-მაშ ვერაფერს მიმხვდარხარ! – გაუღიმა ბუტოვმა, მერე ქუდი მოიხადა, მუხლზე დაიბერტყა და ისევ თავზე ჩამოიცვა. სონღულა ვერ მიხვდა, ეს რატომ გააკეთა, მაგრამ ანტონოვკა ძალიან კი ჩააფიქრა, თითქოს ამ ჟესტმა წარსულის რაღაც ეპიზოდი გაახსენა.

-ადრე შენც ნაწილში იყავი? – დაკითხვა სევდიანად განაგრძო ანტონოვკამ.

-ჰო! მაგრამ მე ლაღი მშვილდოსანი ვარ, გარნიზონს ვერაფრით შევეგუე!

-სნაიპერი ხარ? – ჰკითხა კვლავ გულუბრყვილოდ.

-ჰო, ბოროტებას ბუდეს ვუნგრევ! – გაუცინა ბუტოვმა.

მერეც ხშირად გახსენებია სონღულას ანტონოვკა, ნეტავ ახლა სად არის და როგორ ცხოვრობსო, გაუფიქრია მასზე.

ბუტოვს არავის გაკიცხვა არ ჩვეოდა, თავის ხედვასაც მოკრძალებით უზიარებდა სხვებს. იგი სრულყოფილების გზებზე სიარულისგან დაკოჭლებულიყო და გარღვეული სამანების ჭვრეტას დაებრმავებინა. როცა მოყოლას იწყებდა, თვალებში ისეთი სევდა ედგა, წუთისოფელთან შეხმატკბილება არაფრით რომ არ გამოსდით.

-ლაღად მომავალნი უკან ძუნძულით გაბრუნდებიან, თანაც მხოლოდ იმისთვის, რომ დანარჩენები გახიზნონ. წინამძღოლიც საცოდავად მიჩანჩალებს, ჯერ კიდევ წინა დღით ამაყი გაძღოლა რომ ჩვეოდა. მთელი დღის საგზალი ლუკმადაც არ ყოფნის, თითქოს პეშვით უწილადესო! – თქვა რატომღაც, ალბათ უცნობი ხილვა ჰქონდა მოსალოდნელი ომის შესახებ, ხელს ჩინეთისკენ იშვერდა და განაგრძობდა – ადამიანი უხილავი სამიზნეა ბედისწერის მშვილდოსნებისთვის. რასაც ავიცილებთ, უარესი დაგვატყდება,  ჭკუას მხოლოდ ბერებს ვეკითხები, მხოლოდ თვითმხილველს ვენდობი, თუნდაც ბრმა იყოს! განმარტოება უდაბნოში თვალის ახელას ჰგავს და მნიშვნელობა აღარ აქვს, რა მიზეზით აღმოჩნდი იქ, მთავარი ის არის, რომ წამზომი ჩართულია და წყლის ძებნას უნდა შეუდგე, სევდიან მზერას ნისლები აყალიბებენ, ალმაცერს – კაშკაშა მზე, მილეული ხმა კი უფრო მეტ ჭეშმარიტებას გამცნობს, ვიდრე ომახიანი შეძახილი. მე გზა ვინც მიმასწავლა, ამის გამო აითვალწუნეს, გზა ვინც არ იცოდა, იმათ. გზა კი ტყე-ღრეზე გადიოდა, სადაც ხის ფუღუროები მერქნის ღეჭვით კბილებდახრულ აჩრდილთა სადგომებს წააგავდა…

ბუტოვს კითხვას რომ დაუსვამდნენ, ზუსტად იმდენ ხანს დუმდა, რამდენიც გონების მოსაკრებად სჭირდებოდა, შემწყნარებლურ მზერას ცას მიაპყრობდა, თითქოს რაშიც გაიწაფა, იმაში უნდა განეფინოსო, მერე კი აზრის მკაფიოდ გამოხატვა ჩვეოდა:

