მანამ კი, იქ, აღმოსავლეთში მიმავალი გზა ერთობ გაიწელა. სონღულა თავს ცუდად გრძნობდა, ხურვებამ შეიპყრო და სანამ იქ ჩააღწევდა, მთელი აზია გადაკვეთა. მერე დიდხანს შეაყოვნეს საბადოებზე, სადაც ფიზიკური შრომა უწევდა. ჯარისკაცებს უფასო მუშახელად იყენებდნენ. სონღულას ასე ერჩივნა, დრო უფრო მალე გადიოდა. ვეება გორგოლაჭებიან ურიკებს, მიწის ზვინებით დატვირთულს, სხვებთან ერთად ზემოთ მიექაჩებოდა, მხოლოდ უმნიშვნელო ნამცეცები ეპნეოდათ, იქ სპეციალურ ჭურჭლებში ათავსებდნენ, საცრებში ცრიდნენ და რახან შემდგომი დამუშავება არ ხელეწიფებოდათ, ვაგონებში ტვირთავდნენ. ამ საქმეს რომ მორჩებოდნენ, ტანისამოსიდან მიწას დიდხანს იბერტყავდნენ. ხშირად ამობურცულ ტალახებში გატოპვა უწევდათ, ჩექმები ერთიანად დასვროდათ, ტალახი ბრეზენტის ტომრებსაც ეცხო, ზურგით რომ ზიდავდნენ. ეტყობა ნიადაგი რაღაც მნიშვნელოვან ელემენტს შეიცავდა, მისი მოპოვებით ესოდენ რომ იყვნენ დაინტერესებულნი. ჩანთას როგორ კი გაცლიდნენ, უკან ბრუნდებოდნენ. ზერელე მიდგომას არავინ შეარჩენდა. ასეთი რამ მათთვის უცხო იყო. ცხელ ამინდებში თითქოს მზესაც ქანცი გაწყვეტოდა საკუთარი სივარვარის გამოისობით. იმ მიდამოებში ზაფხული ცხელი იცოდა, ხოლო ზამთარი მკაცრი და სასტიკი. სონღულას კი პირში წყალი ჩაეგუბებინა, თითქოს ენაზეც ეტყობოდა კბილის ნაჭდევი. არავის ძრახავდა და არავის განიკითხავდა. დრო კი გადიოდა, აწმყო თოვლივით დნებოდა და მოსალოდნელი ცვლილებები გულს უკუმშავდა, ქვად ჯერ კიდევ რომ არ ქცეოდა. თოლიების ჭყავილს ფარულ მინიშნებად აღიქვამდა. შესაძლოა ასეც იყო, ვინ ჩაწვდომია ფსკერს შეუცნობელს. მერე აქედანაც აჰყარეს და მთელი თვეს ეხეტნენ სადღაც, მიღუპულ სოფლებში, სანამ გარნიზონში მივიდოდნენ და ყაზარმებში დააბინავებდნენ. რუსეთი თვალუწვდენელი იყო, სონღულას სამშობლოს კი არ ჰგავდა, მთებში გალურსულ ვიწრო ხეობებს, სადაც ოდითგან მტრის ურიცხვ ურდოთა მოლოდინში იყვნენ. აქაური წყალიც სხვაგვარად მლაშე იყო. ალბათ ქვეყანა ასეა მოწყობილი, სხვადასხვა წყლებში მარილის სხვადასხვა შემცველობაა, გაიფიქრა სონღულამ, რომლის თავსაც დიდად შეუცნობელი ამბები ხდებოდა, თითქოს იმის შესწავლას აიძულებდნენ, მანამ რისი ინჩიბინჩიც არ ესმოდა. ზამთრობით ნისლები სლავ ქალებს მიჰგავდნენ, თავიანთ სველ და ნააბანოვარ სხეულებს ჯარისკაცებს ხელში რომ აჩეჩებდნენ. მათ სუნთქვა ეკვროდათ, ხოლო ფეხქვეშ ჩინჩხვარი ხმაურობდა, თითქოს მძიმე აღჭურვილობას მიათრევდნენ. სონღულას იმდენი საფიქრალი ჰქონდა, გეგონებოდა მორებმა დინება ჩახერგესო. დრო მდორე მდინარესავით ზანტად მიიშლამებოდა. დინების წყლები კლებულობდა, ხოლო მიტოვებული კალაპოტები ტალახების გროვად ქცეულიყო. შორს, მომცრო ტბები განცალკევებით მოჩანდა, თითქოს ხმელეთში განსხეულებული ზღვის ნარჩენები სულს მარტოობაში ღაფავენო. მხოლოდ პრიალა ფოთლები თრთოდნენ გულდასმით და მგრძნობიარედ.

