***

…ცოტა ისტორიაში თუ შევტოპავ, შეგახსენებთ – მიუხედავად იმისა, რომ სტალინმა ოცი მილიონზე მეტი კაცი “გაატარა” ზონებში, სამხედრო სამსახურში “ნაციხარს-ნასროკალს” არ ღებულობდა, ანუ თუკი ახალგაზრდა იყო ერთხელ მაინც “ნაჯდომი”, მას არ გაიწვევდნენ სამხედრო სამსახურში. ეს საბჭოურ ჯარს ღირსებისა და პრესტიჟულობის გარკვეულ არეალს ანიჭებდა, რადგან იქ, ასე ვთქვათ, უმწიკვლო ხალხს უნდა ემსახურა.

ნიკიტა “ქაჩალამ”, ვითომდა ლიბერალური ფასეულობების მამამ, პირდაპირ მიანიჭა – ნაციხარებს, ან იმათ ვინც ციხეში ჯდომას ჯარში მსახურობა ამჯობინებდა, ამის პრივილეგია.

ასე, რომ ერთმანეთს შეურია გამოუცდელი პირტიტველა ბიჭები და ნახიშტარი, ათას სიბინძურეს გამოვლილი, ანტიმორალის მატარებელი, აგრესიული “სასტავი”. ამას კარგი არაფერი არ უნდა მოჰყოლოდა… ყველა ყველაფერს ხვდებოდა, მაგრამ ხრუშოვის ჭყივილს ვერ გაიუძლეს და დათმეს… ამის მერე იშვა საბჭოთა ჯარში ის ფენომენი, რომლის ყველაზე მთავარი მახასიათებელი იყო და არის “Дедавшчина” – “დედავშჩინა”.

“დედავშჩინა” ნიშნავდა იმას, რომ ჯარისკაცი ორი წლის მანძილზე გადის სულიერი და მორალური დეგრადაციის რამდენიმე საფეხურს. არანაირი უფლებებისა და პრიველეგიების მქონე არარაობიდან, “სალდათურ” არისტოკრატიამდე.

ამისათვის მას ოთხი იერარქიული ბარიერი უნდა გადაელახა. ჯოჯოხეთიდან, რომელშიც ის ვარდება, ჯოჯოხეთამდე, რომელსაც ის ასულდგმულებს და აკონტროლებს…

ამ იერარქიისა და იდეოლოგიის შემქმნელები იყვნენ ხრიუშოვის წყალობით გაჯარისკაცებული ყოფილი კრიმინალები – ქურდულ იდეოლოგიას აცდენილი “მომავლები”, “სსუჩონიე ვორი” ანუ გაწითლებული ქურდები და ა.შ… მათ შორის ბევრი იყო ფარული, ზონაგამოვლილი ჰომოსექსუალისტიც – ამის დამამტკიცებელი საბუთი საკმაოდ მჟღავნდებოდა ჯარისკაცების ე.წ. იერარქიული ნათლობის დადგენილ წეს-ჩვეულებებში…

აი ეს საფეხურები, რომლის გავლა უწევდა ყველა საბჭოელ ჯარისკაცს – 4. Дух-Зелёный, დუხიზელიონი, 3. Бизон, ბიზონი, 2. Черпак, ჩერპაკი, 1. Дедь-Дедушка, დედი( დედუშკა ) და 0. Дембель, დემბელი.

დუხი-ზელიონი – არის ახალგაწვეული, რომელიც გახადეს სამოქალაქო ტანსაცმელი, გადახოტრეს, დაბანეს, ჩააცვეს პირველი სამხედრო ტანსაცმელი, იგივე “ХБ” და ფეხი შეადგა ნაწილში. მან ჯერ უნდა გაიაროს სავალდებულო კარანტინი, სადაც ასწავლიან რა, როგორ და რანაირად. აქ ჯერ კიდევ დარჩენილია ნორმალური ჯარის ურთიერთბები.

