1.

სონღულას ნათესავებს კარის გაღება არ გასჭირვებიათ, რადგან ისედაც ყოველთვის ღიას ტოვებდა. ძვირფასი ნივთები დიდი ხნის წინ გაეყიდა, ხოლო მეფისდროინდელ ავეჯეულობას ხელს არავინ ახლებდა. მეზობლებმა შეატყობინეს, ბიძათქვენს მოხედეთ, უკანასკნელ დღეებშიაო, ჰოდა, ერთმანეთს დაუკავშირდნენ და მოაკითხეს. დიდი მიმოსვლა არასდროს ჰქონიათ, ასეთ შემთხვევებში კი იკრიბებოდნენ. სონღულა მართლაც კვდებოდა, მაგრამ მეხსიერების შრეებში ჩალექილ ამბებს საოცრად ნათლად აღიქვამდა. ამისთვის დრო საკმარისზე მეტი ჰქონდა. სიცოცხლე ხანგრძლივი გზა აღმოჩნდა, რომელიც ბრდღვიალით კი არ განვლო, ციმციმით ჩაიარა. ფანჯრიდან მომიჯნავე კორპუსი მოჩანდა, შუქი მხოლოდ ზედა სართულებზე რომ ენთო, თითქოს ხმელ-ხმელ ვეტერანს გულზე ჟღარუნა მედლები უბრწყინავსო.

მას ყველაფერი ესმოდა, გამოხატვის უნარი კი აღარ ჰქონდა. ბოლო თვეებში გონება დაებინდა, თითქოს ნისლებით ამოვსებულ მეხსიერების უფსკრულებზე თითო-ოროლა დაოსებული ქორიღა დაფრინავსო უილაჯოდ, მერე დაეწმინდა და წარსულის ყოველი ფრაგმენტი ისე თვალნათლივ მოაგონდა, კამკამა ტბის ფსკერზე რომ მოჩანან კენჭები. სმენაც უფრო მახვილი გაუხდა, ვიდრე ჩვეულებრივ. ამიტომაც მკაფიოდ გაიგონა მის მიმართ გამოთქმული საყვედურები, ნათესავები რომ გამოთქვამდნენ დროდადრო და თანაგრძნობის სიტყვებით ნიღბავდნენ. ისინი სონღულას ნახვით დიდად არასდროს იწუხებდნენ თავს. საუბარშიც ცდილობდნენ, ნაკლებად ეხსენებინათ, თითქოს კეთილშობილი ბაღჩიდან სარეველას ამოძირკვას ლამობენო. უფრო ერთმანეთის ნახვა უხაროდათ, ძლივს რომ მოიყარეს თავი. ცოცხალს მივუსწროთო, ჩქარობდნენ, მერე სინდისის ქენჯნა რომ არ ჰქონოდათ.

ჩემ ქონებას იყოფენ! – გაიფიქრა სონღულამ, რომელიც ყველაფერს ამჩნევდა – ჯანდაბას! მე ის აღარაფერში მჭირდება! ამას ველოდი კიდეც, ბრმები როცა თეფშზე საუკეთესო ნაჭრებს იღებენ, ეჭვი შეგიპყრობს. აგერ, ზურაბი, ბიძაშვილის შვილი, ჭაღს შეჰყურებს ცნობისმოყვარედ. ევა, სონღულას დეიდაშვილის შვილი, ქსოვილის ნაჭრებს კეცავს და ერთმანეთზე ალაგებს. მამიდაშვილის შვილებიც აქ არიან, ნელი და ლენა, რომელიც თავისი ბიჭით მოსულა და თან საზეიმო ტორტი მოუტანია. სწორედ მან თქვა, საქმეს ისეთი პირი უჩანს, მორიგეობის დაწესება მოგვიწევსო. ნატალი, სონღულას ნათლული, აქ დაუხვდათ. სონღულას აღარც ახსოვდა, როდის მონათლა, მაგრამ ნატალის მშობლები არწმუნებდნენ, როცა ვნათლავდით, მღვდელს შენი სახელი ნათლიებში მოვახსენიებინეთო.

ნათესავებს საძინებელში ყოფნა მალე მობეზრდათ და სასტუმრო ოთახში გადაინაცვლეს. კარები ღია დატოვეს, ყოველი შემთხვევისთვის, რამე რომ ყოფილიყო, ხმა მაინც გაეგონათ, მაგრამ სონღულა დუმდა და დაელმებულ თვალებს დროდადრო მძიმედ აფახულებდა. გამჭვირვალე სივრცეში დროდადრო მხოლოდ აჩრდილებს ხედავდა და კირივით გათეთრებულ სახეზე ისეთი იერი აღბეჭდოდა, კოსმოსიდან მოსული გეგონებოდა. ნათესავები მალე ორ ჯგუფად დაიყვნენ – ნელი და ლენა ერთმანეთს არ ცილდებოდნენ, ნატალი კი ზურაბს ატორღიალებოდა და წარსულის ისეთ ეპიზოდებს ახსენებდა, რომელსაც ზურაბი ვერაფრით იგონებდა. ევა, რომელსაც ყავა და შაქარი მოეყოლებინა, ყველაზე ხათრიანი და მიუკერძოებელი, მათ შორის მშვიდობის მტრედივით დახანხალებდა  გაბადრული, თუმცა თვალები სხვებივით აცრემლებოდა. რაც არ უნდა ყოფილიყო, მათი თავშეყრის მიზეზი მაინც სონღულას უკანასკნელი დღეები გახლდათ.

მერე სონღულას ოთახში ნელი და ლენა შემოვიდნენ, რომელთაც ბექაც შემოჰყვათ, ლენას ვაჟი.

-ნატალი ნახე?- თქვა ლენამ.

-ჰო, ვნახე და იძულებული გავხდი, ცივად მივსალმებოდი! – უხალისოდ გაეპასუხა ნელი.

-როდის მოეთრა! – ამ კითხვით გამოხატა მის მიმართ მთელი განწყობა და დამოკიდებულება, ნელიმ მხოლოდ მხრები აიჩეჩა.

-უკანონო შვილი გამიგია, მაგრამ უკანონო ნათლული? – თქვა ლენამ და სონღულას დახედა – ჯიუტი ბებერი, სიცოცხლე არაფრით ეთმობა!

-ყველასთვის აჯობებდა, მალე რომ განისვენოს!

-დიდხანს გაგვტანჯავს, გული მიგრძნობს!

-უნდა დავიცადოთ, სხვა რა გზაა! ცოცხალიც ცოცხალ-მკვდარი იყო, ახლა კი საერთოდ! – ეს მხოლოდ იმისთვის თქვა ნელიმ, რომ ჩათვალა, საუბარში მისი ჯერი დამდგარიყო.

-პანაშვიდებზე ეს ხალიჩა ხომ არ დაგვეფინა? შელახული და გაცვეთილი კი ჩანს, ეტყობა ხშირმა რეცხვამაც გაცრიცა, მაგრამ ვინ მიაქცევს ყურადღებას, იატაკზე უკეთეს მდგომარეობაში მაინც არის.

-ჰო, აჯობებდა!

-დასაფლავების დღეს ამის ჩაცმას ვაპირებ, ოღონდ ბოლომდე ჯერ არ მომიფიქრებია! – ლენა სარკმლიდან შემოსულ შუქს მიუახლოვდა და ნელის კაბაზე დაახედა.

-მშვენიერი კაბაა! – შეუქო ნელიმ.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16