-არაფერი კარგი! პურზე და პროდუქტებზე ყოველთვის მე მაგზავნის! – დედამისს სახე მიუშვირა – თან ყველაფერში მეწინააღმდეგება. მსახიობობა მინდა, მაგრამ მაიძულებს, მხატვარი გამოვიდე. ჩემს მოწოდებას ჩირადაც არ აგდებს!

-შენი თუ არ გაიტანე, მთელი ცხოვრება იმ როლის თამაში მოგიწევს, რომელსაც ცუდად ასრულებ! – მხრები აიჩეჩა ნელიმ.

-რას ეუბნები ბავშვს! – დაუტია ლენამ.

-მაგრამ ანაზღაურება საგრძნობლად უკეთესი გექნება! – გამოასწორა ნელიმ.

-მსახიობობა! – გამოაჯავრა ლენამ – მამაშენი თუ იყო მსახიობი, რა ხეირი დაგვაყარა? ერთთავად მთვრალი დაყიალობდა აღმა-დაღმა. მე ვიცი შენი მოწოდება! – მერე ნელის მიუბრუნდა – აი, თვითონვე შეაფასე, ეს მისი ნამუშევრების ფოტოასლებია! – პრიალა ქაღალდები ჩანთიდან ამოიღო, მუდამ თან რომ დაჰქონდა და ამაყად აუფრიალა ცხვირწინ – სპეციალურ კომისიას ვუჩვენე, მკაცრად რომ განიხილეს ეს საინტერესო, მაგრამ ერთი შეხედვით გაურკვეველი ფიგურები. წვრილმანებიც გამოკითხეს, ეს გრძელი ხაზი რისი აღმნიშვნელიაო, მადუღარას მავთულისო, ამან უპასუხა. კონცენტრირებული წრეები? ფინჯნების და ლამბაქებისო! რას საქმიანობენო? რას და ყავას ადუღებენო! რისთვისო? რომ დალიონო! ჰოდა დასკვნა დადეს, დღემდე ასეთი არაფერი გვინახავს, ეტყობა ახალი ხედვა აქვსო. უმაღლესი კატეგორიის პედაგოგებთან ვამზადებ. ბინაც კი გავყიდე ამის გამო!

-ბინის შესახებ არაფერი გითქვამს!

-არც ვაპირებდი თქმას, სიტყვამ მოიტანა. ცინცაძეებმა იყიდეს, ჩემი მეზობლები ხომ გახსოვს? გაფართოება უნდოდათ. იმ ციცქნა ოთახში იმდენი რამ შეზიდეს, წარმოდგენა არ მაქვს, როგორ დატევენ, ერთმანეთზე თუ შემოალაგებენ!

-ბინა მაინც როგორ გაიმეტე? – ჰკითხა დაეჭვებით, სონღულას ბინას ხომ არ უმიზნებსო.

-ისედაც ვაპირებდი, მშენებარეში განცხადება შეტანილი მაქვს! თან სახლიც ვიგირავე და ფულიც ბლომად დამრჩა.

-გირაოს ძვირს გეტყოდნენ! – დამშვიდდა ნელი.

-არც ისე, შეღავათები მომცეს!

ამ დროს კარები ზურაბმა და ევამ შემოაღეს.

-სადაცაა ექიმი მოვა! გამოძახება ვარჩიეთ! ზედმეტ კითხვებს ავიცილებთ თავიდან, გარდაცვალების ცნობის აღება რომ დაგვჭირდება.

-დანიშნულება ხელთ გვექნება! – დაადასტურა ევამ – ჩათვლიან, რომ ზრუნვას არ ვაკლებდით!

სონღულას მაინც ერთგვარი სიფრთხილით გადახედეს, შემთხვევით ხომ არაფერი გაიგონაო. ცოცხლებში აღარცა თვლიდნენ. ზურაბმა ზიზღით აღმოთქვა, ჯანმრთელიც რას ჰგავდა, ახლა კი საერთოდო.

სონღულა მართლაც ისეთი მახინჯი იყო, ნანგრევების ქვეშ მოყოლილსაც კი დიდ ცვლილებას ვერ შეატყობდი სახეზე. მაგრამ თავად ამას  არ განიცდიდა. იქნებ განიცდიდა კიდეც, კაცის ცხოვრება იდუმალებითაა მოცული, უცხო თვალთაგან დაფარული რჩება. ევა სონღულას ფერხთით მოთავსდა იატაკზე. კარებზე რომ დააზარეს, ზურაბი გავიდა და ცოტა ხანში ექიმს შემოუძღვა. ევა არც კი წამომდგარა, გეგონებოდა, დამბლა დასცემიაო. არც ექიმის მითითებას უმოქმედია მასზე, რომელიც დაზაფრული მისჩერებოდა, ბოლოს სნეულთან ინახით ჯდომა ოჯახურ ტრადიციად მიიჩნია და დამშვიდდა. გასინჯვის შემდეგ დინჯად იკითხა:

-სახეზე რა ჭირს, ნაცემია?

-არა, ბუნებრივად ჰგავს ნაცემს! – სხაპასხუპით უპასუხა ევამ.

-დიდი ხანია…

-დაბადებიდან!

-… რაც ხმას აღარ იღებს?

-აა, რამდენიმე დღე იქნება! – დაუზუსტა ევამ.

ექიმმა მხრები აიჩეჩა და თავის ქნევით გავიდა სასტუმრო ოთახში, მაგიდას მიუჯდა და სანამ რეცეპტს დიდხანს და გმირულად წერდა, დანარჩენები სკამის ჭრიალს მორჩილად უსმენდნენ. რაღაც გამაყუჩებელი ნემსები იყო, ეს იმ შემთხვევაში, ტკივილები თუ შეაწუხებსო.

-დასანანია, მაგრამ გაგიმხელთ, გადაყვანას აზრი არა აქვს, ისე თქვენი გადასაწყვეტია! – გაუმხილა ზურაბს, ერთადერთ მამაკაცს, ლენას ვაჟს თუ არ ჩავთვლიდით.

-გვიცანი, ბიძაჩვენო? – სონღულას ისე დააჩერდნენ ექიმის წასვლის შემდეგ, თითქოს ხანგრძლივი მივლინებიდან დაბრუნებულ კონსულს ჩემოდნების ირგვლივ შემოსხდომოდნენ.

-დეიდაშვილებსაც მივწერე ხეობაში, მერე რომ არ წყენოდათ, მაგრამ არც შემხმიანებიან! – თქვა ევამ, მერე სევდიანად დაამატა – როცა სამგლოვიარო ტექსტის წერა გიწევს, მელანს თითქოს ჟასმინის სურნელი უდის!

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16