შორს, კლდოვანი ნაპირი ზვირთების ჩურჩულს უსმენდა, სონღულა ბუტოვს, ხოლო სიტყვები უცნობი ტექსტის შიფრივით ყოვლისმომცველი იყო.

-უსაზღვროა უფლის ნება! – თქვა ბუტოვმა – განა ონკანით შეავსებ ოკეანეს? არის მილევადი ტალღები და არის ტალღები ქარიშხლების მაუწყებელი, რომელთა წინაშეც ვდგავართ, მაგრამ წვეთითაც ვერ ვრწყულდებით!

სივრცე ისეთი ვრცელი იყო, გეგონებოდა თავისივე საზღვრების სანახავად გაეშურაო. მელნისფერი შუაღამეები შავ ანაფორებში შემოსილ მლოცველ ბერებს ჰგავდნენ. ხოლო შორს, გარნიზონის მომცრო ნათურებს წითლად ციმციმის მეტი არაფერი შეეძლო. რადიოანძების ტერიტორია იმდენ სათავსოს მოიცავდა, ვერც მიხვდებოდი, სად რომელი აპარატურა განელაგებინათ. მთლიანი სქემა სხვადასხვა ჭრილში უნდა განგეხილა, სწორი წარმოდგენა რომ შეგქმნოდა. მომცრო კუბრიგი საძინებელს წარმოადგენდა, მოზრდილ ოთახში კი აპარატურა იყო განთავსებული. მათ ეკრანზე თვალის მიდევნება ევალებოდათ. მონიტორზე გამოსახულებები წამდაუწუმ ჩნდებოდა, მაგრამ თუ რაიმეს საეჭვოდ მიიჩნევდნენ, შტაბში უნდა შეეტყობინებინათ. თუმცა იქ ყოფნის განმავლობაში მსგავსი არაფერი მომხდარა, მხოლოდ ორიოდე უმნიშვნელო ზარი განახორციელეს.

ბუტოვს თითქმის ყოველთვის ლოცვანი ეჭირა ხელში და ტექსტს დამარცვლით კითხულობდა, ასე უკეთ მამახსოვრდებაო. მისი ბუტბუტი ყრუდ გაისმოდა, თითქოს დოქიდან ღვინო იღვრებოდა, მაგრამ ნეტარი ყლუპები უქმად არ იკარგებოდა. გამუდმებით იმეორებდა ერთსა და იმავე სიტყვებს, მაგრამ მუდმივ სრულყოფას დასასრული არ უჩანდა. ასე რომ გაგრძელებულიყო, მისი სხეული ალბათ ისეთი სიფრიფანა გახდებოდა, შესაძლოა სივრცეს შერეოდა. ბუტოვის შემხედვარე ეჭვი შეგიპყრობდა, ხომ არ თამაშობსო. ეჭვი ის მტკივნეული ადგილია, უნდობლობას რომ მოუცავს. ბუტოვმა სონღულა გააფრთხილა, ამ წიგნის შესახებ არავისთან დაგცდეს, თუ მინახეს, კარგ დღეს არ დამაყრიანო.

შორს იპოდრომი მოჩანდა, სადაც პერიოდულად საუცხოო სანახაობა იმართებოდა. დასარტყამი ინსტრუმენტების ხმა იქამდეც აღწევდა, მედოლის თეფშები რახუნობდნენ და უჩვეულო რიტმი გრძელი და მძიმე მატარებლის დგანდგარს ემსგავსებოდა, თითქოს ბუფერები ერთმანეთს ეხლებიანო. იმ მხარეში ყველაზე დიდ გასართობად სწორედ იპოდრომი მიიჩნეოდა, სადაც რუსი და ჩინელი საქმოსნები ფულს ჩადიოდნენ. ცხენები უდაბნოდან ჩამოჰყავდათ და ნამგზავრებს თივით ანაყრებდნენ. მერე ფსონის დასადებად დიდხანს ათვალიერებდნენ მათ მბზინავ და მოჭიმულ სხეულებს, მზეზე რომ უბრწყინავდათ, თითოეულის მონაცემებს სწავლობდნენ და აანალიზებდნენ. ეს ცხენები ქვიშის მტვერსა  და ქარიშხლის მთოშავ მათრახებს გაეხედნა, აღკაზმულობის თასმები კი დაღლილობის ოფლში დაულბათ, ცხელ ამინდებში გამართული დოღებისა და რბოლების შემდეგ, მძიმე ქოშინით შედეგებს რომ ვეღარ შეცვლიდნენ.

