ტყის ახალი კოდექსი

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს ტყის ახალი კოდექსი გადაუგზავნა. მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი კანონმდებლებმა საგაზაფხულო სესიის განმავლობაში უნდა განიხილონ. დოკუმენტის მიზანია, შექმნას ტყის მდგრადი მართვის სამართლებრივი საფუძვლები, რამაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს ტყის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა, მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების განსახორციელებლად, ტყის თვისებებისა და რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნება და გაუმჯობესება.

ტყის ახალი კოდექსით სრულად უქმდება ხე-ტყის დამზადების გრძელვადიანი ლიცენზიები, აგრეთვე ის აუქმებს „სოციალური ჭრის“ პრაქტიკას, მათ ნაცვლად კი შემოდის მდგრადი სატყეო მეურნეობის მართვის მოდელი, სადაც ხე-ტყის დამზადება მოხდება ტყის მართვის ორგანოს მიერ, რამაც ტყეების ეკოლოგიური ფუნქციის შენარჩუნების პარალელურად უნდა უზრუნველყოს, სოციალური მოთხოვნების დაკმაყოფილება. ტყის ახალი კოდექსით სავალდებულო ხდება პროფესიონალი კადრების დასაქმება სატყეო სექტორში.