ნიკა გვარამიას განაჩენი

თითქმის სამი წლის შემდეგ რეზონანსული საქმის სასამართლო განხილვა დასრულებულია.

ნიკა გვარამიას ბორკილები სასამართლოს დარბაზშივე დაადეს და რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ სცნო. საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 7 მილიონამდე ლარის ზიანის მიყენების საქმეზე, რომლის ფიგურანტები გვარამიასთან ერთად „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი, კახაბერ დამენია და სარეკლამო კომპანია „ინტერმედია პლიუსის“ ხელმძღვანელი, ზურაბ იაშვილი არიან. დავის საგანი იყო ის სარეკლამო ხელშეკრულებები, რომლებიც გვარამიას ხელმძღვანელობის დროს, 2015 წელს გაფორმდა. ამ საქმეზე გვარამიას სხვა ბრალდებებიც ჰქონდა წაყენებული, თუმცა მათ ნაწილში გამართლდა. სასამართლო პროცესმა გვარამიას მხარდამჭერი აქციის ფონზე ჩაიარა. სასამართლოს პირველ ინსტანციაში მიმდინარე პროცესის ფინალმა პოლიტიკური პოლარიზაცია კიდევ უფრო გაზარდა.

გადაწყვეტილების მიღმა პოლიტიკურ ანგარიშსწორებას და ევროპული კურსიდან გადახვევის ნიშნებს ხედავს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, კითხვები აქვს ამერიკის ელჩს.