საკადრო ცვლილებები მთავრობასა და მმართველ გუნდში  

როგორ დააკომპლექტებს ახალი პრემიერი სამთავრობო გუნდს. რომელ უწყებებს შეეხება ცვლილება და ვინ შეიძლება გადაინაცვლოს საკანონმდებლო ორგანოდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა ხუთ სამინისტროს შეეხოს ცვლილება, თუმცა, მმართველი გუნდი ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, ვის ვიხილავთ მინისტრთა კაბინეტში.

კანონმდებლების ინფორმაცით, ირაკლი კობახიძის პრეროგატივაა, დაასახელოს ახალი სამთავრობო გუნდი. ოპოზიცია არც ახალი შემადგენლობის მხარდაჭერას აპირებს. მათ განცხადებით, ცვლილებები ფასადურია და პოზიტიური სიახლეების მოლოდინი არ აქვს. სახელისუფლებო გუნდში კი მიაჩნიათ, რომ გადაწყვეტილება სასიკეთო იქნება ქვეყნისთვის. „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში ხმების საჭირო რაოდენობა აქვს, რომ ახალ მთავრობას ნდობა გამოუცხადოს.