…“კურკა” – ზურიას ეს ზედმეტსახელი განა იმიტომ შეარქვეს, რომ გრიგოლ ორბელიანსა ჰგავდა. არაფერიც. სიმაღლე კაი ჰქონდა. დაბალი არ იყო, მაგრამ ვერც წოპეს დაუძახებდი. გაწელილს უფრო ჰგავდა ვიდრე მაღალს. მოკლედ ნორმალური სიმაღლის, გამხდარი ბიჭი იყო. დიდხანს დადიოდა უბრალო ზურიად, მაგრამ ერთხელ, რამოდენიმე კვირით სადღაც წაიყვანეს, მგონი სასწავლო – სასროლ პოლიგონზე და “БТР” ( ქვეითების საბრძოლო მანქანა ) -იდან თუ ტანკიდან იმდენი უსვრია, რომ იქიდან დაბრუნებული, სულ გაჭვარტლულ-გამურულიყო. ყაზარმაში, რომ შევიდა, ჯერ ვერავინ ვიცანით, მაგრამ როგორც კი თავისი ხრინწიანი ხმით წაიმღერა:

– რას მიყურებ აგრე გაკვირვებითა,/ ნუთუ სახე არ გინახავს მუშისა?

მკერდი ღია, ოფლით გასვრილ, მტვრიანი,/ ფერით რკინა, კისერჩაჟანგებული… – მისი ბანი არავისში შეგვეშლებოდა. ჰოდა იმის მერე შევრქვით “კურკა” ზურია. გრიგოლ ორბელიანის – “კურკა” გენერლის საპატივცემულოდ.

“კურკა”-ს ერთი ცუდი თვისება ჰქონდა. ვერ იმახსოვრებდა ანეგდოტებს. თუ რამეს დაიმახსოვრებდა “სასაცილოდ” მაინც ვერ ყვებოდა… მაგრამ როგორც ყოველ ქართველს საბჭოთა ჯარში, მასაც ჰქონდა თავისი საფირმო “ფიშკა”, სამარკე ნიშანი, მისი მხიარული და განუმეორებელი ისტორია. ეს იყო ანეგდოტი იმაზე, თუ“როგორ დახვრიტეს ოცდაექვსი კომისარი!!!…

სინამდვილეში ვინ მოიფიქრა, ან ვისგან გაიგონა ეს ანეგდოტი ძნელი სათქმელია… ზურიას ისე ჰქონდა ეს აფსურდული ისტორია გათავისებული, რომ დარწმუნებული იყო, მან – მხოლოდ და მხოლოდ მან მოიგონა ის… მაგრამ როგორ, სადა და როდის ეს კი აღარ ახსოვდა.

პრინციპში ამას არც ჰქონდა მნიშვნელობა. ისტორია, ხომ იმისია ვინც მას კარგად ჰყვება? მნიშვნელობა არა აქვს ბისმარკს ეხება ის თუ ანკა “პულიმიოტჩიცას”… ისევე, როგორც მიწა, რომელიც იმისია ვინც მას ამუშავებს… და არა იმისი ვინც ის იყიდა.

რა იყო სასაცილო ამ ანეგდოტში?

ძნელი სათქმელია. ამაზე ხშირად ფიქრობდა ზურია, მასაც აინტერესებდა მისი ამბის ასეთი პოპულარობა, რაში მდგომარეობდა?

“ალბათ აფსურდულობაა მთავარი. ალოგიურობა. რა არის აქ აფსურდული? თუნდაც ის, რომ გავეშებული, კბილებამდე შეიარაღებული თეთრგვარდიელები ჯგროდ დადიან ოცდაექვსი კომისრის დისლოკაციის ადგილას და სკურპულოზურად, რიგის მიხედვით ეძებენ თითოეულ მათგანს…. რატომ ეძებენ? დასახვრეტად, მოსაკლავად. აბსურდულია ისიც, რომ კომისრები მშვიდად ხვდებიან სისხლისმსმელ მტრებს, ესაუბრებიან მათ და უშფოთველად აგრძელებენ თავის ყოველდღიურ საქმიანობას. ერთი კბილებს იხეხავს, მეორე დახეულ გალიფეს კემსავს. მესამე ჩაის იდუღებს, მეოთხე ხმალს ლესავს, მეხუთე ბუნებრივ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებს და ა.შ.

თეთრგარდიელების იდეა ფიქსია ის, რომ მტერი ანუ კომისრები თანმიმვდევრულად, რიგის მიხედვით უნდა დახვრიტონ. ჯერ ერთი, მერე მეორე და ა.შ.