-ესენი უდაბნოდან მორეკეს, იქ უწყლობა ტანჯავდათ, თორემ სიცხეს როგორღაც გაუძლებდნენ! – თქვა სონღულამ და გამთანგველი სივრცე წარმოიდგინა, ფერფლივით უსახური დღეები. მერე სახეცვლილ სამყაროს გახედა, გაცრეცილ ნისლს რომ დამსგავსებოდა, თითქოს ცდილობდა, შიგნით არ მომწყვდეულიყო და თავი როგორმე დაეღწია. შორს, ცარცისფერ დამრეცზე განვრცობილი ცერეცო დამცავ ფენასავით ეფინა, ხოლო გაცრეცილ ბორცვზე შეშლილი პეპლები დაფარფატებდნენ.

-ჩვენ მლოცველები ვართ, ისინი მცველები! – თქვა ბუტოვმა, ხეშეშ ხეს რომ მიყრდნობოდა და გარნიზონს გაჰყურებდა, ირგვლივ სქელი გალავანი რომ ერტყა, საიდანაც თვეში ერთხელ პროდუქტები და შაქარი ამოჰქონდათ, ბუტოვი წვენს სხვადასხვა ბალახებისგან წურავდა და მშვენიერი ნაყენი გამოსდიოდა. მცენარეებში კარგად ერკვეოდა. წყალს სათლებში აგროვებდა, რადგან შუადღის მერე ხშირად წყდებოდა. ბუტოვი იმათ რიცხვს არ ეკუთვნოდა, მდიდრების კართან ატუზული რომ დგანან და ცხოვრების ძირითადი დრო წყალობის მოლოდინში გაჰყავთ. არსებობისთვის თვითონვე იბრძოდა. ფარდები შუქს ატარებდა, მჭიდრო ნაქსოვი ძონძად ქცეულიყო და კიდეებზე ძაფებად ეკიდა. ქალაქის მეორე მხარეს მომცრო დასახლება ისახებოდა, სადაც ზამთრობით დათოვლილ სახლებს ყინვა თვლიდა ხოლმე სათითაოდ. იქ მაცხოვრებლებს ძნელი ყოფა ჰქონდათ, სველი და მხრჩოლავი შეშით თბებოდნენ, ხოლო ზაფხულობით, რაც ყინვაში თოვლს გადაურჩებოდა, პაპანაქების ხანძრები დანთქავდა ხოლმე. რადიოანძების სადგურში არაფერი იცვლებოდა, როგორც უძრავი მასალა მარტოობის ყალიბში, გარდა იმისა, რომ დროდადრო სერჟანტი კალამიეცი ამოდიოდა და იმუქრებოდა, მალე სხვანაირ ცხოვრებას მოგიწყობთ, შავი წყლებისკენ გაგზავნითო სამუშაოდო. არა უშავს, ფიქრობდა სონღულა, მალე ხვალე ხომ არ არის, სულის მოთქმას მოვასწრებთო. შავი წყლებისკენ წასვლა არავის სურდა, ათასი რამ ჰქონდათ გაგონილი იქაურ მძიმე პირობებზე, დაბომბვებით დაბრმავებულთა ალაგი ყოფილა, სადაც თავისი ნებით არავინ წავიდოდა, თუ არ გადაასახლებდნენ. იქ ძირითადად რეციდივისტებს გზავნიდნენ სამუშაოდ და სრული განუკითხაობა დამყარებულიყო. სერჟანტს თავი უშვერი სიტყვებით მოჰქონდა, რომელსაც უხვად აფრქვევდა. გულს რომ იჯერებდა, გარნიზონში ბრუნდებოდა.

იმ დასაკარგავში ისე თენდებოდა, თითქოს დილაც თავის ბედისწერას უჩივისო, ისეთი დაღლილი და დაჩეჩქვილი სხეული ჰქონდა, დიდხანს უხდებოდა რუხ სივრცეში განვრცობა. ღრუბლები საბალახოდ გასულ ცხვრის ფარას ემსგავსებოდა. არაფერი მიანიშნებდათ საიმისოდ, ხვალინდელი ამინდის შესახებ რაიმე დაესკვნათ. მდინარის ხმაურიც სევდისმომგვრელი იყო, თითქოს მელოდია მოსაწყენ დღეებს ეძღვნებოდა და გახმოვანებაზე დიდად აღარ ეზრუნა, ღამის ცა კი სარკეებიან დარბაზს წააგავდა, შავი ფარდაგები ვარსკვლავებით რომ მიელურსმნათ.

-ბუტოვ! შენც დადე ჯარისკაცის ფიცი, რომ იმპერიას პატიოსნად ემსახურებოდი? – ჰკითხა სონღულამ, რომელიც მაშინ ფიცის სიტყვებს დაზუთხული იმეორებდა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16