4.

მსახურების ვადა თითქმის თავდებოდა, კალამიეცმა ბოროტი ზეიმით რომ განუცხადა, შავ წყლებში თქვენი გაგზავნის საკითხი დადებითად გადაწყდაო. თუმცა ამ მუქარას აღსრულება არ ეწერა, რადგან მალე ამისთვის აღარავის ეცალა, ჩინელებთან დიდი შეხლა-შემოხლა მოხდა და რადიოანძების სადგომი ზედ ფრონტის ხაზზე აღმოჩნდა. პირველი დარტყმა მათ მიიღეს. ომის საბაბი მდინარეში არსებული ტალახის კუნძული იყო. ერთი ნაღმი პარმაღთან დაეცა. დარტყმის ძალამ სკამები გადააყირავა. ბუტოვი დუმდა, სანამ აზრს გაამხელდა, გონებაში აყალიბებდა სათქმელს. უცებ ავტომატს დაავლო ხელი და ფერდობზე დაეშვა. სონღულაც მას მიჰყვა, მაგრამ ქვეყნის დაცვაზე მეტად ბუტოვის სიცოცხლე ანაღვლებდა. მალე შეერივნენ ტყვიების წვიმას და ხანძრის კვამლს, მრავალ ადგილას რომ გაჩენილიყო. მერე სიმღერა წამოიწყეს სიმხნევისთვის. თვალთახედვა ბოლმა დაფარა… მერე დაჭრილები ზურგში გადაჰყავდათ, ერთსართულიან შენობაში, სადაც საველე ჰოსპიტალი მოეწყოთ, საკაცეებით წამდაუწუმ შეჰყავდათ დაჭრილები. რამპის შუქი მოკლულთა გვამებს დაჰნათოდა, ისინიც იგივე საკაცეებით  გამოჰქონდათ. იპოდრომი ნაღმებმა გადაბუგეს. არაბული ტაიჭები ველური ჭიხვინით ცდილობდნენ გაღწევას, ხან ჩინელებისკენ გარბოდნენ, ხან უკან ბრუნდებოდნენ. ომმა სხვა რეალობა მოიტანა. ადამიანები იძულებულნი გამხდარიყვნენ, ახალ მოცემულობას შეგუებოდნენ. საშინელი ბრძოლა სულ ორ დღეს გაგრძელდა და ჩინელების სასტიკი უკანდახევით დასრულდა. ჯარების დაშორიშორება პირქუშ გამყინვარებაში მოხდა, როცა თბილი ამინდები სიცივეებმა შეცვალა, როგორც ფულის მსესხებლის სახე იცვლება ხოლმე, ვალის დაბრუნების დრო რომ მოაწევს.

ბუტოვი პირველივე დღეს მძიმედ დაიჭრა, მაგრამ საშინელ ტკივილებს არავის ახვევდა თავს. იგი სონღულას გამოიყვანა ბრძოლის ველიდან, თუმცა უკვე გვიან იყო. ბუტოვი, რომელსაც სახეზე ღიმილი არ მოსცილებია, იმავე საღამოს აღესრულა. კალამიეცი თვალს ვეღარავის უსწორებდა. მთელი ის დღეები არ გამოჩენილა, ბოლოს საწყობში მიაგნეს.

-კარები ჩამეკეტა! – თქვა მან.

-ფანჯრიდან ვერ გამოხვედი?

-ისიც ჩაკეტილი იყო, ჩარჩოს გამონგრევას კი მოვერიდე, სახელმწიფო ქონებას მოვუფრთხილდი, ხარჯში რომ არ გადამეგდო! – შიშისგან დაზაფრულმა თვითონაც არ იცოდა, თავი როგორ ემართლებინა.

მერე მშვიდობა დამყარდა და ორივე მეგობარი გენერალმა დააჯილდოვა მედლით – საბრძოლო მამაცობისთვის – ოღონდაც ერთი სიკვდილის შემდეგ.

-მე მიამბეს თქვენს შესახებ! – წარმოთქვა მან მწკრივად განლაგებული ჯარების წინაშე – ისედაც განუყრელნი ყოფილხართ! ჯარისკაცო! თქვენთან უკანასკნელი სათხოვარი გვაქვს, საბრძოლო დავალებაზე გაცილებით უფრო მძიმე და აღმატებული, ბუტოვის ნეშტი მის მშობლიურ ქალაქში უნდა გადაასვენო! მერე კი შინ წასვლა შეგიძლია! გზის ფულს და დემობილიზაციის ცნობას კანცელარიაში გადმოგცემენ!

