***

ამ დღეებში შემხვდა “კურკა” ზურია. არც კი შეცვლილა. მხოლოდ თმები გასთეთრებია. რუსთაველი გადაკეტილი იყო და ფეხით მოგვიწია ივერიიდან, რომელიც ახლა “რედისონია” ბარათაშვილის ხიდამდე გავლა. მოვიკითხეთ აქეთური და იქეთური.

შკაfi კანადაში წასულაო, იქაური მოქალაქეობა მიუღიაო და უკვე ათი წელია იქ “თაფლაობსო”.

ჯამბულია “მეთაფლე” კი თურქეთში ჩხუბში მოუკლავთ ადგილობრივებს… ეეჰ, გული დამწყდა.

– როდის მოკლეს?

– უკვე წლისთავი ჰქონდათ! ჩვენგან არავის დაუძახესო!

– ეეჰ!

– ეჰეჰე!

კოლმეურნეობაზე რომ სახინკლეა იქ შევედით. თაფლის არაყი მოვითხოვეთ. ათი ხინკალი გვეყოფათქო. ისე ჩავცალეთ ეს სიაფანდი არაყი, ორი ხინკალი ძლივს მოვძიძგნეთ. კიდე ერთი მოვითხოვეთ. ისიც ჩავცალეთ და ხინკალს კლებისა არაფერი ეტყობოდა. მესამე ბოთლზე გავიქაჩეთ. ისიც მოვაყომარეთ და სპირტით გულჩამწვარები ბარათაშვილის ხიდს მივადექით.

ლამაზია თბილისი ღამით. ნიავი გიქიქინებს გახურებულს და გაჰყურებ გინდ იქით მეტეხის სილუეტს და გინდ აქეთ წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის პროფილს. მტკვარი დუდღუნებს, თითქოს წყინს არაყით რომ არ გავუმასპინძლდით და ბებერ ტანზე ანარნარებს ლამპიონების ანარეკლებს.

– ბიჯო, ჩვენ არ დავანგრიეთ ეს სუსერუკუ?

მინდა რაღაც მახვილგონივრული ვუთხრა, მაგრამ მეზარება და მხოლოდ თავს ვუქნევ და ვღმუი:

– ღმღმღმ!

– მერე რაღა ჩვენ მოვყევით მის ნანგრევებში?

აბა, რა უნდა მეთქვა?! არყითგაბიჟვინებული, ძმებდაკარგული, ნახევარ საუკუნე გავლილი ბიძიები ვდგევართ შუაგულ თბილისში და ღამის ქალაქის ულამაზესი ხედებით გაბრუებულნი მივტირით იმას, რაც ღმერთმა იცის რატომ მოხდა?…

– კილიმანჯარო მარადთოვლიანი მთაა, 19710 ფუტის სიმაღლისა, და აფრიკაში ამ სიმაღლე მთა მეორე არ არისო, ამბობენ…

– …მის დასავლეთ მწვერვალს «ნგაი ნგაის,» ანუ ღვთის სახლს უწოდებენ. – გააგრძელა ზურიამ სხაპასხუპით, – ზედ მწვერვალთან ლეოპარდის გაყინული და გამოფიტული გვამი გდია. კაცმა არ იცის, რამ აიყვანა იმ სიმაღლეზე.

– კაცმა არ იცის?!

– კაცმა არ იცის…

ჯერ ზურიამ დაიწყო და მერე მეც ავყევი.

რა დაიწყოო და რა ავყევი?

ამას თუ ვერ მიხვდით, მაშინ ტყუილად მილაპარაკია ამდენი…

“ცხელი პური, ხაჭაპური, წიწილა…”

ჰოო. სწორედ ეგ დავიწყეთ! სწორედ ეეგ!

აბა, თაფლიარაყგამომტყვრალებს რა უნდა გვექნა?

თბილისის ათასჭირნახულ ხელისგულზე, ხომ არ ვიტირებდით?

“მარშ ბრასოკი” კარგა ხანია დაძლეული გვქონდა და აწი რაღა დაგვამარცხებდა?

არაფერი და ვერაფერი.

ჰოდა… კაცმა არ იცის აწი რა იქნება!

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15