-ლუდი გყვარებია, გუშინ „ოქროს კათხასთან“ დაგინახე, აქ რომ შემოხვედი, ვიფიქრე, საიდან მეცნობა მეთქი. სანამ უფროსთან იყავი შესული, გამახსენდა, საიდანაც მახსოვდი.

-ჰო, კარგი ლუდი აქვთ!

-ლუდს თუ „ოქროს კათხაში“ სვამ, რძეს ალბათ „ოქროს ძროხაში“ დალევ! – თქვა კარისკაცმა და ხარხარი აუვარდა. თავის ხუმრობებს საუკეთესოდ მიიჩნევდა. სონღულამ თვალით ანიშნა, შენ და შენი მხიარულება რომ არა, დავიქცეოდითო. მაგრამ კარისკაცს წინამძღოლად სიბეცე ჰყავდა და ვერაფერს მიუხვდა, თუმცა მთლად მისი ბრალიც არ იყო, სონღულას წარსულის მკაცრმა აკრძალვებმა მზერაც არაფრისმთქმელი გაუხადა. ამასობაში კარისკაცის გონებაში მორიგი ხუმრობა მომწიფებულიყო, სიცხის ავარდნამ ლოგინად ჩავარდნა იცისო, მერე კარგა ხანს ხარხარებდა. ისე ბოროტი კაცი არ ჩანდა, უფრო ბრიყვი ეთქმოდა. მის ხუმრობებს რა გამოლევდა და სონღულამ შინ წასვლა არჩია.

გარეუბანს მრავალი ცვლილება დატყობოდა. რაც აქეთ მშენებლობები აკრძალეს, ტერიტორიები ქალაქს მკვეთრად გაემიჯნა. ნაცრისფერი, ერთსართულიანი სახლები მთელ ჩაყოლებაზე განელაგებინათ და კოპწიად გამოიყურებოდნენ. დაფხავებულ ნაკვეთებს და მწირ ავლადიდებას, სამმაგი ფასი დასდებოდა. ოდესღაც მთავარ მოვლენათა ცენტრი კი გარეუბნის უბადრუკ ნანგრევად ქცეულიყო, რომლის ირგვლივაც ძველი ნაგებობები თითქოს დამპყრობელთა გარემოცვაში აღმოჩენილიყვნენ. ქალაქის მერს საკითხი ამგვარად გადაეწყვიტა – თვალსაჩინო ადგილები მდიდრებს მიაკუთვნა, ლამაზი სახლები რომ წამოეჭიმათ, ღარიბებს კი მოფარებული ნაკვეთები გამოუყო უსახური ქოხმახებისთვის. სარფიანი ადგილების შესახებ ვინც განაცხადს გააკეთებდა, გულახდილობისთვის მეტად ასაჩუქრებდნენ. ეს ვიღაცეებს ფულის შოვნის მეთოდად ექციათ, ამ ხერხით ირჩენდნენ თავს. სონღულა აქაც ისევე იცხოვრებდა, როგორც ქალაქის მთავარ პროსპექტზე. გამდიდრება მის ინტერესებში არ შედიოდა, მხოლოდ სიღარიბეს უსხლტებოდა ხელიდან. შინ ძველი საწოლი, ვეება კარადა, ჭრიალა მაგიდა, მოყანყალებული სკამები და ერთი ცარიელი სკივრი ედგა, რომელსაც არც კი კეტავდა. შიგნით ნიჟარები, კენჭები და სხვადასხვა წვრილმანი ხარახურა ეყარა, ძვლებივით ხრჭიალა, მისნები და ჯადოქრები რომ ეტანებიან, სარჩულებში იტენიან, ხოლო თუკი ჯიბე გაეხათ, მტრისას, ჩხარუნით გადმოცვივა გრძნეული ნივთები…

