მეტი არაფერი უთხოვია. რაიმეს მართვა რომ შეეთავაზებინათ, უარს განაცხადებდა. ეს იგივე იქნებოდა, გატეხილი ხმლით ბრბოს წინაშე წამდგარიყო, მეორე ხელში კი ფარის ნაცვლად აქანდაზი სჭეროდა. სონღულას განცხრომა არასდროს უძებნია, ამას ცხოვრების აჩემებად თვლიდა. მეთევზის სიმდიდრეს ბადის სისავსე განაპირობებს და არა გამდიდრების სურვილიო. ძველ მისწრაფებებს ყავლი გასვლოდა, ხოლო ზედმეტი კანონიერება ჭკუიდანაც შეგშლიდა, რომ აჰყოლოდი. ზოგიერთები კი, იმის ნაცვლად განზრახვა თავიდან ამოეგდოთ, ცხოვრების ამ წესს მონუსხულივით იზეპირებდნენ და არასწორი დასკვნები გამოჰქონდათ. ზედაპირული ცოდნა ნიჟარების ნაპირზე გარიყვას ჰგავს, ზღვის საიდუმლოს მცირედი ნაწილის წარმოჩენას, მთელი სისავსით რომ არ ძალუძს მისი გამოხატვა. ხელშეკრულება მეორე დღესვე გაუფორმეს. იმაზეც შეთანხმდნენ, რომ სონღულას სამუშაო უთენია დაეწყებოდა, როცა რიჟრაჟის გიჟმაჟები ჰორიზონტს შეესეოდნენ მშრალი პატრუქებით. ამ დროს შუაგზის ჭადრების ყვითელი ფოთლები ეპოლეტებივით უბრწყინავდათ, ხოლო ნეკერჩხლის წითელი ფოთლები განვლილ ომსა და დაღვრილ სისხლს მოაგონებდა. მინდვრებში შროშნები ელავდა, მდინარის ზედაპირი ვერცხლისფრად ლიცლიცებდა და ყოველივე, სადაც სონღულამ მთელი ცხოვრება განვლო, განთიადის უხვ შუქში ბზინავდა. მას შემდეგ სხვა სამსახური არც უძებნია.  ტერიტორიაზე სიარულის გოროზი მანერით გამოირჩეოდა. საამქროსთან ჩავლის ერიდებოდა, არხში ხელებს დაისველებდა და  ისე შეიმშრალებდა ხოლმე, არავის დაენახვებოდა, სხვათა გულისწყრომა რომ არ გამოეწვია. ეს ადგილი მარუსას სოფელს აგონებდა. სამსახურის ტერიტორია, ისევე როგორც ოდესღაც გარნიზონი, გრძელი ღობით იყო შემოსაზღვრული. კედლის ერთი მხარე მყუდრო ჩრდილს ქმნიდა, მეორე კი მზით ჰქონდა განათებული, თითქოს მისთვის ურიცხვ მნათობს შეშლილი მზერა მიეპყრო. სონღულას წვიმა უფრო უყვარდა,ზღურბლთან დაყრილი სველი ქვების სურნელი, ბალახების ჭვრეტა, მესრის გასწვრივ ჟანგისფერი რომ დასდებოდა. სახლში კარებს და ფანჯარას ისედაც არ კეტავდა, რადგან სიჩუმეს ეს ურჩევნოდა, გარედან გაგონილი მითქმა-მოთქმა და საზრუნავები, საძინებელში ყრუ ბგერებად აღქმული ლაპარაკი, ჩიტების შეიფრთხიალება და ირაოებით ცის გადასერვა, სეტყვისგან შეჭყლეტილი თუნუქის სახურავთა ცქერა, გადაფოფრილ მტრედებს რომ ჰგავდნენ. ქარი სველ სარეცხში, აკრეფა რომ დავიწყებოდათ, შარიშურს ტეხდა, თითქოს ხელებს ურიცხვ გულისპირში აფათურებსო. ეცოდებოდა კედელთან მიყრილ ხრეშის ზვინთან ატუზული კატის კნუტები, ცემენტის ცივ იატაკზე მწოლთ ბეწვი ძვირფასი ქსოვილივით რომ უბზინავდათ და საბრალოდ კრუტუნებდნენ. ცუდ ამინდებში არხის ჩქერებიც აზვირთდებოდა ხოლმე და გასწვრივ მოკირწყლულ ბილიკებს ასველებდა. მოსეირნეებს ეს უნდა ცოდნოდათ. გარკვეულწილად ხომ ასეა, რახან იელვა, მეხის ხმაც არ დააყოვნებს. ქუჩაში მანქანები ისე მიამტვრევდნენ წვიმას, თითქოს მდინარის ადიდებული შხეფები ყოფილიყოს, ხოლო შუადღის მერე  გადარეცხილი ქვაფენილი უკვე მცხუნვარე მზეზე შრებოდა. ნოტიო გარემო სახსრების ყრუ ტკივილს იწვევდა, წვიმის დროს რომ ახსენებდა სონღულას თავს და თანდათანობით უმატებდა. წუხანდელ საჭმელსაც მქისე სურნელი ასდიოდა და მომჟავო გემო დაჰკრავდა. აგერ, ერთგან ძველი ნაცნობი შეხვდა, რომელსაც ხელები ისე გაეშალა, თითქოს ფრთები გამოსხმოდეს, ფორთოხალივით ფართო სახე ჰქონდა, ერთთავად რომ უღიმოდა. რაღაცით ანტონოვკა მოაგონა. უცებ ვერც კი იცნო. ისედაც სიტყვაძუნწი იყო, მაგრამ ამბები გამოკითხა. ცოტა ხანში გამოემშვიდობა და ნუშებისკენ გასწია. ნუშები სევდას აგონებდა, აყვავებული ნუშები კი მხიარულების ამაო მცდელობას, ხოლო ყველაზე სათნოდ ყოყმანს მიიჩნევდა, როცა გამოსავლის პოვნას ცდილობდა. სონღულა გულის სიღრმეში მხოლოდ ამას ეძებდა, ადამიანურს კი არა, საყოველთაოს. განა იმიტომ რომ, მერე თავი მოეწონებინა, როგორც ხეიბარი ამაყობს ახალი ყავარჯნებით, უნდოდა რომ სიმშვიდე ეგრძნო. თავისუფალ დროს იმ ადგილების მოხილვა უყვარდა, სადაც მიესვლებოდა. დროდადრო წინაპრების ნაქონ ნივთებს ჰყიდდა. ძველ არისტოკრატებს ლომბარდის რიგში ნახულობდა, იმათი ოქრო სონღულას ვერცხლზე მეტი იყო. მერე შინ ბრუნდებოდა და ზღურბლთან ჩექმებს დააწყობდა, ჯარში და დევნილობაში გაცვეთილ ჩექმებს…

6.

ახლა კი საქმე მართლაც სხვაგვარად იყო. როცა ეგონა, სიმართლეს მიაკვლია, თურმე სიკვდილმა მოუსწრო. სონღულას რატომღაც დაბეჯითებით ჯეროდა, რომ ბედისწერა ადამიანს სიცოცხლეს გამარჯვებამდე აცლიდა, მაგრამ დარწმუნდა, რომ ხშირად შუა ომიდან გაჰყავდა და რომ ცხოვრება დაუმთავრებელი საქმეებია. მომაკვდავს მესაათის მოთმინება ჰქონია, თუმცა სხვა გზა არცა აქვს, დღისითაც ღამურასავით ბრმა გამხდარა, მაგრამ სამყაროს აღსაქმელად ეს თვალები აღარც ჭირდებოდა. მიხვდა სონღულა, რომ სახლის აივნის გაგრძელება მთელი ქალაქი იყო, უფრო მეტიც – ქვეყნიერება. ნუთუ ბუტოვი ყველაფერს მართალს ეუბნებოდა, სონღულამ ამის გაფიქრებაღა მოასწრო და სიმსუბუქე იგრძნო, ნუთუ ყველაფერი ერთი მთლიანობაა და გამიჯვნა მხოლოდ კაცთა უბადრუკი გამონაგონია საქმის გასამარტივებლად, მეტის აღქმის უნარი რახან არ გააჩნდათ და ამ მთლიანობაში საძირკვლის ძებნაც უსაფუძვლოა. ადამიანებს იმიტომაც იპყრობთ მოწყენილობა, რომ ჭეშმარიტი სამშობლო ენატრებათ, რომელსაც მათი ინტერესებიდან გამომდინარევე უმალავენ, რადგან წამითაც რომ შეეგრძნოთ მისი უკიდეგანო მშვენიერება, აქ ვეღარაფრით გაძლებდნენ. ხოლო ეს ქვეყანა მათ რომ არ ეკუთვნოდათ, იმითაც უნდა მიმხვდარიყვნენ, ყველაფერმა მობეზრება რომ იცის.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16