***

როდის შეიქმნა ეს ფენომენი “საბჭოთა ჯარი”?… ???

ისტორიაში ძრომიალის გარეშე შემიძლია ვილაპარაკო მხოლოდ წარსულის იმ ნაწილზე, რომელის დროსაც პირადად მომიწია ოცდახუთი თვე მემსახურა…

“ტყე ირხეოდა, როგორც ტომატი, ხელში მეჭირა მე ავტომატი…”

***

…ლენინს ძალიან უყვარდა ბავშვები… მხოლოდ ეს ბავშვები თანამოაზრეების შვილები უნდა ყოფილიყვნენ. სხვებისას კი ზიზღითა და ცინიზმით უყურებდა…

სტალინი თურმე საკუთარ თავზე იგონებდა მახვილგონიერ რუსულ შაირებს, იგივე “ჩესტუშკებს”.

ბრეჟნევი კი აგროვებდა მის შესახებ გავრცელებულ ანეგდოტებს, იწერდა და ცალკე რვეულში ინახავდა. სახელმწიფო საქმეებით დაღლილს, ძალიან უყვარდა მათი გადაკითხვა. კითულობდა და იცინოდა. კითხულობდა და იცინოდა… თან გაიძახოდა:

– Какой весёлый и талантливый наш советский народ!-ო…

…ღმერთმა იცის, საკუთარი თავის გარდა რა უყვარდა მათ შორის გამოკვეხებულ ქაჩალ ხრუშჩოვს?

***

…საბჭოთა ჯარის მოგონებებზე “ვაშლის მწნილის” გარდა, ეგრევე მკერდამდე შარვალაწეული, ღიპიანი და მეჩხეკბილებიანი “ხრიუშჩოვი” “მებლანდება”… ლიბერალიზმს ამოფარებული რუსული ფაშიზმის და სსრკში ქართველთმოძულე იდეოლოგიის წამახალისებელი ამება.

მისი პირდაფჩენილი სიფათის გახსენებას კი “ნახიშტარი” ბაბუაჩემის საყვარელ ანგდოტამდე მივყავარ…

“…კვდება ხრუშოვი და ანგელოზებს საიქიოს გრძელ კორიდორში მიჰყავთ. აქეთ – იქით კარებებზე სხვადასხვა წარწერებია. ერთს აწერია – Ленин ТК.

ხრუშოვი კითხულობს:

– ამხანაგო ანგელოზო, ამიხსენით რას ნიშნავს – ТК?

– ეს ნიშნავს იმას, რომ ლენინი არის — теоретик коммунизма.

აგრძელებენ გზას და კვლავ კარებია წარწერით – სტალინი ТК.

ხრუშოვი კითხულობს:

– სტალინი — теоретик коммунизма?

– არა. სტალინი — тиран коммунизма.

ჩერდებიან იმ კარის წინ, რომელსაც აწერია – ხრუშოვი – ТК.

ხრუშოვი ნაზად ეფერება წარწერას და აცრემლებული კითხულობს:

– ხრუშოვი — творец коммунизма.

ანგელოზი “პოსლიკა” თავში წამოარტყამს და სიცილით პასუხობს

– არა შე დურაქო. ხრუშოვი – трепло кукурузное…”

***

 

…საბჭოთა ჯარში თუ არ გიმსახურია, შეიძლება ითქვას, რომ სსრკში სრულფასოვნად არც კი გიცხოვრია. ამ ქვეყნის გემო ბოლომდე ვერ დაგიგემოვნებია. ამაზე თავს დავდებ. თუმცა შეიძლება ვინმე აღშფოთდეს და თქვას:

– ჯარი რაა ზონასთან შედარებით! უფრო მნიშვნელოვანია სოც-ქვეყნების ფენომენის შესაცნობად – ციხე და “ლაგერიო”! “ნარები” ძმაო სესერეკას ყველაზე კარგად ახასიათებენო! …

ა რ დ ა ი ჯ ე რ ო თ!

ზონა-ზონაა! – ის, სტალინის ეპოქას უფრო კარგად წარმოაჩენს.

ხრუშოვის და ბრეჟნევის დროს კი, როცა “ჯარის” ფენომენი შეერია “ზონის” ფენომენს, და ეს ორი თითქოს და არათავსებადი სივრცე გაერთაინდა, სამხედრო სამსახური იქცა მთელი საბჭოეთის ყველაზე თვალსაჩინო, ვიზუალურ და თუ გნებავთ ფილოსოფიურ – ფსიქოლოგიურ სახედ.

შეიქმნა სრულიად ახალი ურთიერთობები, ჩამოყალიბდა გასხვავებული კლასიფიკაციია, იერარქია, ფასეულობები, მიზნები და სამეტყველო-საურთიერთობო ენა.

ნიკიტას დროს ჯარი იქცა ზონად. ჯარ-ზონად და ზონ-ჯარად. ანუ ჯარი ჩამოყალიბდა როგორც ზონა, რომელიც მოქმედებს, ბობოქრობს, ხვანცალებს ჯარის შიგნით!..

თუმცა ცალკე ზონაც იყო. ის დარჩა “სუფთა” ზონად. ჯარზე მკაცრ, სასტიკ და ულმობელ, შემოფარგლულ სამყაროდ.

60-70-80 წლებში, ხრუშოვისეული საბჭოთა ჯარი იყო ფენომენი, რომელშიც ორჯერ უფრო მეტად ეტეოდა “სსრკას სული”, ვიდრე იგივე ზონაში…

– რაში მდგომარეობდა სსრკ-ს ნამდვილი სახე?

ფილოსოფიას და ეგეთ რამეებს ნუ მომთხოვთ. ასეთ დროს ეგრევე ვიღლები და ფარად ვიფარებ გენიალურ ფრაზას:

“ის რაც ითქმება უკვე აღარ არის ჭეშმარიტება, მაგრამ არის სიმართლე. სიმართლე კი იმდენია რამდენი ადამიანიცაა ამ ქვეყანაზე”…

საბჭოთა კავშირში სამას მილიონამდე ადამიანი ცხოვრობდა.

აქედან საქართველოში ხუთ მილიონზე მეტი ვიყავით… ტოტალიტარიზმში გაჭედილი, ჩვენი ხუთი მილიონი სიმართლით…

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15