როცა ფუტურო ხეების ნაყოფიერებაზე ლაპარაკობენ, ფუჭ საქმეს მოჰკიდებიან. კაცმა საკუთარ გულს უნდა უსმინოს. მიდრეკილება პატარა ნაკადულს ჰგავს, რომელიც მდინარემდე გაგიყვანს, მდინარე ზღვამდე, ზღვა კი აურაცხელი ჭავლების ზეიმია, მბორგავ სტიქიონთა კარნავალი. ადამიანები სახლს იმიტომ ტოვებენ, რომ ერთფეროვნება ბეზრდებათ, სონღულა კი იძულებული გახდა, ასე მოქცეულიყო. როგორც ბუტოვი ამბობდა, მთავარი ღვთის ჩანაფიქრის განხორციელება ყოფილა და არა ხელისშემშლელი ფაქტორების გათვალისწინება. შენიღბვა ცხოვრების სტილია და ამაში მიუღებელი არაფერია, თუკი დევნილივით ცხოვრობ. სიანკარე რომ შეინარჩუნო, ჭავლებივით უნდა ეხეთქო ქვებზე. სონღულამ ქვეყნიერება მოიარა, ცხოვრების აზრს რომ ჩაწვდომოდა. იმათ არ გავდა, შორს წასვლა რომ ეზარებათ და ისე არიან შეზრდილნი თავიანთ ყრუ ბუნაგებს, საცოლეებსაც კი სამეზობლოში დაეძებენ. სონღულამ თავის გატანის მრავალი მეთოდი იცოდა, რომელსაც ხშირად მარჯვედ იყენებდა, მაგრამ ახლა ყველაფრის ხალისი დაკარგული ჰქონდა და სამშობლოსკენ მიმავალი მატარებლის ტამბურიდან თვალუწვდენელ ტრამალებს გულგრილად გაჰყურებდა. ცხოვრებამ იგი მრავალ ადამიანთა მსგავსად ხელმოცარულ კაცად აქცია. ყოფიერების სისასტიკე თავისი შეუვალი სტატისტიკით და უზუსტესი გათვლებით სარგებლობდა. წლების შემდეგ სონღულას კიდევ ერთხელ უნდოდა ბუტოვის ოჯახში ჩასულიყო, მაგრამ თავი ვეღარ მოაბა, ხოლო სხვებისთვის, ვინც მას ასე თუ ისე ანგარიშს უწევდა, ეს მნიშვნელოვანი აღარ იქნებოდა, რადგან საკუთარ გულთა დამკარგავთა გზაც უფსკრულებში იკარგება.

5.

-ამ კაცმა ნევროზი დამმართა! – თქვა ევამ და სონღულას ბალიში გაუსწორა.

ნევროზი მეფესაც ემართება ტახტრევნის გაუთავებელი ჭრიალის გამო, გაიფიქრა სონღულამ, – სამსჯავროს დღეს კი გაცილებით მრავალნაირი ბრალდება მომესადაგება.  მაგრამ არაფერი გამოუხატავს. ამის ძალა კარგა ხანია აღარ შესწევდა. ცხოვრების მიმართ მეტაფიზიკური დამოკიდებულება ადრევე ჩამოუყალიბდა, მისი წარმოსახვა უკანასკნელ ფრაგმენტებს გადასწვდა, თითქოს დაწყებული სამუშაო უნდა გაესრულებინა. გაიხსენა, როგორ მიიკვლევდა გზას მარუსას სოფლისკენ, პირველ რიგში საითაც გასწია. მთვარის ანარეკლი ბრჭყვიალა ზოლად დადგომოდა თოვლის უკანასკნელ ნარჩენებს. მოზრდილი გუნდები ფეხქვეშ ისე ხრაშუნობდა, გეგონებოდა მიწა ოხრავსო. ცით გადაღლილი ფრინველები ზედვე სხდებოდნენ. სონღულას მთელი სხეული ტეხდა, თითქოს ლოდები ეზიდოს. აწოწილი იყო და მოხრილი სიარული ჩვეოდა. თმებიც გასჩეჩოდა, რადგან უწესრიგობა მისი თანმდევი გამხდარიყო. მარუსას სახლს შორიდანვე მოკრა თვალი და გვერდი აუარა. ოდესღაც მწვანედ შეღებილი მესერი, ზოგან ყვავილები რომ ჰქონდა მიხატული, ისე გადაქერცლილიყო, ყვავილების შესახებ რომ არ გცოდნოდა, ვერც შეატყობდი. დროს თავისი მიჰქონდა და ადამიანებიც დიდ ვერაფერს ასწრებდნენ. დღევანდელობაც წარსულს ერწყმოდა და სულ სხვა ელფერს ძენდა. ოდესღაც ყველაზე მნიშვნელოვანს მეორე პლანზე გადაენაცვლა. სონღულას გადაკარგვა ჩვეოდა, დიდხანს აღარ გამოჩნდებოდა ხოლმე და მერე უჩუმრად ბრუნდებოდა. ასეთ დროს ყველაზე ხშირად მარუსას საფლავზე ადიოდა, ისე რომ არავის დაენახა და თავისთვის ჩუმად ტიროდა… ქალაქში დაბრუნებულმა, თავი უცხოდ იგრძნო. სამშობლო შეცვლილი ეჩვენა. ხალხმა საზღვარგარეთს მიაშურა. ვინც გასამდიდრებლად წასულიყო, ჩამოასვენეს. ვინც არ ჩამოუსვენებიათ, იქ დარჩენილიყო და აქეთ აღარც გამოუხედავს.

