-არა, მე იესოს ლოცვას ვჩურჩულებდი! რწმენა ლურსმნებს ჰგავს, კანკელზე წმინდა გამოსახულება რითაც მიუჭედავთ. ტილო რომც ჩამოხიონ, ლურსმნები მაინც ადგილზე რჩება… ზოგიერთებმა თავი ამპარტავნებას უძღვნეს, ისე გაგეცნობიან, ლამის კითხვარი მოგაწოდონ. ჯერ პასუხებს გადაიკითხავენ, სანამ ხელს გამოგიწვდიდნენ. სერჟანტი შტაბში ყოველდღე გვასმენს შავ წყლებში გახიზვნის მოთხოვნით. ბოროტი მამხილებლის ხმა ძაღლის ყეფად გაისმის. ამ საქციელს ეშმაკები დაუფასებენ, ჩვენთან არაფერი გამოუვა, რადგან წმინდანები გვმფარველობენ. წმინდანთა დამსახურებაა ყოველი დღე დღესასწაულად რომ იქცა.  მომჩივანი ხალხი მორჩილებს სისხლს უშრობენ. ნამდვილი მორჩილება მხოლოდ მოლოდინია და არა საკუთარ ძალებზე დაყრდნობა. სახლში სითბომ რომ დაივანოს, ღრიჭოები ხომ უნდა ამოგმანო? ლოცვაც სწორედ ესაა. სითბო მანამ არის სასიამოვნო, სანამ სიმხურვალედ იქცევა. ჯვარზე სიკვდილი დაბადებაა. ჯვარი პლიუსია, ვერტიკალური ხაზი, რომელმაც მინუსს სრულყოფილება მიანიჭა. მინუსი არასრული პლიუსია…

იქ, შორეულ აღმოსავლეთში, ოკეანის ნაპირას, სადაც ყინულები მარილის საბადოებს ჰგავდა და შემზარავ ღამეებში ჩრდილებიც წარუშლელ შთაბეჭდილებებს ახდენდა, სონღულა ბუტოვს უსმენდა, მაგრამ მეტის გაგება ეწადა. ბუტოვი უსიცოცხლოდ გამოიყურებოდა, ფერმკრთალი სახე ავადმყოფისას მიუგავდა. სხეული კი იმდენად გამომშრალი ჰქონდა, გამოფიტვას აღარაფერი უკლდა. ხელები ჯიბეში ჩაეწყო და ღრმად ჩამწვდომი მზერა შორეული ელნათურებისთვის მიეპყრო, გარნიზონის ტერიტორიაზე რომ ციმციმებდა. ერთხელ ბუტოვმა სერჟანტიც შენიშნა – მათი საგუშაგოსკენ იყურებოდა. ჩასაფრებული კაცი იყო კალამიეცი, ოღონდ ამათ რამე შეშლოდათ, მაშინვე სიხარულით შეატყობინებდა შტაბს. ჩასაფრება გველის თვისებაა, მაგრამ   სერჟანტისაგან რადგანაც მხოლოდ ვერაგობას ელოდნენ, შესადავებელ საბაბს არ აძლევდნენ. რა მძიმე დღეშია ადამიანის სული, რომელსაც თვალთვალი დაევალა. არადა შებერტყილის ერთი გახლდათ. ვილისზე გაზი ეყენა, კანცელარიას კი ბენზინის ფულს ართმევდა. მისი არ დაიჯერებოდა. ერთს ამბობდა და მეორეს გულისხმობდა.

-ბოროტ კაცს ბერის ლოცვაც არ შველის! – თქვა ბუტოვმა – იცი რატომ ხვდებიან ჯოჯოხეთში? ბოროტებს მხოლოდ ერთი რამ ახარებთ, სხვისი ტანჯვის ყურება, იქ კი ასეთ რამეებს ბევრჯერ ნახავენ, თავიანთი მწუხარე სული რომ დაატკბონ! – მერე განაგრძო – ჭკვიანები ჩიხს იმიტომაც მიადგნენ, რომ სალოსებს სულელებად მიიჩნევდნენ. ზოგი მშობელი შინაგანად ისეთი უბედურია, რომ შვილის ბედნიერებას ქვეშეცნეულად არ დაუშვებს. მამაჩემი როცა გარდაიცვალა, ჩემთვის უცნობი ადამიანები მოვიდნენ და ცოტაოდენი ხელი გამიმართეს. ერთმა მითხრა, მამაშენი ისეთი კაცი იყო, თქვენი გულისთვის ციდან ვარსკვლავებს წყვეტდაო. რა ვიცი, სახლში არაფერი მოუტანია მეთქი, მხრები ავიჩეჩე, გაეცინათ და შემაქეს, ღირსეული გაგრძელება ეზრდებიო. რა შესაქები მე ვიყავი?!

-ასეთი რწმენა რომ გაქვს, განა ცოტას ნიშნავს? – შეედავა სონღულა.

-რომელი რწმენა? განა იმ მთების დაძვრას შევძლებ?

