გოგონებს სთხოვეს, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ სოფლის კლუბის ერთი კედლის მოხატვა… ისინიც დასთანხმდნენ… მხოლოდ ანაზღაურების მაგივრად საღებავები და ფუნჯები მოითხოვეს, და გარდა ამისა რამოდენიმე ჯარისკაცის დახმარებაც.

სოფლის თავჯდომარე სიხარულით დაყაბულდა ამ პირობებს. მაშინვე გავარდა პოლკის უფროსობასთან და სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობას ერთ ჯარისკაცის გამოყოფაზე შეუთანხმდა.

აბა, ვინ იყო ეს ბედნიერი ჯარისკაცი თუ მიხვდებით? დიახ… ეგრეა ნამდვილად.

გოგონები კედლის მოხატვას ერთ დღეში დაამთავრებდნენ, მაგრამ ჩემი, თქვენი მონა-მორჩილის ხათრით მთელი კვირა გაწელეს ეს “მძიმე და საპასუხისმგებლო” სამუშაო ( ალბათ
ეს იყო კედლის მოხატვის ჩემთვის , როგორც გამოცდილისთვის დავალების საფუძველი )…

გამგზავრების წინ ვიქეიფეთ, ქართული ჭაჭით და ქართული ჯიგარით, გიტარაზე სიმღერები, ლექსები ქართულად და გულიანი სადღეგრძელოები და ა.შ.

გახარებულმა გოგონებმა ტელეფონები დამიტოვეს, “თუ რაიმე გაგიჭირდეს ან დაგჭირდეს, “გრუზინებო” თქვენს გვერდით ვართ იცოდეთო!”… და კიდევ “სახლში წასვლამდე თუ არ გამოგვიარე და არ გვესტუმრე, მაგრა გვეწყინებაო!”

ჰოდა მქონდა გეგმაცა და სტრატეგიაც…

დავურეკავდი. ვთხოვდი. შემოვაპარებდი. ერთ ღამეში დავახატინებდი. ქართულ გულიან მადლობას ვეტყოდი და გავაცილებდი…

ამიტომაც ტკბილად მეძინა… სიზმარში კი რას ხედავს ჯარისკაცი:

“Пусть приснится дом родной! Дама с пышной… Косой! Море водки! Пиво таз! И наш дембельский приказ!”…

მაგრამ ქართველს ჯარში ცოტა უფრო მეტი ეზმანება… ისიც იღიმის და სიამოვნებისგან კრუსუნებს კიდეც, მანამ სანამ ვიღაც შეანჯღრევს, ტკბილ ძილს გამოგლეჯს და მკაცრ რეალობას დაუბრუნებს.

– ე, ბიჯო გაიღვიძე! – ჩამესმა შკაfi-ს ხმა.

– რა იყო?

– ჩამომივიდა ათი ლიტრა?

– რა ათი ლიტრა? – ვერ მივხვდი რას მეუბნებოდა.

– ჩემი გუჯია “მეთაფლის” ახლობელი ჩამევიდა მანდარინების და აპელსინების გასაყიდად და ათი ლიტრა მისი გამოგზავნილი ჭაჭა ჩამომიტანა და ერთი ლიტრა ბუზის არაყი – თაფლის არაყიც ჩამოაყოლა!

– ბუზის არაყი!

– ჰოო! ბუზის ნაღდი არაყი!

– სიტყვა არ გატეხა, ნახე!

– აბა, აბა! – შკაfi-მ კმაყოფილად ჩაიხითხითა და თავი მოიფხანა, – თაფლის არაყი! ნაღდი თაფლის არაყი!

– ვაა, რა მაგარია! – აღვფრთოვანდი მეც და ეს ახალი ამბავი ეგრევე მივაბი მხატვარი გოგონების გამოძახების საბაბს – დარეკვა, დაპატიჟება, თხოვნა, თანხმობა, უცებ მოხატვა, კარგი მადლობა თაფლის არაყით და მისთანებით ანუ “პრიატნოე ს პალეზნიმ!” და თხუთმეტი დღით შვებულება ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი…

– დღეს უნდა მივაკითხო და არაყს გამომატანს, მარა… როგორ შემოვიტანო? შტოფით არ გამოვა?

