მსოფლიოს ამბები - ნატო-საქართველოს სწავლება მიმართულია კრიზისების პრევენციისკენ და ეს საქართველოს ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს [ინტერვიუ]

საქართველო „ნატო-საქართველოს სწავლება 2019-ს“ მასპინძლობს. მრავალეროვნულ სწავლებაში 24 ქვეყნის სამხედრო მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ ბრიგადის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებას პირველად ხელმძღვანელობს საქართველოს თავდაცვის ძალები. რა მიზნებს ისახავს სწავლება და რა ტიპის კრიზისებზე რეაგირებას ეუფლებიან ნატო-ს და ქართველი ჯარისკაცები, ამ თემაზე ნატო-ს სახმელეთო ჯარების სარდლობის მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ ჯონ ტომპსონს ვესაუბრეთ.
თუ შეიძლება უფრო მეტი მოგვიყევით ნატო-საქართველოს სწავლებაზე და მის მნიშვნელობაზე, საქართველოსთვის და ნატო-სთვის…
ეს არის „ნატო-საქართველოს“ რიგით მეორე სწავლება. პირველი 2017 წელს ჩავატარეთ. ამ ხნის განმავლობაში დიდ პროგრესს მივაღწიეთ. პროგრესი გვაქვს როგორც პარტნიორობის განმტკიცებაში, ისე სამხედროების ურთიერთთავსებადობაში. ქართველი ჯარისკაცები სულ უფრო მეტად უახლოვდებიან ნატო-ს სტანდარტებს. ამ სწავლების დროს ფოკუსირებული ვიქნებით კრიზისებისას საპასუხო ოპერაციებზე. ეს გახლავთ კომპიუტერიზებული სწავლება, ვფიქრობ, ძალიან კარგი წვრთნა გამოვა, განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, ევროატლანტიკურ რეგიონში საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა.

ვიცით, რომ ნატო-საქართველოს სწავლების ერთ-ერთი ამოცანა იმ კრიზისებზე საპახუსო რეაგირების გამოცდაა, რომლებსაც ნატოს წესდების მეხუთე მუხლი არ ეხება. კონკრეტულად, რა ტიპის კრიზისებზეა საუბარი?

მსოფლიო, რომელშიც ვცხოვრობთ, დინამიკური, არაპროგნოზირებადია და სახიფათო. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კრიზისებზე, რომლებსაც ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი არ ეხება, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ ნატო-ს წევრ ქვეყნებში შეჭრას, მაგრამ ჩვენ სხვა არეალშიც უნდა შეგვეძლოს ოპერაციების ჩატარება. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო ნატოსთან ერთად, ერთ-ერთ ასეთ მისიაში უკვე მონაწილეობს, ვგულისხმობ, ავღანეთს. პირადად ვიმსახურე ქართველ სამხედროებთან ერთად და მათ დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე. კრიზისებზე საპასუხო ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობა ასეთ არაპროგნოზირებად მსოფლიოში, ნიშნავს, რომ უნდა შეგვეძლოს სწრაფად გადაადგილება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რომ სიტუაცია არაკონტროლირებადი არ გახდეს. სწორედ ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ნატო-საქართველოს სწავლება, რადგან მისი მიზანი ომის პრევენციაა.

ვიცით, რომ თქვენ მსახურობდით ავღანეთში. როგორ შეაფასებდით ქართველი სამხედროების მომზადების დონეს?