ჯოჯოხეთი იწყება, იმ დღიდან, როგორც კი მთავრდება კარანტინი და ის რეალურ ყაზარმაში ხვდება. აქ ის მონად იქცევა. რაში მდგომარეობს მისი მოვალეობები და ვალდებულებები?

“დუხი”, ანუ მონა – აკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს რასაც დაავალებენ. ასწორებს, ალაგებს – ჯერ ყველა “დემბელის”, მერე ყველა “დედი-დუშკას”, მერე ყველა “ჩერპაკის” საწოლს… აუთოებს მათ ტანსაცმელს, რეცხავს და აკერებს საყელოს, აპრიალებს – ჩექმებს, ღილებს, ქამარს. ასუფთავებს ტაბელურ იარაღს. მერე ეძებს სიგარეტს, საჭმელს “დემბელებისა” და “დედუშკებისათვის”.

თვითონ მას უფლება აქვს ჭამოს, მაგრამ კანონით განკუთვნილი, მხოლოდ ნახევარ პორცია. “დუხი” ვალდებულია შაქრის, კარაქის, კატლეტის, ხორცის, შემწვარ თევზის ნახევარი ჯერ “დემბელისთვის”, მერე “დედისთვის” და ბოლოს “ჩერპაკსისთვის” შესთავაზოს. ასევე ყველანაირი სასუსნავი რაც ჩამოუვა, ან შემოუგზავნიან “გრაჟდანკიდან” ანუ გარედან მთლიანად მიართვას მათ. (არ დაუთმობდა და კია ჩიტსაც დაიჭერდა).

***

ერთხელ ყარაულიდან ვბრუნდებოდი ჩემს “Взвод-ვზვოდთან”(ოცეულთან) ერთად და მეზობელი ნაწილიდან ჩვენთან შემოპარული ახალბედა, ფერდაკარგული და გასავათებული ჯარისკაცების ჯგუფი აღმოვაჩინეთ. გაუთიბავ ბალახში ეყარნენ და დაფეთებული კურდღლებივით აცეცებდნენ თვალებს. დავინტერესდით რა მოუვიდათ.

თურმე ერთი კვირა თითქმის არაფერი უჭამიათ. დილით, ორ მათგანს ამანათი ჩამოსვლია და ისეთი დამშეულები ყოფილან, ჩირის, კამფეტებისა და “პეჩენიას” დანახვაზე სულ დავიწყებიათ ყველაფერი და მთლიანად შეუჭამიათ მშობლების გამოგზავნილი ძღვენი. ეს რომ “დედუშკებს” გაუგიათ, აღშფოთებულან – “რას ქვია ჩვენ არ მოგვართვით ტკბილეულიო?!”. შეუყრიათ ეს საცოდავები სასადილოში, ძალით დაუძღიათ ქერის ფაფით. მერე სარბენ ბილიკზე გაუყვანიათ და ათი კილომეტრი ურბენინებიათ. ამას კი გაუძლეს საცოდავებმა, მაგრამ მერე მუცლის “პრესის” ვარჯიშების კეთება აიძულეს და ეს კი ვეღარ აიტანა ახალგაზრდა კუჭ-ნაწლავმა და სულ “ჩანჩქერო” იმღერეს. ერთიანად ამოიღეს ფაფაც, კამფეტებიც და ნაზუქებიც… გამხეცებულ “დედებს” ესეც არ უკმარიათ. კვლავ შეუყრიათ “დუხები” სასადილოში და ქერის ფაფის ჭამა დაუძალებიათ… სიკვდილის პირას მისულებს მოუხერხებიათ სასადილოდან გამოქცევა და ჩვენამდე მოსვლა…”

***

…“დუხს” დღე-ღამეში ძინავდა ორი-სამი საათი. ამიტომ იყო სულ მშიერი და გამოუძინებელი. მისი ასეთი ყოფა ნახევარ წელიწადში მთავრდება.

