– ილია? აკაკი? ექვთიმე? ნიკოლოზ ბარათაშვილი… – შეაშველა ზურიამ და სახლიდან ჩამოსულ თხილით სავსე ამანათში ხელი ჩაჰყო. არაფერი ამოუღია იქიდან.

იქ, ხელის ფათური სიამოვნებდა. თხილის პატარა გორგოლებს თითქოს სამშობლოს, მშობლების, ახლობლების სითბო შეენარჩუნებინა და აქ შუაგულ რუსეთამდე ჩამოეტანა. ზურია გრძნობდა ამას და ხელის გული სასიამოვნოდ უზუზუნებდა.

– დ უ რ მ ი შ ხ ა ნ ი! – ამოიოხრა შკაfi-მ და მუშტი მიწას დაჰკრა, – ჩემი დურმიშხანი!

– დურმიშხანი ვინ იყო?

– ბაბუაჩემის ძმაკაცი, ბიძა დედის მხრიდან… “ბაბუა დუ” ასე ვეძახდი ბავშვობისას, წარმოგიდგენია შენ? პირდაპირი ნათესავიც არ იყო. იმიტომ, რომ ბებიაჩემის ბიძაშვილის ქვრივი იყო. უშვილო… ილიასავით, ექვთიმესავით, ბარათაშვილივით და გურამიშვილივით… იცი, რა მაგარი კაცი იყო! ისეთი მაგარი კაცი იყო, მასზე რამის სათქმელად სიტყვებსაც ვერ ვხმარობ… ასე მგონია შეურაცყოფას ვაყენებ, როცა მინდა მასზე რამის მოყოლა! კაცს რომ დურმიშხანი გქვია, ეს უკვე დიდ რამეს ნიშნავს!

– ალბათ! პრინციპში მართალი ხარ! ბიძაჩემს მაგალითად ლენტრო ერქვა!.. მის მეზობელს… იობი.

– როცა კაცი ხარ… მაგარი კაცი და… შვილები არ გყავს! დურმიშხანს რატომ არ უნდა ყოლოდა შვილები?! ბაბუა დუსგან რატომ არ უნდა მყოლოდა ბიძიები-დეიდები ან მამიდები? – ლამის ტირილით დაიჩივლა შკაfi-მა, ხველება აუტყდა – რატომ? იცი რაები აქვს გაკეთებული? ძაან მაგარი კაცი იყო…

ზურია ელოდა, როდის გაიგონებდა სახელოვანი დურმიშხანის ისტორიას, მაგრამ შკაfi დუმდა, ანუ უსიტყვოდ ახველებდა და მგონი არც აპირებდა რაიმეს თქმას.

– ჩემო კარადა! მოდი, ჩვენ სახელოვანი წინაპრების ხსოვნა იყოს! სამარადისოდ! – დაარღვია “სიჩუმე” ზურიამ და პლასტმასის ჭიქა ასწია, მიჭახუნების გარეშე გადაკრეს თბილი ჭაჭა და წარსულის მოგონებებში, ღრმა ნაფაზითა და მილულული თვალებით გადაეშვენენ.

სასმელმა თავისი ქნა და მოშიებულ, სამშობლოდანატრებულ ჯარისკაცებს ისედაც აქოჩრილი ტვინი და მასში დაკონსერვებული ფიქრები სხვადასხვა მიმართულებით მიმოუფანტა.

სარემონტოდ გამზადებული კლუბის შენობაში ისხდნენ. დარაჯის ჯიხურში. ასიოდე მეტრში, სამხედრო “პლაციდან”, “მარშიროვკის” ხმები ისმოდა. რომელიღაცა “როტა” საჩვენებელ-საზეიმო სვლისთვის ემზადებოდა. ჯარისკაცები მღეროდნენ “დენ პობედის” და მწყობრში ადგაფუნებდნენ ჩექმებს. რაღაც არ გამოსდიოდათ, ამიტომ სიმღერა ხშირად წყდებოდა და ოფიცრის ფალცეტი მკაფიოდ გადმოსცემდა რუსული გინების ფართე და მრავაფეროვან დიაპაზონს.

– კარადა აღარ დამიძახო ზური, გეხვერწები ნუ გამალახვინებ თავს! – ხმადაბლა, ლამის ჩურჩულით თქვა შკაfi-მა და ბალახის ღერო კბილებს შორის გაიჩრა.

– აბა რა დაგიძახო?

– შკაfი!

– შ კ ა პ ი?

თავი უკმაყოფილოდ გააქნია და დამარცვლა:

– შკა-fi! F და არა პ!

– კარადას რას უწუნებ?

– ჯერ ერთი გრძელია და მეორეც ქალის სახელს გავს! მაყვალა – ლამარა – ბარბარა – კარადა! მესამეს კი შკაfi უფრო თანამედროვეა ვიდრე კარადა!