– ბოთლებში ჩაასხი და ისე შემოიტანე?

– ოცი ბოთლი?!

– რაზე ოცი, ათი თორმეტი. ლიტრიანი.

– შეიძლება! – დაფიქრდა შკაfi, – შენ თუ მემეხმარები?

– რაზეა ლაპარაკი! – წამოვდექი და წასასვლელად გავემზადე.

– მაშინ საღამოზა დევილაპარაკოთ!

– საღამოს? ახლავე არ ჯობია?

– იმ კაცმა საღამოსო და ახლა სა ვეძებო?

– კარგი ბატონო! იყოს საღამოს! – დავთანხმდი.

– თაფლის არაყი, ხო მართლა მაგარია!!! – გაიბადრა შკაfi.

– მაგარზე მაგარია! – ბედნიერები დროებით დავემშვიდოებთ ერთმანეთს.

საღამოს შკაfi არ გამოჩნდა. არც ღამით გამოჩენილა. არც მეორე დღეს…

… ის, ასე არასოდეს იქცეოდა… ამდენ ხანს უჩვენოდ არასოდეს დაკარგულა… ყველა ქართველი დავიძაბეთ, კარგს არავინ ვფიქრობდით. რაკი არ ვიცოდით რა ხდებოდა, არც ის ვიცოდით რა უნდა გვექნა… მხოლოდ მესამე დღეს მოაღწია ჩვენამდე ინფორმაციამ!

მთვრალი შკაfi, ათი ლიტრი ჭაჭის შემოტანისას სამხედრო პატრულს დაუკავებია და ახლა კაპეზეში ზის!.. დაკავებისას მაგარი “ბათქი” აიწიაო და მთვრალი შკაfi-სგან ვიღაცეებს მაგრა მოხვდათო… ერთი ოფიცერი მძიმე ტრავმებით საავადმყოფოშია გადაყვანილიო..

ო ფ ი ც ე რ ი ?!

ეს ძალიან ცუდი ამბავი იყო… მალე ნაწილის ჰაუფტვახტაში გადმოიყვანენო.

ატყდა ქართველებში ჩოჩქოლი. ვინ რას ჩალიჩობდა, ვინ რას იგებდა ღმერთმა იცის. ათასნაირი დამაჯერებელი და არადამაჯერებელი ისტორია მოდიოდა ჩვენამდე. ბოლოს ყველას მოუწია ერთი რამეზე შეჯერება:

– სანამ ნაწილის ჰაუფტვახტაში არ გადმოიყვანენ, ვერაფრის გაკეთებას ვერ შევძლებთ!

ეს იყო და ეს.

მთელი ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანული ქართული “დიასპორა” მოლოდინის გაერთიანებულ რეჟიმზე გადავედით…

***

მე და არტავაზა კედელზე ნახატის გადასატანი ბადის ხაზვას მოვრჩით.

– Биджо, разве это не символично? – იკითხა სომეხმა და გაიღიმა.

– Что?

– Грузин и арменин на тюремной решотке хотять нарисовать советский союз и пожелать всем “МИру Мир!”?!

ეს კაცი მართალს ამბობდა, მაგრამ რა უნდა მეთქვა. “არ დაიდარდო”-დან შევუბრუნე:

– Канфету хочеш?

– Хочу! – ნერწყვი გადაყლაპა არტავაზამ.

– არტავაზ-ჯან, ნიეტუ! – ამოვიოხრე და უეცრად, ჩვენს დახატულ გისოსების შიგნით შკაfi მომელანდა.

ის ნაღვლიანი სახით იჯდა, ხელში ჭიქა ეჭირა და იღიმებოდა. რატომღაც ძალიან გავდა ჰემინგუეის. ერნესტ მილლეროვიჩს.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15