გარნიზონში სერჟანტი კალამიეცი დახვდა, ნახვისთანავე რომ აუშარდა:

-ისე ვერ გაიარე, შენი ჩრდილი რომ არ შემხებოდა?

-ჩრდილმა რა, დაგაზიანა? – გამოესარჩლა სონღულას ვიღაც რუსი ჯარისკაცი, იქ ორი დღის მისული რომ იყო.

-შენ შენ საქმეს მიხედე, მღვდლის შვილო! – დაუტია სერჟანტმა და გინებას მოჰყვა.

-მართლა მღვდლის შვილი ხარ? – ჰკითხა სონღულამ, როცა მარტონი დარჩნენ.

-არა, მამაჩემი კრიმინალი იყო, ავტორიტეტი!

-მე სონღულა ვარ, თბილისიდან!

-მე ბუტოვი, ბოგოდუხოვიდან!

ასე გაიცნეს ერთმანეთი. სერჟანტთან კამათის თემაც იმ დღეს ამით ამოიწურა, რადგან მორიგეობა იწყებოდა და მოსამზადებლად ყველამ ყაზარმას მიაშურა. მრავალი მაღალჩინოსანი ირეოდა გარნიზონში. დიდი სწავლება ეწყობოდა. სონღულა შემადგენლობისგან დაცლილ შენობაში მარტო დატოვეს სამორიგეოდ. ერთი ხანობა გაუნძრევლად იდგა, მერე დერეფანში მოჰყვა ბოლთის ცემას. კიბეზე მძიმე ნაბიჯების ხმა რომ შემოესმა, ზღურბლზე გაიჯგიმა. მას თავზე ერთად დაადგნენ – გენერალი, პოლკოვნიკი, გენერლის მლიქვნელი ოფიცერი და პოლკოვნიკის მლიქვნელი ოფიცერი, რომელსაც გენერლის მლიქვნელ ოფიცრობამდე დაწინაურება ეწადა, ამის გამო მზად იყო, ეტირა კიდეც. სონღულა მდუმარედ იდგა და ცდილობდა, ბუზის გაფრენის ხმა გაეგონა, თითქოს მისგან ელოდა მნიშვნელოვან ინფორმაციას ამ ვიზიტის შესახებ, რადგან თავისით ვერ მიმხვდარიყო, ამ რანგის მაღალჩინოსნები ცარიელ ყაზარმაში რის სანახავად იყვნენ მოსულნი.

-რატომ არის ბუზი ყაზარმაში! – მკაცრად იკითხა გენერალმა და პოლკოვნიკმაც ჩაახველა თანხმობის ნიშნად და მლიქვნელებმაც გამოსცეს წიკვინა ხმები. სონღულა მიხვდა, ასე რომ გაგრძელებულიყო, მას დიდი დღე აღარ ეწერა. საქმე იმით დამთავრდა, რომ სონღულა დასაჯეს და რადიოანძების სადგომში გადაიყვანეს, რომელიც გარნიზონის მოშორებით ქალაქის შესასვლელთან, გორაზე მდებარეობდა. მასთან ერთად ის ბუტოვიც მიავლინეს, მერე ბევრჯერ რომ გადააწყდა ფარულად მლოცველს.  ორნი იყვნენ – ერთს რომ ეძინა, მეორე შემოვლაზე უნდა გასულიყო. აქ ყოფნა ერჩივნათ, ჩვენთვის ვიქნებითო, თავი სამშვიდობოს დაიგულეს. სონღულამ ბუტოვს უამბო ვიზიტის შესახებ, რაც აქ მოვლინების მიზეზი გახდა, მლიქვნელებსაც გადასწვდა ორი სიტყვით.

-ყველა თავისას ცდილობს, ადამიანი ამის გამო არ უნდა გაკიცხო – თქვა ბუტოვმა – ავის და კარგის გარჩევა იმას კი არ ნიშნავს, ავი თუ გაწყობს, ავი გერჩიოს. ცხოვრება ფიქრია, ხოლო საზრუნავებმა ადამიანებს სამოთხე დააკარგვინეს. ამპარტავანი კაცი იმიტომაც არის ურწმუნო, თავისზე ჭკვიანი და აღმატებული ვერაფრით რომ ვერ წარმოუდგენია!

სონღულამ ორიოდე სიტყვით თავის ცხოვრებაზე მოუთხრო. ნამდვილი სიყვარული ზამთრის მზესავით იშვიათად გამოანათებსო, თქვა ბუტოვმა, რომელსაც თვალები წყლის ჭურჭლებს მიუგავდა, ჩრდილოეთ ყინულოვანი სიგრილით აღსავსეს, მაგრამ  მზესავით ცეცხლოვანს -ადამიანები მუდამ ეცდებიან, მოსვენება არ მოგცენ. ფრთები თუ შეგესხა, ხიბლში ხარო, ყურებს გამოგიჭედენ!

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16