***

საბჭოთა ჯარში, ქართველებთან ურთიერთობის და თანამშრომლობის სხვა წესები მოქმედებდა… მაგრამ გასათვალისწინებელი იყო ერთი ფაქტორი, თუკი მთელს სამხედრო ნაწილში მხოლოდ ორი ან სამი ქართველი მოხვდებოდა… საკმაოდ ბევრი ბრძოლის გადატანა მოუწევდათ, რომ საბჭოურ სამხედრო მანქანას, “დედავშჩინის მარაზმატულ” იერარქიას არ ჩაეყოლიებინა და არ დაექუცმაცებინა ისინი.

ათი ქართველი ერთ პოლკში ( ათასეულში ) უკვე სხვა ბევრად ჰუმანურ ეთიკას და ესთეთიკას ქმნიდა. ისინი, ბრძოლისუნარიანობის, გამტანიანობისა და ერთად დგომის წყალობით, პირველივე დღიდან ხდებოდნენ “დედუშკები” და მიჰყავდათ თავისი “სტოსი”. ასე გრძელდებოდა ბოლომდე ანუ სანუკვარი “დემბელსკი პრიკაზის” გამოსვლამდე… აღსანიშნავია ისიც, რომ იქ სადაც ქართველები მძლავრობდნენ მართალია “ხრიუშოვის” დატოვებულ “დედავშინას” ბოლომდე ვერ სპობდნენ, ბოლომდე ვერ ახერხებდნენ მის ამოძირკვას, მაგრამ ნაწილში სამსახური ყველასთივ მეტნაკლებად ასატანი და არადამამცირებელი ხდებოდა.

რატომ ვერ ახერხებდნენ ამ ავადმყოფური ადათის ამოძირკვას?

ალბათ იმიტომ, რომ ეს, არ იყო ქართული ჯარი. ეს, არ იყო არც რუსული ჯარი. ეს არ იყო რომელიმე ერის ეროვნული ჯარი. ეს გახვლავდათ ზონ-ჯარი, რომელიც კომუნისტური ზეწოლის, საბჭოეთის შექმნის და შენარჩუნების ყველანაირ შენიღბულ მექანიზმს ფლობდა, ნიღბავდა, მალავდა და ინახავდა თავის თავში. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ერთად – ერთმუშტად შეკრულ ქართველებს შესწევდათ ძალა ამ ცხოველური “კოდექსის” ჰუმანიზაციის. ხან მუშტის, ხან სიტყვის, ხან ხერხის წყალობით ახერხებდნენ ვაჟკაცური, ადამიანური და სამართლიანი ნორმების დამკვიდრებას ყაზარმულ იერარქიასა და უფლება-მოვალეობებში. ორი წლის მანძილზე რამდენ ნაწილშიც არ მოვხვედრილვარ, ყველგან იქ სადაც ქართველების გავლენა იგრძნობოდა და სადაც ისინი დომინირებდნენ, ყაზარმა-ყაზარმას და ჯარისკაცი-ჯარისკაცს ემსგავსებოდა.

აი ეს ზოგადად, რაც შეეხება საბჭოთა ჯარის შიდა სამზარეულოს და სსრკს სახეს…

***

ჰოო, კიდევ იმის დამატება მინდა, რომ მიუხედავად ყველაფრისა ქართველებს არ სურდათ ჯარში მსახური და ამიტომ ისინი ძალით მიჰყავდათ “სამშობლოს” ვალის მოსახდელად. თუმცა მათ შორის იყვნენს ისეთები, ვინც თავისი ნებით მიდიოდა და მიისწრაფოდა “Пилотка – პილოტკის”( სამკუთხა ქუდი, რომელსაც ჯარისკაცები ჩრდილოეთ რეგიონებში ატარებდნენ), ან “Панамка- პანამკის ( ფარფლებიანი ქუდი, რომელსაც ჯარისკაცები სამხრეთ რეგიონებში ატარებდნენ ) დასახურად. ამის მიზეზი კი იყო რამოდენიმე:

– ა. სახლიდან – მშობლების გადამეტებული კონტროლიდან, ბ. ციხიდან – “სროკიდან”, გ. უნებლიედ შეტენილ-შეცდენილი ქალისგან – ოჯახის შექმნისგან თავის დაღწევა… კომკავშირულ კარიერაზე ოცნება, დ.უმაღლესში მოსაწყობად ლიმიტებისა და ლგოტების მიღება, ე. რუსული ენის საფუძვლიანი შესწავლა… დააა, ვ. ქალის( ების ) ე.წ დაგემოვნება და “დავაშკაცება”…

***

…როცა სოჭის სასტუმროს ერთ-ერთი ნომრის კარი შეამტვრიეს ადგილობრივი ადმინისტრაციისა და მილიციონრების თვალწინ უჩვეულო სცენა გადაეშალათ.

