-რატომ არ გახვედი კონკურსზე? – უსაყვედურა შემდგომი ნახვისას – იცი, პირველ ადგილზე ვინ გავიდა? ის, ვინც მეორე ადგილზე უნდა გასულიყო!

მარუსას გაეცინა, სონღულა კი თავისას განაგრძობდა, ეგ ლაღი სიცილი შენივე სილამაზით დატყვევებული ბიჭების სათნო თანაგრძნობითააო განპირობებული!

რაც მარუსა გაიცნო, დიდი გეგმები დაისახა. ყველა მნიშვნელოვანი საკითხი ფურცელზე ჩამოწერა თანმიმდევრობით. უმნიშვნელო დეტალსაც არ უარყოფდა ხელაღებით. სიტყვებს ისე ფხაჭნიდა, თითქოს კალმის ნაცვლად დაშნა სჭეროდა, რომ მერე, თუკი ვერ აღასრულებდა, ნაწერები ნაკუწებად ექცია. საშინელი კალიგრაფია ჰქონდა, ასოები ბატიფეხურით გამოჰყავდა, მაგრამ შინაარსს თავზე დაჰკანკალებდა, რამდენჯერმე გადაიკითხავდა ხოლმე და ყოველ წვრილმანს გულისყურით ჩაჰკირკიტებდა, თითქოს მხატვარი უფაქიზეს ესკიზებს ხვეწსო. მრავალ გულგრილ ადამიანს გადაჰყრია, მაგრამ მათი უდარდელობის მიზეზს ვერ ხვდებოდა. ოცნებებისგან გამოსწორებული კაცის არაფერი სწამდა. ასეთებს თავიდანვე ემიჯნებოდა. იგი თვლიდა, რომ შეუძლებელია იყო მართალი, მაგრამ შესაძლებელია იყო გულწრფელი. იქ, აეროპორტის გასწვრივ მიტოვებულ ცისტერნებთან განმარტოება უყვარდა. პაპიროსს ქაჩავდა, ნამწვს კი მუჭში მალავდა. ვინც აქ დავიბადეთ, ნეტავ რა ნიშნით შეგვყარესო ერთად, ფიქრობდა. როცა დალევდა მთელი ხმით მღეროდა ქუჩაში, სადაც ნაწვიმარზე ჭავლები ისე ლიცლიცებდა, თითქოს აჩრდილები რძის გუბეებს სვლეპენო. თუ ვინმეს მხიარულად ესაუბრებოდა, მხიარულების ნამდვილი მიზეზი მარუსა იყო, რომელსაც შეუთვალა, შენი მშობლების გაცნობა მსურსო, მინდა ვნახო ის ნიადაგი, სადაც ასეთი მშვენიერი ყვავილი აღმოცენდაო. მისი სოფლისკენ უთენია გასწია. ფერმკრთალ და მოყვითალო დღეს გეგონებოდა ტუბერკულოზი შეყრიაო. სივრცეში გაშოტილ მთებსაც თითქოს გულყრა დამართნოდათ. სონღულას ამინდის უვარგისობა ცუდად ენიშნა. წუხელ, მზის ჩასვლას თუ ნეტარად აკვირდებოდა, მზის ამოსვლას შიშით გახედა. მაგრამ იცოდა, მარუსას დანახვა დარდს გაუქარვებდა. ვიწრო ფერდობზე ჩამწკრივებული მცელავები ადამიანის სიმაღლის ბალახებს თიბავდნენ. ქალაქში, სადაც ბუმბერაზი ხეებიც კი თავისი უნაყოფო ტოტებით გამოირჩეოდა, ვინ დაუჯერებდა, ამსიმაღლე ბალახების არსებობას.

-აქ როგორ მოხვდი? – გაოცდა მარუსა, რომელიც სიხარულს ვერ მალავდა.

-ყვავების ყრანტალს ამოვყევი! – გაეხუმრა სონღულა.

მერე ცას და ქვეყანას შეპირდა, ოღონდაც თავის ჭერქვეშ დაეგულებინა, შაქარყინულის გორები აღუთქვა.

-გულის გატეხვა ყველა კარის და ფანჯრის ამოგმანვას ნიშნავს, მარუსა, ზეცის საჩუქარო! ნეტავ გზაში დახშული ზარდახშა მეპოვა, სადაც იმაზე მეტი იქნებოდა, ვიდრე წარმოდგენას შევძლებდი! შენ გისახსოვრებდი, რომ საარაკო ცხოვრებით გეცხოვრა, ულამაზესო!

-მაშ თვლი, რომ ყველაზე ლამაზი ვარ? – ეამა მარუსას.

-ჰავაის პრინცესას გავხარ!

-ჩემზე ლამაზს თუ ნახავდი, მიმატოვებდი?

-მე ჩემ გულს დავყვები, გზებს რომ არ მითანხმებს!

-მაინც?

-შენზე ლამაზი, ისევ შენ თუ იქნებოდი, მარუსა!

მთათა სპეტაკ სანახებში სიცილ-კისკისი გაჰქონდათ და ვარსკვლავებს ხელით წვდებოდნენ. მეფურ ქორწილში ვეება დოქებს მუქი ღვინით რომ ავსებდნენ, იმ ვარსკვლავების წკრიალი გაისმოდა. მერე სონღულას სახლს მიაშურეს, მაგრამ მარუსა მხოლოდ პირველ დღეს იყო ბედნიერი, როცა ძველ უბნებს სტუმრობდნენ. მოსწონდა დაგრეხილი ძეწკვების თვალიერება, ფარდაგებისა და გობელენების სამკერვალოებთან ჩავლა, უცნაური გემოვნება აღმოაჩნდა ძველ და ბუნდოვან ჩიხებში მოსეირნეს. ზოგჯერ შეფუთვა ნივთზე მეტად ხიბლავდა, ფარდებს და ქსოვილებს სათუთად ეხებოდა. უხეშ ნაჭრებს არც გახედავდა. შინ მისვლამდე წვიმაში მოყვნენ და მარუსას მშვენიერი სხეული სისველით თრთოდა.

-ამ ოთახს ბევრი ნათურა ჭირდება გასაჩახჩახებლად, მე კი მხოლოდ ერთი მაქვს და ისიც ძლივს ბჭუტავს! – თქვა სონღულამ შინ შესვლისას. უჯრაშიც მეგულებაო, დაიჩემა. ეკრანი ციმციმებდა, გადაცემა მოგზაურობას ეხებოდა, ზოლიანი ზებრები აფრიკელ პატიმრებს ჰგავდნენ, თითქოს ტუსაღის სამოსში გამოწყობილანო. მათ კი ამისთვის არ ეცალათ. ნათურის ძებნაში ყოველი კუთხე ამაოდ მოჩხრიკეს. სიღარიბე რასაც შეხებოდა, ყველაფერი გაეუკაცრიელებინა. ძებნა ბოლომდე ვერც გაასრულეს, ცაზე ნახევარმთვარე რომ ამოცურდა. წვიმამ გადაიღო და წვეთებმა ფანჯრის რაფაზე განაგრძეს უმწეო რაკარუკი.

-თვითმფრინავიდან ვინც ჩამოცვივდა, ყველანი აქ დასახლდნენ! – იხუმრა სონღულამ – საშინელი ხალხია, თვალში თუ არ მოუხვედი, გასაღწევ გზას ნასროლი ქვებით გიჩვენებენ!

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16