ხანგრძლივი ფრენის შემდეგ თვითმფრინავი ხარკოვის აეროპორტში დაეშვა. იქ კატაფალკა ელოდათ. ბოგოდუხოვამდე სამოცი კილომეტრის გადაფარვას ერთი საათი დასჭირდა. ბუტოვის სახლი გარნიზონის შორიახლო მდებარეობდა. ყაზარმის სახურავზე იმდენი ყორანი ისხდა, თვლას ვერ აუხვიდოდი. მარშის დროს კრამიტებზე ისინიც მწყობრით დადიოდნენ. ორკესტრის ჰანგები შემოგარენს ეფინებოდა. ბუტოვი გარნიზონიდან გაასვენეს, ასეთი გახლდათ აღმოსავლელი გენერლის ნება. კატაფალკასთან ჩავლისას ჯარისკაცები ჩერდებოდნენ და ქუდს იხდიდნენ, მერე სონღულას მედალს უმზერდნენ და რაღაცეებს ეკითხებოდნენ. იგი მხოლოდ ჟესტებით პასუხობდა. განა იმიტომ, რომ სამხრეთული აქცენტით უქცევდა, დაღლილი იყო და ერჩივნა, ასე მოქცეულიყო. მერე წვიმა წამოვიდა და გზის გასწვრივ განლაგებულ ყვავილთა ქოთნებიდან ჭავლები ლურჯად გადმოდინდა, თითქოს პირთამდე სავსე სამელნეები ყოფილიყოს. გარნიზონის ინტერიერი საუცხოოდ გამოიყურებოდა. მთელი აღკაზმულობა ოქროსფრად იყო მოოჭვილი. ოფიცრები გზის შესამოკლებლად გაყინულ არხს ხიდივით იყენებდნენ. როცა ყინვები გადაივლიდა, ყინულს ბზარი უჩნდებოდა და მთელ ჩაყოლებაზე ტყდებოდა. სასაფლაო ქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარეობდა. უცნაური მხარე იყო. ჭაობის წებოვანი ზედაპირი მწვანედ ბრწყინავდა, ხოლო გაცრეცილი ცაცხვების იქით ნიავის წამობერვისას მოყანყალე წყალი ჭავლებად ლიცლიცებდა. შორიახლო ორიოდე მდიდრული აგარაკი, თავისი მშვენიერი ბაღჩით და ისტორიის წიაღსვლების მომსწრე ციხე-კოშკი მედიდურად გამოიყურებოდა, თითქოს სარკის წინ ბეჯითად კოპწიაობსო. უზადო სილამაზეს ნატიფი სამკაულებიც ხელს უწყობდა, მეწამულ ფერში გადაღებილ პირქუშ კედლებს აღორძინების პერიოდის დიდებულება აჩნდა და გვირგვინივით ჩანდა უსახურ ქოხმახთა ურიცხვ გარემოცვაში, რომელთაც ჩარჩოებიც დაბრეცილი ჰქონდათ, ფანჯრებს კი ალბათ ბოლომდე ვერც კეტავდნენ. მრავალთა ოცნება გამქრალიყო ერთეულთა ოცნების ასახდენად.

სონღულა ბუტოვის დედას დიდხანს უყვებოდა ღირსეული შვილის შესახებ, რომელიც მდუმარედ უსმენდა. მხოლოდ ზოსია, ბუტოვის და, ტიროდა გულამოსკვნით. დასაფლავების შემდეგ სონღულას დარჩენა შესთავაზეს, მაგრამ მან წასვლა არჩია. ზოსიამ სადგურამდე მიაცილა. დროდადრო მატარებლის შემადგენლობა ჩაივლიდა ხოლმე ჩაქჩაქით. ვაგონის მინები მზეს ირეკლავდა, რომელსაც ზოსია მოჭუტული თვალებით გასცქეროდა. მისი მშვენიერი ჭორფლიანი სახე ვარსკვლავებიან ცას ჰგავდა. სილამაზე უკიდეგანოა, გაიფიქრა სონღულამ. მერე მატარებელში ავიდა და სანამ გამოემშვიდობებოდა, მარუსა გაახსენდა, მისი ერთადერთი სიყვარული.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16