-ჩვენ ამბებს ასე ზედმიწევნით საიდან იგებს? – კითხულობდნენ გაოცებულნი.

-სიზმარში ნახულობს! – პასუხობდა მომვლელი ქალი, მის წინკარს რომ გვიდა ხოლმე და თოკებზე სარეცხსა ფენდა, ხოლო მომლოცველებს პარმაღთან ხვდებოდა.

-შეიძლება მასთან დალაპარაკება? – ეკითხებოდნენ მორიდებით.

-რათა? – ჩაეძიებოდა ესეც.

-რჩევას ვკითხავდით, გამოსავალი ეცოდინება!

-ვისა, კირილეს?

-ჰო, აბა შენ?

-ძინავს!

-გთხოვთ, გააღვიძოთ, შორიდან მოვდივართ!

-რომ გავაღვიძო, იქნებ სწორედ ახლა ნახულობს იმ სიზმარს, რომელიც თქვენ გეხებათ!

-გთხოვთ, არ გააღვიძოთ, დავიცდით!

ისინი მორჩილად იცდიდნენ. მერე კი ისევ თხოვდნენ, გაგვიგე, ჩვენზე ხომ არაფერი დასიზმრებიაო. მის ირგვლივ სულელური სულიერება შექმნილიყო, დიდ ვერაფერს გაუგებდი…

-იქნებ თაღლითი იყო? – ჰკითხა სონღულამ.

-მეც ასე ვფიქრობდი, სანამ ერთხელ არ განმიცხადა, ამ ქვეყანაზე უკანასკნელად გხედავო. ის დღე ჯოჯოხეთურ შიშში გავატარე, საღამოს კი შევიტყე, რომ გარდაცვლილიყო. მომვლელი ქალი მოთქვამდა, ნუ გააღვიძებთ, ძინავს და მორიგ სიზმარს ნახულობსო. მასეთი მძინარეებით სავსე იყო ბოგოდუხოვის სასაფლაოები. მას მერე არავის განკითხვა არ მინდოდა, ყველას თავისი გზა აქვს გასავლელი. ჩვენ დროში მნიშვნელოვან აღმოჩენას ვიწრო გზებით თუღა მიაგნებ, ფართო გზებით ყველაფერი ნაპოვნია!

იმ დღეს ანძების სადგომში სერჟანტი დაადგათ თავზე. კალამიეცი ვინმეს თუ არ ლანძღავდა, ენაჩავარდნილი იჯდა, გეგონებოდა პირს მხოლოდ იმისთვის აღებდა, შხამი რომ ეფრქვია. ქედმაღლური უტიფრობით ეპყრობოდა სხვებს, ზემოდან ისე დაჰყურებდა, თითქოს ვეფხვი კატებს ესაუბრებაო, თქვენც ხომ ჩემი მოდგმისა ხართ და ასე რამ დაგაბეჩავათო. იგი მხოლოდ ერთ წესს აღიარებდა – მათ ჩაგვრაზე ხელს თუ ავიღებ, ამითვალწუნებენო. ღრიანცელს ისე უმიზეზოდ ატეხდა ხოლმე, თითქოს ადამიანებს ედავებოდა, ჭიკჭიკი რატომ არ გიშლით ნერვებს, ყრანტალზე რომ მოთქვამთ ხოლმეო.

-შემოვლას რეგულარულად რატომ არ ახორციელებთ! – გაჰყვიროდა მუქარით. მერე კი მთელ დღეს მწყობრით სიარულს აიძულებდა. ფეხზე ძლივსღა იდგნენ, მაგრამ განაგრძეთო, დაჟინებით ყვიროდა. გარნიზონში გვიან წავიდა, დაახლოებით იმ დროს, მზე რომ ერთხელაც ამოანათებს ხოლმე, სანამ მთელი სინათლე ნაცარტუტად იქცევა.

-ცხოვრება ჭირის დღესავით შეგძულდება! – წარმოთქვა სონღულამ.

მაგრამ ბუტოვისთვის ნამდვილი სევდა მხოლოდ სამოთხის მონატრება იყო. დანარჩენს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა. იგი ყოველ წამს იმ ქვეყანაზე ფიქრობდა. სონღულა კი თვლიდა, ადამიანური კანონები ღვთის კანონებთან წინააღმდეგობაში რომ მოსულიყო, ადამიანები უმალ ღვთისას დათმობდნენ, ვიდრე თავისას გადავიდოდნენ. ხანდახან აჩრდილებს ვხედავ, გაუნდო ბუტოვმა. თან ხუმრობა მოაყოლა, ოღონდ მხოლოდ ხანდახან, ეტყობა აჩრდილებიც გამოზოგვითააო.

-სიცრუეს თუკი დაიჯერებ, თავის მსახურად გაქცევს და დამკვიდრებაში შეუწყობ ხელს! სიცრუე ჯოჯოხეთის სიმართლეა, შემრიგებლობის სახელით შეურიგებლობას გაზიარებს. ამისთვის მიზეზებს გამოძებნის. უვარგისი ხომ თავის უვარგისობას ყოველთვის სხვას გადააბრალებს ხოლმე. ოსტატობა იმაში მდგომარეობს, რომ სიბრძნე და ღირსება მტანჯველთა გარემოცვაშიც შეინარჩუნო. თავგანწირვა ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. ქრისტემ სიკვდილი სიხარულად აქცია, გარდაცვალება აღდგომად! ოქროს მთებს თუ დაეძებ, გზა არ უნდა დაგებნეს, რადგან ხელცარიელი თუ დაბრუნდები, იტყვიან, ვერ მიაგნოო. სიყვარული დღის სინათლეა, არ უნდა მოინატრო, სიცოცხლე ღამედ რომ არ იქცეს!

ბუტოვი ხელში დაცლილ ვაზნას ათამაშებდა და მის თითოეულ სიტყვასაც დენთის სურნელი ასდიოდა. საყოველთაო შემოწმების დროს,  გარიზონში გამოცხადება როცა უხდებოდათ, სხვა ჯარისკაცებს თავს აბრიყვებინებდა, მაგრამ სანამ მასხარად იგდებდნენ, შეაგონებდა, თუ მცნებებით იცხოვრებთ, ჯვარს ტახტით შეგიცვლიან, ეკლის სალტეს კი გვირგვინითო.

ერთი ლოყებდაბერილი ჯარისკაცი გაბრწყინებული უსმენდა ხოლმე. მსუქანა იყო და ისეთი სახით უღიმოდა, მთელი არსებით ამ ღიმილში და სიმსუქნეში იყო განვრცობილი. ხელში ერთთავად ჩაკბეჩილი ვაშლი ეჭირა და მეტსახელად ანტონოვკას ეძახდნენ. ბუტოვს განუცხადა, როცა გავიგე, ადამიანი ცხოვრების ერთ მესამედს ძილში ატარებს, ძილი გამიქრაო.

-ეგ რა მოგსვლია! – შეიცხადა ბუტოვმა – დანარჩენ დროს რაში იყენებდი?

-დანარჩენს? არაფერში! – გაიკრიჭა ანტონოვკა – ძილის ფასს აქ მივხვდი, ჯარში, თურმე სიცოცხლის ეშხი ძილში მდგომარეობს.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16