საკადრო ცვლილებები და გადაადგილებები მთავრობაში – შვიდთვიანი ხელმძღვანელობის შემდეგ მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას ტოვებს.
გადაწყვეტილების გამოცხადებამდე საათებით ადრე მას კიდევ ერთი წოდება – ამჯერად სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიანიჭეს. იქმნება სახელმწიფო მინისტრის პოსტი სამართალდამცავ ორგანოებთან კოორდინაციის მიმართულებით, რომელსაც მდინარაძე დაიკავებს. ის მინისტრთა კაბინეტში ვიცე-პრემიერის სტატუსსაც მიიღებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად შინაგან საქმეთა უკვე ყოფილი მინისტრი, გეკა გელაძეა წარდგენილი, რომელიც ახლა თანამდებობაზე პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. დღეიდან ვაკანტურია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა – ამ პოსტზე დანიშვნიდან ერთი წლის შემდეგ სულხან თამაზაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროს აბარებენ, სადაც წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელობამდე კი თამაზაშვილს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიცია ეკავა.
პრემიერად ირაკლი კობახიძის დამტკიცების შემდეგ ეს მთავრობაში მეორე მასშტაბური საკადრო ცვლილებებია.