პირველად ქართველ სამხედროებთან ურთიერთობა 2014 წელს მომიწია. ეს ყანდაღარში მოხდა. ამ დროს ერთად არ გავიმუშავია, რადგან ჩვენ მალევე დავასრულეთ სამსახური და დავტოვეთ ტერიტორია, მაგრამ ორი წლის წინ, 2016 წლის აგვისტოდან 2017 წლამდე, მე გახლდით ავღანეთში ნატო-ს ერთ-ერთი მთავარი სამხედრო ობიექტის, ბაგრამის ავიაბაზის მეთაური. ამ დროს პატივი მქონდა, მემსახურა საქართველოს 32-ე და 23-ე ბატალიონებთან ერთად, ისინი იცავდნენ ავიაბაზას და ფანტასტიკური სამუშაო შეასრულეს. ქართველ ჯარისკაცებთან ერთად კვირაში ერთხელ ვპატრულირებდი, ამიტომ შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ქართველი ჯარისკაცები არიან პროფესიონალები და კარგად გაწვრთნილები. ისინი წარმატებით უზრუნველყოფდნენ ბაგრამის ავიაბაზის უსაფრთხოებას. ჩემს ოფისში ქართველებისგან სამახსოვრო საჩუქარსაც ვინახავ. ის ჩემმა მეგობარმა ვიცე-პოლკოვნიკმა რომან სანიკიძემ გადმომცა. იმედი მაქვს, მომავალ კვირას საქართველოში ვიზიტისას მას აუცილებლად ვნახავ. ეს საჩუქარი ბევრს ნიშნავს ჩემთვის, მაგრამ დავუბრუნდეთ კითხვას… როდესაც ვსაუბრობთ სამხედროების თავსებადობაზე, ქართული ბატალიონი მუშაობდა ჩეხ ჯარისკაცებთან, ასევე ამერიკელ და რუმინელ სამხედროებთან. ჩვენ ერთად ვატარებდით სამხედრო- სამოქალაქო ოპერაციებს, ვეხმარებოდით ავღანელებს და ვასწავლიდით მათ ტერორისტებისგან დაცვას. ქართველები საუკეთესოები იყვნენ.

როდესაც საქართველოში იმართება ნატო-ს სწავლება ან წვრთნები, რუსეთისგან ყოველთვის ისმის აგრესიული განცხადებები. თქვენი აზრით, რა უნდა იყოს საქართველოს პასუხი?

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ნატო თავდაცვითი ალიანსია. ჩვენ ვიცავთ საერთო ღირებულებებს, თავისუფლებას და ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტს. ჩვენ არ ვსაუბრობთ თავდასხმაზე ან სხვა ქმედებაზე, რომელიც რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული. საქართველოში მიმდინარე სწავლების მიზანი კრიზისებზე საპასუხო რეაგირების დახვეწაა. ის თავდაცვითი ხასიათისაა. მსოფლიოში კრიზისები ყველგან არის – ახლო აღმოსავლეთიდან აზიამდე და, რა თქმა უნდა, საქართველოს სიახლოვესაც. ეს სწავლება მიმართულია კრიზისების პრევენციისკენ და ეს საქართველოს ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს. ეს მათთვისაც სარგებელს მოიტანს.

და ბოლოს, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე გკითხავთ. თქვენი აზრით, რა არის მთავარი დაბრკოლება?

ნატო-ში გაწევრიანება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მოითხოვს. მე სამხედრო ვარ და ჩემს ამოცანას ვასრულებ. საქართველო 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს. ეს აღინიშნა ბრიუსელის სამიტზეც. ნატო-ს გენერალური მდივანი, რომელიც საქართველოს ეწვია, ასევე საუბრობს ამ პროგრესზე. გენერალური მდივანი ამბობს, რომ საქართველო უახლოვდება ალიანსს და ის მიესალმება საქართველოს მიერ თავდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებს. ასე რომ, საქართველო მნიშვნელოვანი და დაფასებული პარტნიორია. ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ, თუმცა ნატო-ში გაწევრიანება მაინც პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ჩემზე დაკისრებულ მოვალეობას შევასრულებ და „ნატო-საქართველოს სწავლება“ ერთ-ერთია მათ შორის. ჩვენ უკვე ვმუშაობთ 2021 წლის სწავლებაზეც, სამხედროების პარტნიორობა აუცილებლად გაგრძელდება.
საქართველო ნატო-ს დაფასებული პარტნიორია, თუმცა ნატო-ში გაწევრიანება მაინც პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

მსოფლიოს ამბები