ლენა შეიშმუშნა და სარკმელს მოცილდა, რადგან ქარმა ისე დაუბერა, თითქოს შრიალა შლეიფების მთელი გარდერობი ჩამოეტარებინოს.

-ისევ სასტუმროში მოღვაწეობ?

-სად წავალ აბა! საუცხოო პირობებია, შუადღის კვებაც გვაქვს და ცხელი წყალიც მუდმივად, ოღონდ ეგ არის, აბაზანიდან დროდადრო განწირული ხმები გაისმის!

-რას გულისხმობ?

დიდხანს უხსნიდა ლენა სასტუმროს  წყალგაყვანილობის სისტემის შესახებ, რომელსაც რაღაც მექანიზმი მოშლოდა. ყოველ ხუთ წუთში შხაპიდან უცებ მდუღარე წყალი მოდიოდა, მეყსეულად რომ ცვლიდა ყინულივით ცივი წყალი. ამიტომაც ამ მიზეზით გამოწვეული კივილი წყვილად გაისმოდა. ტექნიკური სამსახურის წარმომადგენელმა ვერაფერი გაუგო, სასტუმროს თანამშრომელებმა კი გაჩუმება არჩიეს, ისედაც მცირე რაოდენობის სტუმრები გვყავს და ისინიც არ დავაფრთხოთო. ძველებიდან, ვინც ამის შესახებ ინფორმირებული იყო, აბაზანაში საათი შეჰქონდა, ყოველ ხუთ წუთში ონკანს ცილდებოდა და ტანს ისაპნიდა, ტყუილად რომ არ მომცდარიყო, ელვის სისწრაფით მოქმედებდა, არსებულ რეალობასთან შეთანხმებულად. ახლებიდან, ვინც პირველად იღებდა შხაპს, თუკი ათ წუთში მოასწრებდა გადავლებას, ორ-ორჯერ კივილი სულ ორჯერ გაისმოდა, ხოლო ვინც დაბანას დიდხანს უნდებოდა, გარეთ გამოსვლისასაც განაგრძობდა კივილს და გაჩენის საათს და თავბედს იწყევლიდა.

-ჩვენ, მომსახურე პერსონალი, ამას არ ვიმჩნევთ! – ნიშნისმოგებით დაასრულა ლენამ – ისედაც მშვენივრად ვიცით,  საქმის არსი რაშიც მდგომარეობს, ჯერჯერობით მალამოებით გავდივართ ფონს, დამწვრობის ცენტრის შეწუხება არც კი დაგვჭირვებია!

-საუცხოო ტორტი მოგიტანია! – თემა შეცვალა ნელიმ.

-ვიცოდი, ევა ყავას და შაქარს მოიყოლებდა და ბარემ ტორტსაც შევატანთ მეთქი. მარწყვის გნებავთ თუ ალუბლისო, შემომთავაზეს. რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია გრანდიოზული და გემრიელი იყოს მეთქი. „ტორტილა ფლეტში“ ვიყიდე, სწორედ ჩემი სახლის ქვეშ გახსნეს ფილიალი, ტორტების მაღაზიათა ქსელია, არ გსმენია? გაზეთებშიც ეწერა ამის შესახებ!

-ეჰ, გაზეთებს სადღა ვნახულობ, დილიდან გვიანობამდე ვმუშაობ, სახლიდან რომ გავდივარ, ჯიხური ჯერაც არ არის ღია, უკან დაბრუნებისას კი უკვე დაკეტილი მხვდება.

-საუკეთესო ტორტებს აცხობენ! ერთი მხარე გზაში კი შეეჭყლიტა, – თქვა დანანებით – აქეთ რომ მომქონდა, რა ჯანდაბამ შემომადებინა ავტობუსის თაროზე, დამუხრუჭებისას ზედ გადმომემხო, თუმცა დიდადაც არ დაზიანებულა!

-ეგ არ შემინიშნავს, შენ ხომ არაფერი მოგსვლია? – შეწუხდა ნელი.

-მე რა უნდა მომსვლოდა! – მხრები აიჩეჩა ლენამ – შარს კი ლამის გადამყარა. გვერდით ვიღაც პენსიონერი მეჯდა, აი, საჩივრებით რომ სულდგმულობენ, ისეთი. ნეტავ მე დამცემოდაო, სინანულით აღმოთქვა. რატომ მეთქი, დავინტერესდი. ჩამოგართმევდითო, ქალბატონო, კოდექსს კარგად ვიცნობო, ძველი იურისტი გახლავართო – მოქალაქეს, რომელიც სხვისმა ნივთმა დააზიანა, ზარალის ასანაზღაურებლად ამ ნივთს თუ გადავცემთ, სამართლიანობა აღდგებაო. ტორტი მოუნდა თავხედს! ასეთი კანონი შესახებ არაფერი მსმენია მეთქი. სწორედ  ახლა ვმუშაობო მაგ საკითხზე. ყოველ შემთხვევაში ხომ არ დაგცემიათ მეთქი, შევაწყვეტინე. ის კი განაგრძობდა, რა მშვენიერი მუხლი იქნებოდა, თუკი დამტკიცდებოდა, რომ ნივთი, რომელიც მოქალაქეს დააზიანებს, მასვე მივაკუთვნოთ, თქვა ნეტარი სინანულით. კიდევ კარგი იუსტიციას არ განაგებდა, თორემ მთელ სურათს შეცვლიდა სახელმწიფოში. იცი, რას ვფიქრობ ხანდახან, მართლა მაიმუნების მოდგმის ხომ არა ვართ მეთქი?!

-საიდან მოიტანე?

-ასე არ გვასწავლიდნენ?

-ჩვენ დროს სკოლა უფასო იყო და  რაც მოეპრიანებოდათ, იმას ჩაგვჩიჩინებდნენ, მაგრამ ისევ ის დრო მერჩია, ჩემი ქართველობით ვამაყობდი, რა ვქნა, მიყვარს ყველაფერი ქართული!

-შენ გიყვარს ყველაფერი არქი-რთული! – გაეპასუხა ლენა, ევროპული ღირებულებების მოტრფიალე.

-აბა, ეს არის საქმე? იმ დღეს ევა დავინახე ავტობუსში, მაგრამ თვალი ავარიდე, ბილეთის აღება რომ არ დამჭირვებოდა! – უპასუხა ნელიმ, ძველ დროს რომ მისტიროდა – ფასებმა ნათესავები ერთმანეთს დაგვაშორა!

ლენამ შვილს დაუტია, იატაკზე პურს ნუ აპნევო.

-ეს კვების ახალი სტანდარტია, ნარჩენები ძირს უნდა ეყაროს! – ისიც კარგი შებერტყილი ჩანდა.

-ბექა! რა ხდება შენსკენ? – გაუღიმა ნელიმ.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16