პირველის პოვნას კარგა ხანს ვერ ახერხებენ… და ალბათ ვერც იპოვნიან…”

საქმე იმაში იყო, რომ ანეგდოტის ბოლო არც “კურკა” ზურიამ იცოდა, რადგან მაქსიმალური ხანგრძლივობა, რომელიც მან ბოლოს გაწელა იყო თეთრგვარდიელების მიერ მეოცე კომისრამდე მისვლა…

საერთოდ “ოცდაექვსი კომისრის დახვრეტი ამბავი” მეექვე, ან მეათე კომისარზე მთავრდებოდა, რადგან ამ დროს აუცილებლად გამოჩნდებოდა ვინმე ჯიგარი, თავისი მოკლე და მხიარული ანეგდოტით, მას მესამე აჰყვებოდა, მერე მეოთხე და სიტუაცია ქართული ჯიგრით იქოქებოდა. იყო ერთი ხვიხვინი-ხითხითი-ხარხარი და ხვიხვინიც…

ეს ყველაფერი კი სწორედ ზურიას “ოცდაექვსმა კომისარმა…” მოახერხა. მააშ!

ოცდაექვის კომისრის ისტორიის სიცოცხლისუნარიანობა და ხანგრძლივობა დამოკიდებული იყო მთხრობელის ფანტაზიასა და მახვილგონიერებაზე. რამდენადაც აფსურდული იქნებოდა სიტუაცია, იმდენად სასაცილო ხდებოდა ანეგდოტიც. საქმე კიდევ იმაში მდგომარეობდა, რომ მსმენელი ამ ისტორიაში ყურებით უნდა ჩამძვრალიყო და მთხრობელს ბოლომდე აჰყოლოდა.

შკაfi ზუსტად ასეთი იყო. მოკლედ ეს ანეგდოტი მათი მეგობრობის ფართო ხიდად იქცა, რომელიც ერთის გული-სული-გონებიდან მეორეს გული-სული-გონებამდე გადებულიყო და ამ ხიდის დამნგრევი არავინ, ვერავინ და არაფერი არსებობდა…

***

შკაfi-საც ჰქონდა თავის “ისტორია”.

ეს იყო უკვე სახლში გამწესებული, ვალმოხდილი ჯამბულია “მეთაფლეს”-გან აღებული ესტაფეტა, ანუ “ამბავი თაფლის არყის გამოხდისა, მისი საოცარი თვისებებისა, გემრიელობისა და სარგებლიანობისა”.

ისე მადიანად ჰყვებოდა, ისე ემოციურად იგონებდა, აზავებდა, ამატებდა ათას ტყუილ-მართალს, რომ სხვებიც კი ვისაც მისი ქართულისა არაფერი გაეგებოდათ ნერწყვს ყლაპავდნენ და წამდაუწუმ კითხულობდნენ:

– А чё он говорит так вкусно биджо, ааа?..

***

აღსანიშნავია, ის რომ შკაfi ალბინოსი იყო.

ეს თითქმის არავინ იცოდა მისი “პოლკელი ზემლიაკებისა” გარდა, რომლებიც ამ ათასკაციან სამხედრო ნაწილში მარგალიტებივით იყვენე მიმოფანტულნი. ის, ზურია, კიდევ თორმეტი ქართველი და ოცი სხვადასხვა ეროვნების ბიჭი, სერჟანტების კურსების – სპეციალიზირებული “უჩებკის” გავლის მერე მოხვდნენ ამ ნაწილში…

ეს ე.წ. სერჟანტების სკოლა ექვსთვიანი იყო.

ექვს თვე ნამსახურებ-ნასწავლ-ნავარჯიშებ ჯარისკაცს სერჟანტის “ზვანია”( წოდება ) ენიჭებიდა და ასევე გარკვეული არაოფიციალური და ოფიციალური პრივილეგიებით სარგებლობდა…

კურსდამთავრებულები ნაწილდებოდნენ საბჭოეთის უკიდეგანო სივრცეზე განლაგებულ სამხედრო ნაწილებში და “მეგობრულ” ავღანეთში… თუმცა იმ წელს მოძმე ავღანეთმა არ მოინდომა ახალი საზარბაზნე ხორცის მიღება და ამიტომ მთელი ნაკადი მშვიდობიან და უშფოთველ სესერეკაში მიმოაბნიეს.

“Кто прошёл через Учебк(н)ый Ад, тому не страшен Бухенвальд!”

ასეთი არაოფიციალური ლოზუნგი ამოსვირინგებული ჰქონდა ყველა ამ ავადასახსენებელი “უჩებკა” გამოვლილ სერჟანტს კეფაზე… უხილავი მელნით, უჩინარი ასოებით.მნიშვნელობა არ ჰქონდა, კაცი – ცხენის შებოლილი ხორცზე იყო გაზრდილი თურქმენეთის ხრიოკ მდელოებზე, თუ მთელი ცხოვრება მეგრულ საცივში დაცურავდა კოლხეთის დაბლობებში.

შეაბიჯებდა ადამიანი ამ კურსების ტერიტორიაზე, და თუ იწონიდა ას კილოგრამს, სამ თვეში ორმოცი დაგდებული ჰქონდა. თვალებში კი “უჩებკის ადისთვის (ჯოჯოხეთისათვის)” დამახასიათებელი ნაპერწკლები აუკიაფდებოდა. ჯერ ერთი, მერე ხუთი, მერე ალბათ ასი… დამშეული კაციჭამიასავით გაუბრწყინდებოდა თვალები…

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15