– რა დაანგრევს სსრკ? ამ უზარმაზარ სისტემას? რა???

– სულის შებერვა!

– სულის? ბაბუაწვერა ხომ არაა?

– არაა, მაგრამ ძლიერი სულის შებერვა დაანგრევს!

– სულის ძლიერი შებერვა?

– არა, ძლიერი სულის შებერვა!

***

“Грузины, поздравляю вас! Вы попали в единственную учебную часть где готовят специалистов высшего класса по новейшему оружию! – დაგვიწყო რიხიანი ხმით გამხნევება ჩვენზე მომაგრებულმა ოფიცერმა, რომელსაც სხვა ოფიცრები არაოფიციალურად “Девяносто”-ს ეძახდნენ. ჩაახველა, ქუდი გაისწორა, ამაყად გადმოგვხედა და აგვიხსნა, რომ სპეციალობა, რომელსაც მასთან, ანუ ამ “უჩებნოე ზავედენიაში” დავეუფლებოდით უნიკალური იყო. ჩვენნაირ სპეციალისტებს სამხედრო ოპერაციების დროს უმთავრესი სტრატეგიული და საბრძოლო ამოცანები უნდა განეხორციელებინა… ანუ მის “ბჟუტურს” თუ დავუჯერებდით – ოთხმოცდაათი პროცენტი შესაძლებელი იყო დავღუპულიყავით, მაგრამ ეს იქნებოდა დიდებული სიკვდილი და ჩვენი სახელები სამუდამოდ ჩაიწერებოდა სამხედრო ნაწილის საპატიო სიაში… მაგრამ თუ გადავრჩებოდით, გველოდა ბრწყინვალე სამოქალაქო ან სამხედრო კარიერა. ყოველი კურსის დამთავრების შემდეგ ამ სპეციალობის მქონე სერჟანტთა ოთხმოცდაათი პროცენტი (ახლა მივხვდი რატომ ერქვა “დევიანოსტო”) მიჰყავდათ ინტერნაციონალური ვალის მოსახდელად… მეგობრულ… ავღანეთში.

ავღანეთში, სადაც თანამებრძოლები გაგვაღმერთებდნენ, ადგილობრივები ჩვენზე ილოცებდნენ, ხოლო მტერი პანიკაში ჩავარდებოდა… და “დევიანოსტო” იმედს იტოვებდა, რომ ჩვენი გამოშვებაც გააგრძელებდა ამ სახელოვან ტრადიციას.

“ავღანეთო, ლამაზოოო! სხვა ავღანეთი სად არიი…”

ოთხ ათსართულიან ყაზარმას შორის მოქცეულ ასფალტირებულ “პლაცზე” უკვე ნახევარი საათი ვიდექით… თბილისურ ხინკალ კეპებსა და დაჭმუჭნულ ტანსაცმელში გამოწყობილები… გვცხელოდა, გვშიოდა, გვწყუროდა, გვეძინებოდა და საერთოდ აღარავინ გვევასებოდა…

გაგანია ივლისში ოთხი დღე მატარებლით ვიმგზავრეთ. გვეგონა ჩამოვედით. ნახევარი დღე აყროლებლ და ჭუჭყიან სადგურზე გავატარეთ და მერე ისევ სამი დღე სხვა უარესი მატარებლით ვირახრახეთ. ამ ხნის მანძილზე წუთი არ გვძინებია. ყველაფერი დავლიეთ. ყველაფერი შევჭამეთ. ყველაფერი მოვწიეთ, სიგარეტიდან დაწყებული, სხვა მაგარი რაღაცეებით დამთავრებული… არ დავტოვეთ არაფერი. მთელ სანოვაგეს, რაც გზაში გამოგვატანეს მშობლებმა და ახლობლებმა მუსრი გავავლეთ. დაგვრჩა ფული, ბევრი ფული, სევდა და გაქცევის სურვილი. შიშის გამო გაქცევის კი არა. უბრალოდ გვინდოდა სადმე მყუდრო ადგილას მივგდებულიყავით და დაგვეძინა.

– Всё у вас будет на вышем уровне! – არ ცხრებოდა ოფიცერი.

– А девучки будут?

– Какие девушки? – გაუკვირდა “დევიანოსტოს”.

– Красивый, теплый, приветливый Девушки? – ისევ იკითხა ნაცნობმა ხმამ, მაგრამ არც მისკენ გახედვის და არც მისი ამოცნობის თავი არ მქონდა.

– ჰაჰაჰა! – ყალბად ჩაიცინა ოფიცერმა, – Новобранец, как в песнье поётся – ”Первым делом, первым делом – самолеты, Ну, а девушки, а девушки потом!”… Вас по десять, по пять человек распределять по казармам… А дальше…

– А где саолеты? – არ ცხრებოდა ეს ჩემისა.

– Саолеты? – ჩაახველა “დევიანოსტომ”, – Саолеты, там где надо! – და ეს საუბარი რომ არ გაგრძელებულიყო, “პარახოდის გუდოკივით” დააგუგუნა, – Смиеррнааа! На пррииавооо! Шааагооо Меааршшш!

