უცნაური უბანი იყო. აშოლტილი ფიჭვები ღრუბლებს ებჯინებოდა. აეროპორტის მხარეს გორაზე გოროზი მონუმენტი იდგა, მისკენ ამავალი კიბეები გიგანტური ცხოველის ხრტილებს წააგავდა. იმ ღამეს მარუსა თვითმფრინავის ხმამ გამოაღვიძა. ნუ გეშინია, შეეჩვევი, ანუგეშა სონღულამ, მაგრამ ვერაფრით შეეჩვია. ვეღარც მზის გავარვარებული მშვენიერება ახალისებდა თავისი გამოჩენით. მოგვიანებით მთებში დაბრუნდნენ, სადაც მარუსას მზის ამოსვლამ ისევ მოგვარა სიამოვნება, თითქოს ზღაპრულ ღრუბლებში გახვეულ ჰორიზონტზე მოხეტიალე ვაჭრები გამოჩენილიყვნენ ქარავნების გრძელი მწკრივით, ქარვა რომ მოჰქონდათ, ნაირ-ნაირი ფართლეული, ჭრელი ფარდაგები, ძვირფასი ქვები, ჰალვა და ტკბილი ნუგბარი. მაგრამ სონღულასაც გააჩნდა თავისი ახირებები. მალე მობეზრდა დაფხავებული ქოხმახები და ვიწრო ქუჩები, ბუნდოვანებას რომ მოეცვა, თუმცა იხტიბარს არ იტეხდა. რამდენიმე თვეს კი გაუძლო, მერე ცოლს მკაცრად განუცხადა, დროა ქალაქში დავბრუნდეთო.

-ფეხმძიმედ ვარ! – გაუნდო ცოლმა – აქ მირჩევნია, ჩემებთან!

საერთო ტკივილი, რაც მათ აკავშირებდათ, თანადგომის დიდ სურვილს უჩენდა, მაგრამ ერთმანეთს ვეღარ ეწყობოდნენ. მხოლოდ თანაგრძნობის მოტივით ცდილობდნენ ცხოვრება განეგრძოთ. არადა ჯობდა, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სხვებისგან მკაცრად გაემიჯნათ.

-მე წავალ, საქმეებს მოვაგვარებ! – უხალისოდ თქვა სონღულამ და ზურგსუკან კარი გაიჯახუნა.

ქალაქში ჩასულმა ბინა გადაცვალა, მაგრამ ამჯერად რკინიგზასთან იმდენად ახლოს, სანიაღვრე მილი ლამის ვაგონს წამოსდებოდა. მგზავრები დაძრული მატარებლიდან დაცლილ ბოთლებს სახურავს ესროდნენ, თითქოს ნგრევაში თავისი წვლილი უნდა შეეტანათ. კრამიტები იმდენად  იმსხვრეოდა, წვიმას ვეღარ შეაჩერებდა. სახლს კიბეებიც უცნაური კონსტრუქციის ჰქონდა, ზოგან მოაჯირის მაგივრობას კედელი სწევდა. სონღულა თავდაპირველად ყველას ესალმებოდა, მერე რა რომ ვერავის ცნობდა, იქნებ მეზობელი აღმოჩნდეს და უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდეო. ონკანის წყალს ისეთი შეფერილობა ჰქონდა, გეგონებოდა სარეცხის ფხვნილი გახსნესო. ხელებზე წყლის ხშირად გადავლება ჩვეოდა, გარეთ გასვლას შინ დარჩენას ამჯობინებდა. ერთხელაც მეზობელმა ქალმა, ქერა ნაწნავები რომ ჰქონდა, გასაღები შეაჩეჩა, კარი ჩამეკეტა და იქნებ რამე მოუხერხოო. სონღულამ საკეტი გახსნა, მაგრამ ყავაზე უარი განუცხადა. დიდ მარტოსულად ქცეულიყო. უბანს უდაბნოს ბერწ მიწასავით კაშკაშა მზე ეფინებოდა. მალე სიცხე ჩახუთავდა აქაურობას. სონღულა ბინას აწესრიგებდა, მაგრამ დღითიდღე გრძნობდა, რომ მარუსა ვერც აქ გაძლებდა. იმ ღამეს ქარი ამოვარდა. მოპირდაპირე სახლში ქარმა ფანჯარა შეგლიჯა და ყვავილების ქოთანი ნამსხვრევებად აქცია. დილით ის ქერა ქალბატონი ნება-ნება კრეფდა ძირს მიმობნეულ მორუხო მიწას, მერე თიხის მოზრდილ ნამსხვრევებს აქანდაზზე ფრთხილად აწყობდა, თან სონღულას სარკმლებს მალულად გახედავდა ხოლმე. სონღულა ამას ამჩნევდა, თითქოს მწირ მონახაზში აღმოჩენილიყო. აღარც სხვაგან ჰქონდა წასასვლელი, ხოლო ცხოვრების ამგვარი გამოვლინებები რაღაც ერთობლივ შეთანხმებას დაემსგავსა. დილით მარუსასკენ გასწია, მაგრამ წაყვანაზე უარი უთხრეს, თავს შეუძლოდ გრძნობსო. გაწბილებული გამობრუნდა და გზაშივე გადაწყვიტა, ამ ღამესვე ქერათმიან ქალბატონს ვესტუმრებიო, მაგრამ შინ მისულს სამხედრო გაწვევის ბარათი დახვდა კარებში გაჩრილი.

