივი მარსი მილიარდობით წლის წინ გაცილებით თბილი და წყლიანი იყო.

ასეთი გარემო წითელ პლანეტაზე საკმარისად დიდხანს იყო, რათა მიკრობული სიცოცხლე აღმოცენებულიყო.

30 ივლისს, აშშ მესამე ქვეყანა გახდება, რომელმაც ამ თვეში წითელი პლანეტისკენ მისია გაუშვა.

გასულ კვირაში მარსზე მავალი, სახელად „ტიანვენ-1“ გაუშვა ჩინეთმა.

წარმატების შემთხვევაში, ჩინეთი მეორე ქვეყანა გახდება აშშ-ის შემდეგ, რომელსაც სხვა პლანეტაზე მავალი ეყოლება; ჩინეთს ორი მავალი უკვე დასმული ჰყავს მთვარეზე.

ორი კვირის წინ, იაპონიიდან მარსისკენ ორბიტული ზონდი გაუშვა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა; ის არაბული სამყაროს პირველი მისიაა მარსისკენ.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.