– ბუღა, ახლა მიყავხარ “ფიფრინავებთან”… “ტიოპლი დევუშკებთან” გ ა ს ა ფ რ ე ნ ა დ! – მწარედ წაიკაიფა ვიღაცამ.

– Нееее Разговаривать! – მკაცრად მოითხოვა ოფიცერმა.

– ბებიაშენისამ! – ლამის ერთხმად მიაძახეს, მუხლუხოსავით მიზოზინე ქართველებმა…

…უჩებკა (Учебная Часть – Школа сержантов) ექვსი თვის თავზე დასრულდა, მაგრამ “დევიანოსტოს” პროგნოზში არ გაუმართლა. არავის გამოვუძახივართ ავღანეთში წასაყვანად. ყველა პირიქითა და პირაქეთა სამხედრო ოლქებში გაგვანაწილეს. თითო დივიზიაზე ჩვენი სპეციალობის, მხოლოდ ერთი ოცეული მოდიოდა… ისეთი მოთხოვნადები ვიყავით, რომ ნუ იკითხავთ, ხელიდან ხელში მიგვა-მოგვადაგვა-გოგმანებდნენ… ასე რომ მარკო პოლოსავით დავყიალობდით ერთი პოლკიდან მეორეში, ერთი სამხედრო – ტაქტიკური სწავლებიდან მეორე სამხედრო – სტრატეგიულ სწავლებაზე.

”Первым делом, первым делом – самолеты, Ну, а девушки, а девушки… А девушки как всегда желанный и прекрасный!”

***

…ახლა, ამ ოცდამეერთე საუკუნეში ვიღაცამ თუ ახსენა “საბჭოთა ჯარი”, რამდენიმენაირი ხილვა ან სურათი-“კარტინკა” წარმოდგება თვალწინ…

…დაახლოებით აი, ეგეთი:

“სუფთა და ნათელი ჯარისკაცული სასადილო – მდოგვისფერი ფარდებით, კარაქისფერი ლინოლიუმით მოპირკეთებული მაგიდებით და პამიდვრისფერი ხის გრძელი ზურგიანი სკამებით.

მაგიდის ცენტრში ალუმინის ღრმა ჯამები დგას და მათზე ირეკლება – გამდნარი ქონის, შემწვარი ხახვის და კიდევ რაღაც ქიმიური ხსნარის სუნით გაჟღენთილი ხაკისფერი კედლები…

…ალუმინის ჯამებში აწყვია ყვითელი, “დამჭკნარ-დაკუჭული” ვაშლები. მუმიფიცირებული სიყვითლით დაჭმუჭნული. იცით როგორია მუმიფიცირებული სიყვითლე? აი ისეთი, როგორიც ჩაქმრალი ვარსკვლავია. ადამიანს ჰგონია, რომ ის ისევ ანათებს და ათბობს, მაგრამ “ჰოპლა”, სინამდვილეში აღარც ანათებს. ის გ ა რ დ ა ი ც ვ ა ლ ა და რაღაც კოსმიური, ადამიანისთვის შეუცნობი და უხილავი ფორმით მუმიფიცირებულია. სინათლე კი, რომელიც შენამდე მოდის, მხოლოდ უკანასკნელი, შემხმარი ამოსუნთქვის ხილვადი “სხივთა შრიალია”.

და რაღად გვინდა ისეთი სხივები, რომლებსაც სითბოს არ მოაქვთ?…

…ჯარში მუმიფიცირებულ ვაშლებს თავისებური, განუმეორებელი და წარუშლელი გემო აქვთ. მლაშე და არა მარილიანი. მწარე და არა ცხარე.

საქართველოდან ჩამოსული, ხილს დანატრებული ადამიანისთვის ამაზე დიდი საზიზღრობა არაფერია. ელოდება ერთს, ხედავს ან ეჩვენება მეორე და აგემოვნებს თურმე მესამეს.

“ფუუ?!” კია, მაგრამ რაღაცნაირად გაფხიზლებს… დაღლილობით დახშულ ენერგიის წყაროებს დაჰკრავს თავის მწარ-მლაშე გემოს. ლაზათიანად შემოულაწუნებს და “ოპლა!”, “დაგაჭყეტიებს თვალებს, დაგაცქვეტიებს ყურებს! პირსაც კი დაგაფჩენიებს და თავს მიგიმსგავსებს მგელსას!”

მოკლედ ენერგიულ შარზე დაგაყენებს!…

…ყვითელი დაჭმუჭნილი ვაშლები – ესაა ჩემი პირადი დამოკიდებულება საბჭოთა ჯართან.

იმ ჯართან, რომელიც მე, ჩვენ გამოვიარეთ… ჯარისკაცებმა, ოფიცრებმა, პრაპორშიკებმა და ზემდეგებმა. ქართველებმა, დანარჩენი თოთხმეტი სოციალისტური და ამასთანავე საბჭოთა რესპუბლიკის, უბრალო წარმომადგენელმა…

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15