– ქართულია და…

– მერე რაა? ქართლად მე კაი სახელი მქვია! აქ კი სხვა ამბავია! სადაც ხარ იქოური ქუდი უნდა დეიხურო! შკაfი და არა კარადა!

– კაი ბატონო იყოს შკაfi!.. შკა-fi!

– იცოდე, კარადას კიდევ ერთხელაც დამიძახებ და… ხელი რომ გამიხმეს, მაინც დაგარტყავ! შენც შერცხვები, მეც და პოლკში ყველა ქართველს მეგვეჭრება თავი!

– შკაფი!.. შკა-fi!

ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და თითო კიდევ გადაჰკრეს, ბოთლს თავი დაახურეს და დარჩენილი სასმელი საჩუქრად წაუღეს პრაპორშიკს, “დიადია” გრიშას – სამოცს მიტანებულ, კეთილ და მამასავით კაცურ კაცს, რომელიც მათი ასეულის (“ როტის ”) მომარაგებას განაგებდა…

…“შკაfi” დათვივით მიტოტრტმანობდა. ზურია კი მოკლე-მოკლე ნაბიჯებით დაცუქცუქობდა მის ირგვლივ და გრძელ, ძალიან გრძელ ანეგდოტს უყვებოდა იმაზე, თუ როგორ დახვრიტეს ოცდაექვსი კომისარი.

– შენ კომისარი ხარო? ბარო, ვარო! მერამდენე კომისარი ხარო? მეთოთხმეტეო? პირველი სადაა? ეგერაა წყაროზე ჩასული, ხელ-პირს იბანსო!

– ხელ-პირს იბანსო! ჰაჰაჰა! – ხარხარებდა შკაfi.

– თეთრგვარდიელები მივიდნენ წყაროსთან. ხედავენ ტარაკანასავით შავი კომისარი კბილებს იხეხამს! შენა ვინა ხარო? კომისარი ვარო, ცავატანემო! რა ნომერი ხარო? მეცამეტეო! ხომ არ გვატყუილებო? ინფორმაციას ვფლობთ, რომ პირველი ხარო! ეგეთი ტყუილი ვინ გითხრათ ახპერჯანო?! აღშფოთდა კამისარი… ეგერ იმანო? დედის სულს გეფიცებით სიაფანდობას აქვს ადგილიო, მე არ ვარ პირველიო! აბა, პირველი სადააო! ცავატანემ, ეგ ჩათლახი მაპოვნინა და მე ვიცი და ჩემმა კამისრობამაო…

– ჰაჰაჰა!…

***

ზურია მცხეთელი იყო. განათლებული და ინტელიგენტური ოჯახიდან.

დედ-მამა სკოლაში მუშოდნენ და ერთადერთ შვილის არაფერს აკლებდნენ. პატარა ზურიას სანამ ბავშვი იყო, ეს ძალიან მოსწონდა, მაგრამ მერე როცა წამოიზარდა მშობლების გადამეტებული ყურადღებისა უკვე რცხვენოდა.

“დედ-მამა კარგია სახლში! კარგია დასასვენებლად! კარგია ქუჩაში!.. მაგრამ როცა სკოლაშიც არიან და გაკვეთილებზეც?! სირცხვილია და ძაან ძნელი ასატანია! მეტი თავისუფლება მინდა!”

ითხოვა, სხვა სკოლაში გადამიყვანეთო, მაგრამ ყური არავინ ათხოვა?!

გაბრაზდა, მაგრამ არ გაბოროტებულა. თუმცა ოჯახს და მშობლებს ზედმეტი ყურადღების სანაცვლოდ ინსტიტუტის გამოცდების ვერ და არ ჩაბარებით უპასუხა… და ყველაფერი ჯარში წასვლის გადაულახავი სურვილით დააგვირგვინა.

მშობლები მიხვდნენ ყველაფერს და არ შეწინააღმდეგენ ბიჭის ახირებას.

უხმოდ, სევდიანი სახეებით გააცილეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში.

ვაგზლის პლატფორმაზე, ზურიას სულ ეტირებოდა, მაგრამ ერთი კურცხალიც კი არ გადმოუგდია. იცოდა დედ-მამას მისი ცრემლები რომ დაენახათ, ადგილზე მოკვდებოდნენ… ჰოდა ის მატარებლის დაძვრამდე ანეგდოტს უყვებოდა… რომელს არღარ ახსოვს. უყვებოდა და უყვებოდა… უყვებოდა და უყვებოდა… ისინიც უსმენდნენ და რაღაცნაირად, გალახული ბავშვებივით იღიმებოდნენ. ერთნაირად, სინქრონში. ეს ღიმილი, ჯარში ძილის წინ სულ ახსენდებოდა და სირცხვილის მაგივრად სიყვარულითა და მონატრებით ევსებოდა დედისერთა გული…

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15