-ძალიანაც კარგი! – შვებით ამოისუნთქა მან.

-საით გაგამწესოთ? – ჰკითხა კომისარმა.

-რაც შეიძლება შორს აქედან!

და სონღულა დიდი ხნით გადაკარგეს.

ზედვე ეწერა, რა ჩიტიც ბრძანდებოდაო, განაცხადა სიმამრმა, გატეხილი ქნარი თანაცხოვრებას სიმღერად როგორ აქცევდაო, თავიდანვე არ მომეწონაო ეგ მახინჯი, მაგრამ რა მექნა, შვილის ნებას წინ ვერ აღვუდექიო. მარუსას კი საყვედური არ დაცდენია. სახეზე მკრთალი შუქი დაჰფინოდა, თითქოს მთვარემ მცირედით დაასაჩუქრა, მის თავთით კი მძიმე სკივრი ოქროსფრად ბრჭყვიალებდა.

-ჩემი დანახვა თუ უხაროდა, რომ აღარ დავხვდები, იტირებს! – განუცხადა მამამისს, რომელიც ამ სიტყვებზე მწარედ აქვითინდა. დასაფლავების დღეს მარუსა ისეთი ლამაზი იყო, თვალს ვერ მოწყვეტდი. გაყინულმა სოფელმა, მისი კისკისი რომ ასულდგმულებდა, მიწას მიაბარა და მკვდარივით განაგრძო ცხოვრება. სონღულა კი უკვე შორს იყო, გარდაცვალების დეპეშა როცა მიიღო, რომელიც იმავე მატარებელს მიჰქონდა, სონღულა რომ გადაჰყავდა გადასაკარგავში, თითქოს უზომო ტკივილის მაუწყებელ ტექსტს შორეულ აღმოსავლეთში უნდა გაცნობოდა. დანა დიდხანს პირს არ უხსნიდა. ირგვლივ არყის ტყეები ჩანდა, თითქოს განთიადს მხოლოდ იმიტომ ელოდნენ, უსახური სიცოცხლის გაგრძელებაში რომ დარწმუნებულიყვნენ, ხოლო მატარებლის რკინის ბორბლები აკვიატებით იმეორებდნენ: – არყის ხეებო, რა ხელი გაქვთ ჭადრის ხეებთან…

3.

სონღულას თვალწინ გარნიზონი დაუდგა, იქაური საუბრებიც ზედმიწევნით გაახსენდა, თითქმის სიტყვა-სიტყვით. შორს, შეცვარული ფერდობი ტყვიის შენადნობივით ელვარებდა. როგორც აღმოჩნდა, აღმოსავლეთ დაჯგუფების ჯარებში გაენაწილებინათ, რომელიც უკანასკნელ თვეს ომში გადაიზარდა. იქნებ ომიც არ ეთქმოდა იმ ორდღიან შეხლა-შემოხლას, ჩინელებთან რომ ატყდა ზაფხულის პაპანაქებაში უმნიშვნელო მიზეზის გამო. ომი ხომ გამჟღავნებული ზრახვაა, რომელშიც ასეთი კანონი მოქმედებს – ტყვიას ეშმაკს თუ ააცდენ, ანგელოზს მოხვდება და სონღულაც ავტომატის ჯერს ისროდა განუწყვეტლივ, მზე აცხუნებდა, ჩიტებს ფრთები ეწვოდათ და სქელი ბუმბულები ნახშირის ნატეხებივით ცვიოდა. შორს ღრმა ხეობები ჩანდა, თავშესაფრად რომ ივარგებდა, მაგრამ შიგნით ისეთი სიბნელე ჩაწოლილიყო, გზა რომ გაგეკვლია, მაშხალებით უნდა გევლო. მთელი მიდამო – მთა და მდინარე, სიმშვიდეს მოეცვა, სანამ ადამიანები ზარბაზნებს შეზიდავდნენ და ბათქა-ბუთქს ატეხდნენ. თუმცა ეს ამბები ბოლოს იყო…

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16