მან მოღუშულ ჩრდილებში აღმართულ მთას გახედა, პირქუში ლანდშაფტით მონღოლთა სასტიკ წინამძღოლს რომ ჰგავდა და უცნაური რამ თქვა, რომელიც სონღულას დიდი ხნით დაამახსოვრდებოდა:

-თუმცა დღეს წმინდანები იმისთვის ლოცულობენ, მთები რომ არ დაიძრას! რწმენა ცეცხლში მხნედ შებრძანებას ჰგავს! ჯვარი სასუფევლის კარიბჭის გასაღებია, რომელსაც მთელი სიცოცხლე ვეზიდებით, რომ იქ მძიმე ბოქლომს მოვარგოთ. ცხოვრების მიმართ მოთქმა ჯილდოზე უარის თქმას ნიშნავს. მძიმე ზარი გაცილებით ჟღერადია მსუბუქზე… ძვლები აღდგომის მოლოდინს ჰგავს. ბედნიერია ის, ვინც სიცოცხლის სისრულე უსასრულობის შეცნობას შეალია! – ბუტოვის აღმატებული მსჯელობა იმსახურებდა ოქროსფერწარწერიანი ავტოკალმით ჩაწერას.

-შენისთანა კაცი ჯარში როგორ აღმოჩნდი? – ჰკითხა სონღულამ.

-მონასტრიდან წამომიყვანეს! – უპასუხა მან და ხველება აუტყდა – ბერობა მინდოდა!

-ჭლექიანივით ახველებ!

-დიდი ხანია ასე ვარ, უხეშ მოპყრობასაც თავიდანვე შევეჩვიე, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს აქედან თავს დავაღწევთ! დემობილიზაცია დიდსულოვან გამონათებას დაემსგავსება. ამაყი სული მშრალ უდაბნოში მარტვილობს, დარწყულება მხოლოდ სინანულს შეუძლია. დაკვირვებული ვარ, ყველაზე მნიშვნელოვანი შეგონება მაშინ გამომდის, როდესაც ვიცი, რომ ვერაფერს შევცვლი!

-მეცნიერები სხვაგვარად ხსნიან! – ჩაიბუტბუტა სონღულამ.

-მეცნიერები გაბეზრებულ და მობუზულ ბავშვებს ჰგვანან, თეოლოგიის გაკვეთილიდან რომ გამოჰყარეს, რადგან ლექციას უყურადღებოდ უსმენდნენ. ეშმაკმა მოგვიგდო თავისი ხაფანგები და ჩვენც სიამოვნებით ვებმებით. სიმართლე ხაფანგში მოყოლას კი არა, ბრძოლაში ჩაბმას გულისხმობს! სიმართლე ის კი არის, როცა თვითონ გამოდიხარ მართალი. მე ისეთ სიმართლეებს ვამბობ, გაუგონარ სიცრუედ მოგეჩვენება. ბერებს სენაკები აქვთ, სალოსებს – ბუნაგები, ხოლო განდეგილს თუ მიჰყვები, უდაბნოს გამოჩენას ნუ გაიკვირვებ!

ბუტოვის ყოველი სიტყვა ღვთის დიდებიდან გამომდინარეობდა. შორიდან ვერც კი გაარჩევდი, სონღულას დაგრძელებული სახე საღამოს განათების ბრალი იყო, თუ გაკვირვებისგან დამართნოდა ასე.

-მე იმ მოდგმისა ვარ, ბრძოლის ველს ბოლოს რომ ტოვებდნენ! – თქვა სონღულამ, თუმცა მეომრის ნაცვლად სახე ჯღანების შემსაღებელს მიუგავდა.

-მე კი იმ მოდგმის, ბრძოლის ველზე რომ ეცემოდნენ! – გაეღიმა ბუტოვს – ამიტომაც ვუგებთ ერთმანეთს, ძმაო! გჯეროდეს, ცხოვრება ზეიმია და თუ უბედური ხარ ქრისტეს ჯვარცმით, ბედნიერი იყავი ქრისტეს აღდგომით!

-მამაჩემი მომჭირნე კაცი იყო! – გაიხსენა სონღულამ – ძველ ჯვალოსაც კი ინახავდა, ნაჭრებად გამოვიყენებო. ქვიშა და ქვის ნატეხები ბევრგან ყრია, ხალხი კი ოქროს დაეძებსო, იძახდა. რაღაცეების წამოწყებას გეგმავდა, მაგრამ სნეულებამ ხელი შეუშალა, სარეცელზე მწოლიარემ ასე დამარიგა, განსაცდელს გონივრულად თუ არ შეხვდი, ჭკუიდან შეგშლისო და ცხოვრებაში მეგობარი თუ არ წამოგეშველა, მარტო ვერაფერს გახდებიო!

-ეტყობა, მე მგულისხმობდა! – გაეღიმა ბუტოვს და სანათურებს სათნო მზერით გახედა. ამდენი სიბრძნის მიუხედავად ურჩევნოდა ჩრდილში მდგარიყო. ჯარში ადამიანს უცებ გამოიცნობ, მაშინვე განასხვავებ მეწვრილმანეს და მტაცებელს  პატიოსანი კაცისგან – ერთ წინასწარმეტყველს ვიცნობდი, კირილე ერქვა, კაცის მომავალს სიზმარში ნახულობდა. მისი ნათქვამი ხშირად ამხდარა და სახელი შორს გავარდნოდა, მომსვლელი და მომკითხავი ბევრი ჰყავდა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16