-ბინის შეძენა მდიდრისგან ჯობს, სხვაც ბევრი რამე გააჩნია, დიდად რომ არ გამოეკიდოს. ღარიბი მეძვირეა, რადგან მეტი არაფერი აქვს და სამომავლო გეგმებს მასზე ამყარებს, იმ განსწავლულ ხალხს კი მოერიდე, ცოდნას რომ ეწაფებიან, მაგრამ უბრალოებას კარგავენ, გართობად მიჩნეული საქმე ჭაპანწყვეტად ქცევიათ. გატეხილი გული იმ ღვინის სასმისს ჰგავს, რომელსაც აღარავინ შეავსებს, სასიხარულო სიახლეს ძველთან განშორების სევდაც ახლავს. ადრე საყოველთაო ბედნიერების მეც მჯეროდა. მაშინ პოლიტიკურ განმანათლებელთა ჯგუფი გამოჩნდა, ჩიხიდან გამოსასვლელად ეპოქებს რომ ცვლიან. თავისუფლების სახელით მომავალთ ბორკილები და თოკები მოჰქონდათ. ისტორია ყოველთვის გაყალბდება და ამას ძლიერები ჩაიდენენ, რათა მიჩქმალონ ის დრო, როცა ძლიერები არ იყვნენ. უსუსურობის ამსახველ ფურცლებს ამოხევენ და თავიანთ უსამართლობას სიმართლედ შერაცხავენ. ამას დიადი მიზნებისთვის განიზრახავენ, მაგრამ განზრახვა ზოგჯერ იმისაა, რომ მასზე ხელი აიღო. ტაძარი და საკურთხეველი – აი, სწორი გზის მაჩვენებლები. ბედნიერია, ვინც ამ მიმართულებას უერთგულებს. ხოლო ვინც ამ ქვეყანას ირჩევს, გზა არევია და საპყრობილეში ჩავარდნა მოსურვებია. მეტწილად ასეა, ვიწრო ბილიკით მიმავალთ არ უსმენენ, ფოსტით მოსულ ამანათებს ხომ ყველაზე გვიან აკითხავენ ხოლმე!

იმ დღეს ისე გათენდა, თითქოს ჰორიზონტზე გაუფერულებული ხორბლის მტვერი დაპნეოდათ. მეფე რომ ნადირობიდან ბრუნდება, იმგვარი ლასლასით ამოცურდა მზე. ვერც კი დაიჯერებდი, ეს სასახლე, ქვეყნიერება რომ ერქვა, მას თუ ეკუთვნოდა. ბრჭყვიალა ღრუბლები ფერად კენჭებს ჰგავდა, ლაჟვარდებს რომ ჩამოფშვნეს და ზეცა იმით გადაღებეს.

-რახან მწვერვალზე ვართ, სივრცესაც მეფურად გადავხედოთ! – თქვა ბუტოვმა.

ქალაქის ორი სანაპირო მდინარის გასწვრივ შეკუმშულ ბაგეებს წააგავდა. მდინარე იქ წვრილ დელტას ქმნიდა და უშველებელ ოკეანეს უმნიშვნელო ულუფებად ერთვოდა. მოედანზე ტროტუარი ტახტრევანივით იყო შემაღლებული. მის თავზე მნათობებსაც თავისი განრიგი ჰქონდათ დაწესებული. აქეთ მხარეს კი, ჩრდილში დანთქმული რუხი მინდვრები დინებათა ვრცელ სარეცლად ქცეულიყო, მთელ ქვეყანაზე რომ ვრცელდებოდნენ. შორი ხმაური მერხების რიხინივით გაისმოდა, თითქოს ახირებული ბავშვები სკოლიდან ბრუნდებიანო.

-ადრე მიმაჩნდა, ღვთისთვის სათნო საქმე რომ აღასრულო, პირზე სულ მუდამ ღვთის სახელი უნდა გეკეროს მეთქი! მაგრამ რამდენადაც ვრწმუნდებოდი ჩემ სიმართლეში, მით უფრო ვბოროტდებოდი. ეს კი ჩემ შეგრძნებებს ნათლის ნაცვლად რუხ ელფერს სძენდა. ჭაობში ნაპოვნს სიმყრალის სურნელს დიდხანს ვერ გააცლი, სწორი ხედვა თუ არ გექნება, ყოველი დეტალი ხელისშემშლელი აღმოჩნდება. სიცოცხლე ვისთვის ზეიმია და ვისთვის ბედუკუღმართობა, ნისლში გზის გაგრძელებას ჯობს გაფანტვას დაელოდო, რადგანაც როცა საკითხი ბუნდოვანი ხდება, თავს ვანებებ. ცოტა კანონდარღვევაც შეიძლება, ოღონდაც არისტოკრატული მიხვრა-მოხვრით. ცხოვრება ისეა მოწყობილი, მოლიპულ გზებზე ოხვრა და შეკივლება გაისმის. აღმართებიანი გზა ციცაბოებზე გადის. სადაც შენ ოქროს ზოდს გადააწყდები, სხვამ შესაძლოა ნამცეციც ვერ იპოვოს. კითხვები უღრან ტყეს წააგავს, პასუხები უვრცეს უდაბნოს. სიცრუის მიდევნა იგივეა,  ბოროტებს განძის შესახებ გაუმხილო. ისინიც არ დააყოვნებენ, პირწმინდად რომ წაიღონ ნაძარცვი…

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16