შემდეგ ყველანი რაღაც მოსაზრებებს გამოთქვამდნენ, აქტიურობდნენ. წინასწარ ჰქონიათ ერთმანეთში შეთანხმება, დასაფლავების ხარჯები თანაბრად გაეღოთ, მერე კი ბინა ავეჯიანად გაეყიდათ და ფულიც ასევე თანაბრად გაეყოთ, მაგრამ ლენას ვერაფრით მოენელებინა ამ საქმეში ნატალის მონაწილეობა. ზურაბი თავის აზრს მტკიცედ ადგა, ჯობს ჯერ გავარემონტოთ, რადგან ფასს მნიშვნელოვნად აწევსო, მაგრამ დანარჩენები კატეგორიულად უარობდნენ, ეგ დიდ დროს წაიღებს, ფული კი ახლა გვჭირდებაო. მერე მეზობელი შემოვიდა და დავა შეწყვიტეს, მის მიმართ ჯეროვანი მადლიერება რომ გამოეხატათ. თქვენ რომ არა, ვინ გაგვაგებინებდაო. ბოლო ხანებში, სანამ ლოგინად ჩავარდებოდა, ქუჩაშიც ახერხებდაო გასვლას, თქვა მან, ოღონდაც აქვე, კორპუსთან ჯდებოდაო მერხზე, ჯიბეში საბუთები ედო ყოველი შემთხვევისთვის. იმ ასაკში იყო, ნაცნობები რომ ხვდებოდნენ, კი არ ესალმებოდა, ემშვიდობებოდაო. ასეთი რამ მითხრა, კრულია ყველა უფსკრული, რომელიც მშობლების საფლავთან იწყება და ისადგურებს შეგრძნება, რომ შენი  ჯერი მოდისო. მე კი ამ შეგრძნებით დიდი ხანია ვცხოვრობო. მერე ერთი ხანობა სიჩუმემ დაისადგურა. ყველანი ისეთი კარგები და მგრძნობიარეები იყვნენ, რომ მეზობელი აღტაცებაში მოვიდა და ამ ნეტარი წუთების გათვალისწინების მიზეზით, მათ ხმადაბლა გამოემშვიდობა, წასასვლელი ვარო.

-ერთი პერიოდი მეც ხშირად მსტუმრობდა! – თქვა ზურაბმა – ან უთენია მაკითხავდა, ან შეღამებულზე, როგორც ჩანს სხვა დროს არ უხერხდებოდა. კარს რომ ვუღებდი, ზეწარს შემოვიხვევდი ხოლმე. ერთხელაც ქუჩაში გადავეჩეხე და ტანსაცმელზე გაკვირვებით მომაჩერდა, მანამ ჩემი ტანსაცმელი ზეწარი თუ ეგონა…

-უხეში ლაპარაკი იცოდა! – დაიჩივლა ევამ – ზოგჯერ ერთი ფრაზით მოგიღებდა ბოლოს. ისე შემოგხედავდა, თითქოს დახრჩობას გიპირებსო. საძაგლად იქცეოდა ხოლმე!

-შენ თავგამოდებას არაფრად დაგიდევდა, როცა დაჟინებით ცდილობდი, ამაღელვებელი ურთიერთობის ფონი შეგექმნა! – დაუდასტურა ლენამ.

მერე ერთი ფუსფუსი ატყდა:

-ამბობენ ცოლი მიატოვა და ჯარში წავიდაო!

-ქუჩის ბიჭი ყოფილა სკოლაში, იმ ქალს ლაპარაკით თავბრუ დაახვიაო!

-მუცელი მოაშლევინაო!

-ჯარის ვადა არ გაუსრულებია, დეზერტირი ყოფილაო!

-რუსეთში სდომებია დარჩენა, მაგრამ ფეხი ვერ მოიკიდაო!

-მშობლებიც მაგაზე ნერვიულობას გადაჰყვნენო!