კარადის მოგლეჯილი კარით შეიარაღებული, დედიშობილა, გაცეცხლებული ჯამბულა ა. შუა ნომერში იდგა და აქეთ-იქით ენერგიულად იქნევდა კარს.

მის პირდაპირ კი ტელევიზორსა და სავარძელს შორის შეყუჟული ორმოცდაათ მანეთიანი ბოზი, ჩაცუცქულიყო ტატიანა, ექვს პირ ტანსაცმელში გახვეული კანკალებდა და ისტერიულად ხაოდა.

– Памагите! Он сошёл с ума?!

შიშველი ა. ტანმორჩილი გოლიათვით იქნევდა კარს და ბრდღვინავდა:

– სამ საშოლ! ადივაისია სუკა!

ჯამბულა მოიქნევდა თავის “იარაღს” და დააგუგუნებდა:

– დენგი, ორმოცდაათი მანეთი გემრიელად კუშალა და… რა ვერ გეიგე ქალო! ადივაისია თქვა!

სახეზე კოსმეტიკა არეულ ქალბატონს კი უკვე ყველაფერი ეცვა, რისი ჩაცმაც შეიძლებოდა და ტანსაცმლის დიდ გორგალს ჰგავდა. თავისების გარდა, ჯამბულა ა.-ს საცვლები, ორი მაისური, პიჯაკი, ჯინსისა და ხაკის შარვალი. სამი პერანგი, ხუთი წყვილი სუფთა და ჭუჭყიანი წინდებით “შემოსილი” აქეთ – იქით იხედებოდა და აღარ იცოდა კიდევ რანაირად დაეკმაყოფილებინა ამ ერთი საათის წინ ბუნჩულა ბიჭის და ახლა მანიაკად ქცეული ტიპის სურვილები…

არადა ჯამბულიასთვის ყველაფერი არაჩვეულებრივად იწყებოდა. თვრამეტი წლის იუბილარი, სკოლის დამთავრების აღსანიშნავად ნაჩუქარი ფულით ჩავიდა სოჭში. რუსულის ინჩი-ბინჩი არ იცოდა, ისევე როგორც არც ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და გერმანული უსწავლია სკოლაში.

არ უნდოდა, არ სწავლობდა.

მასწავლებლებიც არ აძალებდნენ, ბევრ რამეზე თვალს ხუჭავდნენ და ამიტომ ა-ს ოჯახი ძალიან მადლიერი იყო სკოლის პედაგოგებით.

“პრაზდნიკებსა” და ახალ წლებზე, თაფლი, თაფლის არაყი და “მისთანები” – სკოლის დირექტორიდან დაწყებული, ფიზკულტურის მასწავლებლით დამთავრებული, ყველას ეგზავნებოდა.

ა-ს ოჯახური თაფლის საკმაოდ დიდ მეურნეობა ჰქონდათ. ბაღდათი-საირმეს ტერიტორიაზე თუ სადმე სკებს წააწყდებოდით, სულ მათ ეკუთვნოდათ. ამით ცხოვრობდნენ ეს დალოცვილები. ჰქონდათ თაფლი, ფიჭა და ხდიდნენ თაფლის არაყს.

მეფუტკრეობით აპირებდა ნორჩი ჯამბულია ა-ც სამომავლოდ დასაქმებას და შესაბამისად ფიზიკა, “მათმატიკა”, რუსული და ა.შ. არაფერში სჭირდებოდა…

არც იტანჯავდა თავს მათი სწავლით და არც პედაგოგებს აწუხებდა ზედმეტი ცოდნით…

…ჰოდა, იქირავა მომავალმა მეფუტკრემ სასტუმროს ნომერი და, ვიღაც კოლიას ტელეფონით დაურეკა. მერე ბიძაშვილის ხელით ქაღალდზე დაწერილი, ქართული ასოებით გამოყვანილი რუსული ტექსტით წაუკითხა და ასე გამოიძახა გ ო გ ო ნ ა:

– ძევუშკა ტატიანა პიატდესიატ რუბლი!

ქალმა ათ წუთში მის კარზე დააკაკუნა. ჯამბულიამ იქვე, კორიდორში გადაუხადა კოლიას ფული და ქალი ნომერში შემოიპატიჟა. გოგონას ეგზოტიკური თაფლის, იგივე ბუზის არაყი დაუსხა, რომელიც სპეციალურად ამ ამბისთვის ჰქონდა მომზადებული და ჩართო მუსიკა.

წყვილმა რამოდენიმე ჭიქა სიამოვნებით დალია… და ტონუსიც აიმაღლა… ჯამბულიას აჟღვაღჟღვარდა თვალები… ქალი ძალიან მოეწონა… ემოციებისგან გაოფლიანდა კიდეც…

– დევუშკა ვოო! – სიხარულით მიაძახა ტატიანას და ზემოთ აშვერილი ცერა თითი უჩვენა. ქალმა კეკლუცად გადაიკისკისა და ფეხი-ფეხზე ძაან გამაღიზიანებლად გადაიდო.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15