საკადრო ცვლილებები „რუსთავი 2“-ში. არხის ახალმა მენეჯმენტმა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე სამსახურიდან გაათავისუფლა. ანალოგიური გადაწყვეტილების მიღება იგეგმება გიორგი გაბუნიას, ეკა კვესიტაძის, ნანუკა ჟორჟოლიანისა და გიორგი ლაფერაშვილის მიმართაც.
ხელმძღვანელობა ამ ნაბიჯს ინტერესთა კონფლიქტით ხსნის და მათი მონაწილეობით, გარკვეულ ფინანსურ მაქინაციებზე მიუთითებს. პაატა სალია არ გამორიცხავს, რომ გათავისუფლებული თანამშრომლების მიმართ სამართლებრივი დავაც დაიწყოს. ამ კონტექსტში დღესაც ახსენეს „რუსთავი 2“-ის სარეკლამო კონტრაქტორი კომპანიის, „ინტერმედიის“ სახელი და მასთან გაფორმებული ხელშეკრულებები. აქცენტი ამჯერადაც არხისთვის მიყენებულ სოლიდურ ფინანსურ ზარალზე გაკეთდა.
თავის მხრივ, სასამართლოში შესატანად სარჩელს ამზადებს ნოდარ მელაძეც, რომელიც ხელისუფლებას მასთან გარიგების მცდელობაში, მენეჯმენტს კი სამუშაო კონტრაქტის პირობების დარღვევაში ადანაშაულებს. ჯერ უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ არხზე მომუშავე ადამიანები, რომლებსაც გენერალურმა დირექტორმა ტელევიზიის ფინანსურად გამართვისა და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნების პირობა მისცა.