მსახურობის ექვსი თვის შემდეგ “დუხი” – ჯარისკაცის ბალთიანი ქამრით, მოშიშვლებულ უკანალზე ექვსჯერ დარტყმით “ინათლება” და გადადის უფრო მაღალ საფეხურზე და ხდება – “ბიზონი”. ამ “ოპერაციას” ახორციელებენ “ჩერპაკები”.

“ბიზონი” – ანუ ლაქია, ანუ ადიუტანტი “ემსახურება” ერთ ან ორ “დედს” და “დემბელს”. მას აქვს უფლება აიძულოს “დუხი-ზელიონი”, მისთვის დავალებული საქმე გააკეთებინოს. მას შედარებით მეტი საჭმელი რჩება გასაძღომად და დაძინებისთვის მეტი დრო რჩება. თუმცა არის ერთი პრობლემა. ხანდახან დედებს ან დემბელებს უნდებათ “გლადიატორების” ჩხუბების ყურება. ანუ ისინი “საკუთარ” ბიზონებს ერთმანეთში აჩხუბებენ. შესაბამისად ირთვება ტოტალიზატორი და იდება ფსონები. გამარჯვებულ “გლადიატორებს” ეძლევათ უფლება სპირტიანი სასმელი დალიონ “დედუშკებთან და დემბელებთან” ერთად. დამარცხებულები, მათ მეპატრონეთა ფანტაზიისა და სიბილწის დონის მიხედვით ისჯებიან.

“შიშველი სირბილი თოვლიან ღამეში. საპირფარეშოების რეცხვა საკუთარი კბილის ჩოთქებით. არის ნაკლებად მძიმე, მაგრამ უფრო დამამცირებელი სასჯელიც – მთელი ღამე “დედუშკის” ფეხის ფხანვა და მისთვის “ბაიუ-ბაიუშკის” სიმღერა. თუმცა გაწამებული “ბიზონები” ხანდახან უმართავები ხდებოდნენ და “სტაროჟილებს”(დედუშკებს, ჩერპაკებს, დემბელებს) ღამით დაძინებულებს ესხმოდნენ თავს და ტაბურეტებით უმოწყალოდ სცემდნენ…

…არსებობდა კიდევ ერთი შედარებით “ჰუმანური”, მაგრამ ბევრად დამამცირებელი მეთოდი. ორსაწოლიან სამხედრო კაზარმებში ყველა ახალწვეული ზედა საწოლზე იძინებდა, ხოლო ყველა ძველწვეული შესაბამისად ქვედაზე. უფროსებისგან გაწამებული “დუხები”, ან “ბიზონები” საკუთარ საწოლებში სპეციალურად იფსამდნენ. ზედა საწოლებზე დაგროვილი შარდი ჩამოდიოდა ქვევით. “სალაბონების” ფსელში მოცურავე “სტაროჟილები”, რა დიდი ავტორიტეტიც არ უნდა ჰქონოდათ, მაინც “დაფსმულებად”ითვლებოდნენ და მთელი პოლკის ფოლკლორულ პერსონაჟებად იქცეოდნენ. ამიტომ ორივე მხარე (“ სტაროჟილებიცა ” და “ მალადნიაკიც ”) სიტუაციის ამ დონემდე გამწვავებას ერიდებოდა…

“ბიზონი” ექვსი თვის მერე ახალ კატეგორიაში გადადიოდა. ასევე შიშველ უკანალზე ქამრის ან “ჩერპაკის” ( თუჯის დიდი ჩამჩა ) თორმეტჯერ დარტყმით ინათლებოდა და ხდებოდა “ჩერპაკი”. ამ ოპერაციას ასრულებდა “დედი”. ძალიან სასტიკად, ზედმიწევნით და დაუნდობლად ტარდებოდა ეს რიტუალი. იმდენად ძლიერი დარტყმები იყო, რომ ტრამვები მუდამ თან სდევდა ასეთ “ნათლობებს:

“Чтобы знали и помнили, от духа – червя до Черпака – Человека только через боль можно дойти!”

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15