სონღულა ფანჯრიდან გაჰყურებდა ნაცნობ შემოგარენს, რომელშიც სხვები ირეოდნენ. ლამპიონები რკინიგზის გასწვრივ მკრთალ შუქს აფრქვევდა. მერე გაშავებული თეთრეული სამრეცხაოში ჩააბარა და ამის თაობაზე რაღაც გაიხუმრა კიდეც, მაგრამ მისი ფრაზები ვეღარ დაიკვეხნიდნენ ძველებური მახვილგონიერებით, თითქოს ისინიც გამცვდარიყვნენ და აქტუალობა დაეკარგათ. ქუჩებს მოკირწყლული ქვაფენილის ნაცვლად ასფალტის სურნელება ასდიოდა. სონღულას სულიც ამ დახეთქილ ასფალტს ჰგავდა, ზედ სინანულის გუბეები რომ გაჩენილიყო. ისეთი ღამე იდგა, თითქოს ნახშირის გორები ჩამოზვავდაო. მან ცენტრალური ქუჩისკენ გასწია და ლუდსახარშის ლუდი ჩამოასხმევინა. დაზნექილი ფარდულები შენობებს მიჰყუდებოდნენ. კედლები სველდებოდა, ბეტონს ფერი ეცვლებოდა და შეორთქლილი მინებიდანაც არაფერი იხედებოდა. იმ ღამეს ბუტოვი დაესიზმრა, რომელიც სონღულას დიდ მადლობას უხდიდა. დილით კარებზე მიუკაკუნეს. არც შემცდარა, მრეცხავი ქალი იყო, სონღულას ქათქათა ზეწრები ხელში შეაჩეჩა და გასამრჯელოს მიღებისთანავე კისრისტეხით დაეშვა კიბეზე.

სონღულა სამსახურის თაობაზე ძველ ნაცნობებს დაუკავშირდა, რომელთაგან უმეტესობამ ფულის შოვნას და წუწუნს ერთდროულად უმატა. მხოლოდ ერთმა მათგანმა,ზაქარიამ, მიიტანა გულთან მისი ამბავი, მაგრამ მაინც მოღუშული დახვდა ნაბახუსევზე. წინა დღეს წვეულება ჰქონია და ალბათ ნაკლები ღირებულების საჩუქრები მიიღო, ვიდრე სუფრა დაუჯდა.

-დაბრძანდი! – შესთავაზა სონღულას, მაგრამ ეტყობა სკამები სხდომათა დარბაზში გაეტანათ.

-არა უშავს, მაგიდაზე დაბრძანდი!

-ვიდგები! – ცერად გახედა სონღულამ.

-კარგ ადგილს ვერ შემოგთავაზებ! – განუცხადა თავიდანვე და განცხადება დააწერინა – დიდ იმედებს ნუ დაამყარებ!

-მთავარია სამუშაო მქონდეს, თავის გასატანად!

-ორი დღის მერე მოდი, რაღაცას გაგიხერხებ!

გარეთ სონღულას კარისკაცი გამოელაპარაკა:

-აქ არაფერია შესაშური, რაც მეტად დაღვინდები, მეტად დანაღვლიანდები!

-მაგის მეტი რა ვიცი!

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16