სონღულა გრძნობდა, რომ მის სახლში თავმოყრილ ნათესავებს ხმას ვეღარასოდეს მიაწვდენდა, თორემ ეტყოდა – დაიმახსოვრეთ მნიშვნელოვანი სახეები თქვენს ბავშვობაში, წლების შემდეგ, ცხოვრების გზებზე ისევ გადაგეყრებიანო, რომ კაცი საკუთარ გულს მიჰყვება, მაგრამ ყალიბად თუ ექცა, მასში ცხელ ტყვიას ჩაუღვრიან და მოსვენებას აღარ მისცემენ. ცხოვრება კაცს ქვისმთლელივით ეპყრობა, თავის ყაიდაზე რომ გამოძერწოს, მაგრამ კაცი არ უნდა იქცეოდეს უტყვ მასალასავით. სიკვდილი ვალის დაბრუნებაა და არა დაღლილის აღსასრული, ცხოვრებას კი იმდენი წვრილმანი აქვს, ვეება ზედაპირის უსაშველო ჩორკნას ჰგავს, სანამ ზედ გამოსახულება დააჩნდება. რეალობის თვისება იმაში მდგომარეობს, რომ სინამდვილე ლეგენდად თუ არ იქცა, არცა ყოფილა სინამდვილე, დაბრკოლებები კი იმიტომ იქმნება, ცხოვრების მთავარ საიდუმლოთა ამოხსნას ადვილად რომ ვერ გაართვან თავი.

სიცოცხლე, რომელიც სონღულამ განვლო და რომელიც მეტ-ნაკლებად ბევრ დეტალს მოიცავდა, წარმოსახვაში მთელი სიგრძე-სიგანით მოიხილა. ამაში ვერავინ შეედავებოდა, რადგან სიმართლე თავის შესახებ ყველაზე დაწვრილებით მხოლოდ მან იცოდა, როგორც პირველაღმომჩენმა და არავის დადასტურებას არ საჭიროებდა. თითქოს ამის გამო ამაყიც იყო. მიგნებული აზრები სიხარულს კი გვრიდა, მაგრამ ამით ცხოვრების რაიმე პრაქტიკულ ცვლილებას ვეღარ მოახდენდა და ვეღარც რაიმე შეღავათს და უზრუნველყოფას იგრძნობდა. მისი დრო ამოწურული იყო. თუმცა ჯერ კიდევ აქ იმყოფებოდა, მაგრამ ეს დიდხანს არ გასტანდა. ადამიანებს ვეღარასდროს ეტყოდა მთავარ სათქმელს, ოქროს ვეება საბადოს აღმოჩენას რომ ჰგავდა და შემდეგში მდგომარეობდა:

-სამოთხე რომ გამოჩნდეს, ჯოჯოხეთი თვალს უნდა მიეფაროს. იქით მიმავალი გზა სინანულზე გადის, ხოლო კაცს სინანული არ დაეუფლებოდა, თავისივე ხელებით რომ არ დაესაჯა ღმერთი. მას შემდეგ ჯვარცმა სინანულს თუ არ გვრის, უმადურობის გზაზე შემდგარა, ხოლო ამქვეყნად ყველაზე საშინელი რამ უმადურობაა. უმადურ კაცს ოქროს მთებისკენ მიმავალი გზაც რომ მიასწავლო, გამდიდრებული დაბრუნდება და გისაყვედურებს, ის გზა, შენ რომ მიმასწავლე, ოღროჩოღრო იყოო!

და იმ დილით, რომელიღაც თვის მიწურულს, რომელიღაც წლის ბოლოს, სონღულამ უკანასკნელად გახედა შემოგარენს და წუთისოფლიდან გავიდა. მას მზერა დაეხშო და სიცარიელედ ექცა, თითქოს რაღაც შორეულსა და მნიშვნელოვანს ერთიხანობა კიდევ მისჩერებოდა, მაგრამ აღარ გაუგონია ოთახში შემოსული ევას შეკივლება და ზურაბის აღმომხდარი სიტყვები: – სონღულა მოკვდა! – და აღარც ის დაუნახავს, როგორ სულსწრაფად შეცვივდნენ დანარჩენებიც გულისმომწყვლელი ქოთქოთით, სპეციალურად ამ წუთებისთვის განკუთვნილ ქათქათა ხელსახოცებს ერთმანეთს როგორ აჩეჩებდნენ… რადგან სონღულა უკვე სხვაგან იყო და ასეთი წვრილმანებისთვის აღარ ეცალა.

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16