ორ დღეში სონღულამ ზაქარიას მიაკითხა. იგი მაგიდასთან იჯდა და ფურცლებს ჩაჰკირკიტებდა, თითქოს წლიურ ანგარიშს ადგენსო, ყოველ ციფრს გულდასმით დაჰყურებდა. მოწინავე თანამშრომლების აზრს ანგარიშს უწევდა, ვინც გრდემლთან საქმიანობს, რჩევას ხომ მეტად ეკითხებიან. მოკლედ ძალას არ ზოგავდა, ცუდ დღეში რომ არ ჩაცვენილიყვნენ. საუცხოო ხასიათი კი აღმოაჩნდა. კაცს ნაწყენს არ დატოვებდა, მაგრამ ჯაჯღანი ჩვეოდა, რაც მთელ ხიბლს უკარგავდა. ჯიუტი კი ჩანდა, ყველა შესაძლებლობა უნდა ამოეწურა, სანამ ხელს ჩაიქნევდა. უფროსი ერთხანს ტელეფონზე ლაპარაკობდა, ხარჯი არც აგვინაზღაურეს, უფრო მეტიც, დავზარალდითო. დროდადრო იძახდა – მესმის, მესმისო, სინამდვილეში არაფერი რომ არ გაუგია. ნუ შეწუხდებითო, ესეც ორჯერ გაიმეორა, მაგრამ გულისხმობდა, რა თქმა უნდა, ჯობს შეწუხდეთო. გადასახადის ქვითრებს ისე ავსებდა, თითქოს ქვეყნიერების მოწინავე კომპანიებთან ჰქონოდა მიმოწერა. ასეთი რამ ხელის ერთი მოსმით გამოსდიოდა. მაინც უკმაყოფილო იყო, უკეთესად მოფიქრებაც შეიძლებოდაო. სონღულას მონაცემები დაწვრილებით შეესწავლა და ჩათვალა, რომ სერიოზულ საქმეში ხეირს არ დააყრიდა. მერე საზეიმო სადილზე დაპატიჟა. თანამშრომელთაგან თითქმის ყველანი იქ იყვნენ და ერთნაირი ყელსაბამები ეკეთათ, თითქოს თანამოაზრეთა გუნდი ყოფილიყო. მზარეულმა ხახვი მოშუშა და დაჭრილი ხორცი ცეცხლზე შემოდგა, რომელმაც მალე შიშხინი იწყო და  მძაფრმა სურნელებამ ოთახი გაჭექა. ყველანი სვამდნენ, ყრუდ გაისმოდა ტოლჩების ჯახუნი. საამქროს დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. მთელი არსებით ეძლეოდნენ მხიარულებას, რადგან თვლიდნენ, რომ კაცობრიობამ საკმარისზე მეტი დრო დაუთმო ფილოსოფოსებს, რომელთაც დამაჯერებელი დასკვნა ვერ დადეს და ამიტომაც ფსიქოლოგიურ ჩაღრმავებებს გართობა ამჯობინეს. ზაქარია ვიღაცას გულს უშლიდა, ადრე სხვა საქმით ვიყავიო დაკავებული, მაგრამ მამაჩემის სიკვდილის შემდეგ გადავწყვიტე, ჩამოვშორებოდიო. თავის თავს წარმატებულ ადამიანად მიიჩნევდა, სმენა ტაშისცემამ რომ დაუქვეითა და ხანგრძლივმა აპლოდისმენტებმა, ხოლო მხედველობა ყვავილთა სიჭრელემ, რომელსაც მას უძღვნიდნენ, მაგრამ თავში არ ავარდნია. ვერ იტანდა, ნათურას ვარსკვლავად ვერ წარმოაჩენენ და ყალბ მძივებს ბრილიანტის თვლებად. მერე სიტყვით გამოვიდა, ჩვენი საამქრო წელს საუკეთესოებში დასახელდაო, ჭილოფებს სელისგან ვქსოვთ და შრომის დისციპლინაც მისაბაძი გვაქვსო, სიამაყით აღნიშნა. მას ყველანი ყურს უგდებდნენ სახეგაბადრულნი, მხოლოდ სონღულა გაჰყურებდა უძრავ მთებს, ვიწრო მდინარეს და შორიახლო ნაკვეთებში აღმართულ საფრთხობელებს. მერე ზაქარიამ გვერდზე გაიხმო, შენ თვითონ რა ტიპის დასაქმებაზე ფიქრობო.

-ღამის მორიგეობა მირჩევნია!

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16