-ერთი რუსი ძმაკაცი ჰყოლია, ომში გარდაცვლილა და მისი და შეჰყვარებიაო!

-მერე ყველაფერზე ხელი ჩაუქნევია, მთელი სიცოცხლე ღამის მორიგედ მუშაობდაო!

-პეტრე-პავლეს ტაძარში უვლია, ავლაბარში, ხანდახან წირვებს ესწრებოდაო!

-ცოლის საფლავზე ერთხელაც არ ასულაო!

როცა განკითხვით დაიღალნენ, სიჩუმე ჩამოვარდა.

-ყავა ხომ არ დაგველია! – სასტუმრო ოთახში გადაიპატიჟა ევამ.

ჯერ ცივად იუარეს, მერე კი დათანხმდნენ და ყველანი სასტუმრო ოთახში გაიკრიფნენ, მითქმა-მოთქმა ტორტის ნაჭრებითა და ცხელი ყავის ფინჯნებით რომ გაეგრძელებინათ.

2.

სონღულას ყველაფერი ესმოდა, მასზე კარგად კი ვინ იცოდა იმ ამბების შესახებ, რომელიც თვითონვე გადახდა თავს, ესენი კი გადმოცემით ყვებოდნენ გადაკეთებულს და მიკიბ-მოკიბულს. სამყაროს განმგებელმა თვალებს ტირილი ასწავლა, ხოლო ბაგეებს ღიმილი, მაგრამ ეს სიბრძნე სონღულაზე არ ვრცელდებოდა. იგი არც ტიროდა, მხოლოდ სევდიანად იყურებოდა და არც იცინოდა, რადგან კბილები ჩამოცვენოდა და შესაძლოა, მოღუშულად მომზირალთა ზედმეტი გულისწყრომა გამოეწვია. ბავშვობაში მამამისი არიგებდა, ტანად პატარა ხარ, ისწავლე, თორემ ჭურებს გაგახეხინებენო, მაგრამ სწავლას ის არჩია, რომ მოზარდობაში ტანი აიყარა. დედამისი გაზრდილ შვილს ისე უყურებდა, როგორც ადიდებულ მდინარეს. ეშინოდა, აღარაფერს დამიჯერებსო. ეს შიში უსაფუძვლო იყო, რადგან მშობლები მალე დაეხოცა, ერთიმეორეს მიყოლებით. ჯერ მამა გარდაეცვალა, რომელსაც წლისთავზე დედაც მიჰყვა. მღვდელი როცა სულთათანას გალობდა, სიტყვები ხმაურში იკარგებოდა, რადგან იმდენად ახლოს ცხოვრობდნენ აეროპორტთან, შიში ჰქონდათ, თვითმფრინავი სახურავს არ წამოსდებოდა, როცა ჯოჯოხეთური ხმაურით ეშვებოდა მიწაზე. მერე შორიდან მოისმოდა მოლაპლაპე ცილინდრების გამაყრუებელი გუგუნი. კერის შესანარჩუნებლად სონღულას ურჩიეს, ოჯახს მოჰკიდებოდა. მას ერთი გოგო შეუყვარდა, რომელსაც ნაცრისფერი თვალები და განცვიფრებული მზერა ჰქონდა. მარუსა ერქვა, კაშკაშა ვარსკვლავზე მბრწყინავი იყო და მინდვრის ყვავილზე საამური. მთებში ცხოვრობდა და ათასში ერთხელ დედამისს მოჰყვებოდა ხოლმე ქალაქში ფართლეულის გასაყიდად. სონღულა ბევრჯერ გადააწყდა მაღაზიის ზღურბლთან მომლოდინეს, სანამ დედამისი ბამბების რიგში საქონელს ჰყიდდა. ერთხელაც გამოელაპარაკა, მონაწილეობის მიღებას ხომ არ ინებებდი, აგერ, იმ დარბაზში სილამაზის კონკურსი ტარდებაო, შორიახლო მდგარ შენობაზე მიუთითა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16